Thumbnail

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ყველაზე პოპულარული მიმდინარეობის, თრეფის პიონერი ჯგუფის, Three 6 Mafia-ს წევრების, Juicy J-ისა და DJ Paul-ის განცხადებით, კოლექტივი გაერთიანებასა და რამდენიმე კონცერტის ჩატარებას აპირებს. ჩრდილომემფისელი არტისტების მომავალი ლაივი მისისიპის შტატის ქალაქ საუთჰევენში 12 ოქტომბერს გაიმართება. 

"მიმდინარე წელი ჩემთვის და ჯუისისთვის საკმაოდ პროდუქტიულია. თაყვანისმცემლები გამუდმებით ჩვენ გაერთიანებას მოითხოვდნენ და ჩვენ მათ გავახარებთ. უკვე კარგად ნაცნობ კომპოზიციებთან ერთად, მსმენელებს ახალ ჩანაწერესებსაც შევთავაზებთ. ამისთვის თქვენ უბრალოდ ცოტა ხნით მოცდა მოგიწევთ", - აღნიშნა დიჯეი პოლმა.

ჯუისი ჯეისა და დიჯეი პოლის გარდა პერფორმანსში მონაწილეობას ჯგუფის კიდევ ერთი წევრი Gangsta Boo მიიღებს. მაყურებელთა წინაშე ასევე ლეგენდარული ნიუ იორკელი რეპერი DMX და ცნობილი კლივლენდური ჯგუფი Bone Thugs-N-Harmony წარდგებიან.

ჯგუფი Three 6 Mafia 1991 წელს ჩრდილოეთ მემფისში ჩამოყალიბდა. კოლექტივის შემოქმედება თრეფის, ქრანქისა და სამხრეთული ჰიპ ჰოპ ჟღერადობის სინთეზია. მუსიკოსების კარიერის საწყის ეტაპზე მათ მიერ ახლებურად გაჟღერებული რეპი პოპულარობით ვერ სარგებლობდა, თუმცა, ეს დროებითი მოვლენა იყო.

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ჯუისი ჯეი წერს კომპოზიციას Slob On My Knob, რომელმაც დღის შუქი მხოლოდ 1999 წელს გავრცელებულ ალბომში CrazyNDaLazDayz იხილა. 2017-2018 წლებში ამ ჩანაწერის მელოდია და რიტმი საკუთარ ნამუშევრებში არაერთმა ცნობილმა  რეპერმა გამოიყენა. შედეგად, დაახლოებით 25 წლის წინ შექმნილი ტრეკი Apple Music-ის ჩარტის სათავეში მოექცა.

ჯგუფის კიდევ ერთი წამატება ტრეკს It's Hard Out Here For A უკავშირდება, რომელიც ფილმისთვის Hustle & Flow დაიწერა. 2006 წელს ჩანაწერმა წლის საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკის ნომინაციაში ოსკარი მოიპოვა.

ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფი 2012 წელს დაიშალა. გაერთიანების წევრებმა სოლო კარიერა დაიწყეს. 2013 წელს კოლექტივის წევრი, დიჯეი პოლის ძმა Lord Infamous გულის შეტევით გარდაიცვალა. ორი წლის შემდეგ კი 40 წლის ასაკში ინსულტისგან ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი Koopsta Knicca დაიღუპა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული