Thumbnail

ჰიერონიმუს ბოსხის ნახატზე 600 წლის წინ გამოსახული ნოტები გაშიფრეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ოკლაჰომას ქრისტიანული უნივერსიტეტის მუსიკისა და ინფორმაციული სისტემების ფაკულტეტების სტუდენტმა, ამელია ჰამრიკმა XV-XVI საუკუნის ნიდერლანდელი ფერმწერის, ჰიერონიმუს ბოსხის ცნობილი ტრიპტიქის, "ტკბობის ბაღის" შესწავლისას, ნახატის მარჯვენა პანელზე გამოსახული ერთ-ერთი პერსონაჟის უკანალზე მუსიკალური ნოტები შენიშნა. 

ჰიერონიმუს ბოსხის ტრიპტიქი "ტკბობის ბაღი", მარჯვენა პანელის ფრაგმენტი. 1490-1510 წწ.

გამოცემა The Oklahoman-ის ინფორმაციით, ამელიამ ნოტები გადმოწერა, გაშიფრა და მიღებული მელოდია ფორტეპიანოზე დაუკრა. დაახლოებით 600 წლის წინ შექმნილი ნაწარმოები ასე ჟღერს: 

ამელია ჰამრიკის მიერ აღმოჩენილი უძველესი მელოდია ხელმისაწვდომია აგრეთვე გუნდის შესრულებით. არანჟირების ავტორი კომპოზიტორი უილიამ ესენზოა. 

რელიგიური თემატიკის სიურრეალისტური ტრიპტიქი, რომელიც "ტკბობის ბაღის" სახელწოდებითაა ცნობილი, ჰიერონიმუს ბოსხმა 1490-1510 წლებში შექმნა. ხის პანელზე ზეთის საღებავებით შესრულებული ნამუშევარი 1939 წლიდან მადრიდში, პრადოს მუზეუმში ინახება.

ნახატის მარცხენა პანელზე გამოსახულია ღმერთი, რომელიც სამოთხეში მყოფ ადამს ევას წარუდგენს, ცენტრალურ ნაწილზე ტკბობის ბაღს ვხედავთ, უცნაური ფიგურებითა და პერსონაჟებით, მარჯვნივ კი ჯოჯოხეთს, საწამებელ იარაღებსა და ფერმწერის ფანტაზიით შექმნილ ურჩხულებს. 

ჰიერონიმუს ბოსხის ტრიპტიქი "ტკბობის ბაღი". 1490-1510 წწ.

1450 წელს ნიდერლანდების ქალაქ ჰერტოგენბოსში დაბადებული ჰიერონიმუს ვან აკენი, იგივე ჰიერონიმუს ბოსხი, ჩრდილოეთის აღორძინების ეპოქის უდიდესი მხატვარია. დღეისთვის მისი შემოქმედებიდან ოცდახუთამდე ქმნილებაა შემორჩენილი. მათ შორისაა ტრიპტიქები "ტკბობის ბაღი", "მოგვთა თაყვანისცემა", "წმინდა ანტონის ცდუნება" და "უკანასკნელი სამსჯავრო". სიურრეალისტური და მისტიკური ნამუშევრებით ცნობილი ფერმწერი ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლოებით მოცულ არტისტად ითვლება. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული