Thumbnail

5 ჯგუფი, რომელმაც ფონოგრამით გამოსვლა გააპროტესტა

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

ფონოგრამა რომ არა, ზოგიერთი არტისტის შესახებ, ალბათ, არაფერი გვეცოდინებოდა. მაგალითისთვის შეგვიძლია, პოპულარული გერმანული ჯგუფები Boney M და Milli Vanilli გავიხსენოთ. ორივე ამ ბენდის კარიერა სრულ სიყალბეს ეფუძნებოდა. მათი "ვოკალისტები" ხომ კონცერტებისა თუ სატელევიზიო პერფორმანსების დროს პროდიუსერ ფრენკ ფარიანის მიერ ჩაწერილ ხმაზე აღებდნენ პირს. 

თუმცა, არსებობენ მუსიკოსები, რომლებისთვისაც ფონოგრამით სიმღერა იმდენად შეურაცხმყოფელია, რომ ისინი მზად არიან, საკუთარი გამოსვლაც კი ჩაშალონ ან ყველა ღონე იხმარონ იმისთვის, რათა მსმენელები მიხვდნენ, რომ ჩანაწერისთვის ხმის აყოლება არტისტების არჩევანი არ ყოფილა. ჩვენს სტატიაში სწორედ ხუთ ასეთ გამორჩეულ შემთხვევას გაგაცნობთ.

5. Iron Maiden 

1986 წლის აგვისტოში ლეგენდარულმა ჰევი მეტალ ჯგუფმა Iron Maiden გერმანულ შოუში P.I.T. სიმღერა Wasted Years წარადგინა. ამ ამბავში არაფერი იქნებოდა განსაკუთრებული, უწყვეტი მუსიკის ფონზე არტისტებს მოულოდნელად ერთმანეთისთვის ინსტრუმენტების გადაწოდება რომ არ დაეწყოთ.

4. Nirvana 

1991 წელს BBC-ის გადაცემამ Top of the Pops დეივ გროლსა და კრის ნოვოსელიჩს საკუთარი პარტიების ცოცხლად შესრულების საშუალება არ მისცა. პასუხად ბიჭებმა დაკვრის იმიტიციით ოდნავადაც არ შეიწუხეს თავი, კურტ კობეინმა კი პროტესტის ნიშნად Smell Like Teen Spirit მორისის ხმით იმღერა.  

3. Radiohead

1996 წელს ფრანგულ სატელევიზიო შოუში Hit Machine კომპოზიციის Just წარდგენისას Radiohead-ის წევრებმა არაფერი დაიშურეს იმისთვის, რათა თითოეული მაყურებლისთვის ნათელი ყოფილიყო, რომ სიმღერა ფონოგრამაზე სრულდებოდა. ჯონი გრინვუდი გამოერთებულ გიტარაზე მარცხენა ხელით "უკრავდა", ტომ იორკი კი სახის საოცარი გამომეტყველებით "მღეროდა". 

2. Muse

2006 წელს ერთ-ერთ იტალიურ არხზე კომპოზიციის Uprising "დაკვრისას" Muse-ის წევრებმა ერთმანეთს ადგილები გაუცვალეს. ჯგუფის ვოკალისტად დრამერი დომინიკ ჰოვარდი წარდგა, ამ უკანასკნელის ადგილი კი კოლექტივის ფრონტმენმა, მეთიუ ბელამიმ დაიკავა. 

1. Oasis

11 წლით ადრე, 1995-ში, ანალოგიური ტრიუკი ლეგენდარული მანჩესტერული ჯგუფის, Oasis-ის წევრებმა ჩაატარეს. გადაცემაში Top Of The Pops კომპოზიციის Roll With It "შესრულებისას" ერთმანეთს ადგილები ნოელ და ლიამ გალაჰერებმა გაუცვალეს.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული