Thumbnail

როგორც წესი, ლეგენდარული არტისტების მიერ სიკვდილის წინ ჩაწერილი უკანასკნელი ალბომები მათი თაყვანისმცემლების მხრიდან განსაკუთებული ინტერესით სარგებლობს. მუსიკოსების გედის სიმღერად ქცეული ნამუშევრები საკულტო სტატუსის მოპოვებას იოლად ახერხებენ და ზოგჯერ შეთქმულების თეორიებსაც კი უდებენ საფუძველს. ჩვენს სიაში სწორედ ასეთ თხუთმეტ ნამუშევარს წარმოგიდგენთ.

15. David Bowie - Blackstar (2016)

ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა არტისტმა შეუძლებელი შეძლო და საკუთარი სიკვდილიც კი მომაჯადოებელ აუდიოვიზუალურ სპექტაკლად აქცია. ღვიძლის კიბოს მძიმე ფორმით დაავადებული მუსიკოსი 69 წლის ასაკში, ოცდამეხუთე სტუდიური ალბომის გამოსვლიდან ორ დღეში გარდაიცვალა. ეს ჩანაწერი დევიდ ბოუის შთამბეჭდავი მუსიკალური კარიერის რეტროსპექტივაცაა, მის შემოქმედებაში სრულიად ახალი ჟღერადობის შემოტანის მცდელობაც და ერთგვარი გამოსათხოვარი წერილიც.

ალბომში ათობით საიდუმლო მინიშნებაა ჩადებული, დაწყებული გარეკანითა და სპეციალურად ამ ნამუშევრისთვის შექმნილი დამწერლობით, დამთავრებული ვიდეორგოლებითა და მარკეტინგული კამპანიით. ბოუის სურდა, მისი უკანასკნელი ჩანაწერი როკ-ენ-როლის ტრადიციული ფორმებისგან მაქსიმალურად დაცლილი ყოფილიყო, ამიტომაც მუშაობის პროცესში ისეთ არტისტებს უსმენდა, როგორებიც არიან: Death Grips, Boards of Canada და ქენდრიქ ლამარი. შედეგად, Blackstar არტ როკის, ექსპერიმენტალისა და ფრი ჯაზის უნიკალურ სინთეზად იქცა, რომელიც ლეგენდარული მუსიკოსის საუკეთესო ნამუშევრებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებს.

მოუსმინეთ ალბომს

14. Joy Division - Closer (1980)

ამ მანჩესტერულმა პოსტ პანკ ბენდმა სულ რაღაც ოთხი წელი იარსება, თუმცა, ამ მცირე დროშიც შეძლო, როკის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯგუფის სტატუსი მოეპოვებინა. ათასობით არტისტის შთაგონების წყაროდ ქცეული კოლექტივის გავლენა ჟანრის ვიწრო საზღვრებს გასცდა და პოპის, ჰიპ ჰოპისა თუ ელექტრონული მუსიკის სივრცეშიც შეაღწია.

Joy Division-ის მეორე და უკანასკნელი სტუდიური ჩანაწერი ბენდის ფრონტმენის, იენ კერტისის თვითმკვლელობიდან ორ თვეში გამოიცა. მუსიკოსი სუიციდამდე ოჯახურმა პრობლემებმა, ეპილეფსიის ქრონიკულმა შეტევებმა და დეპრესიამ მიიყვანა. მის მძიმე მდგომარეობაზე ალბომში შესული კომპოზიციების პირქუში ჟღერადობა და ფატალისტური წინასწარმეტყველებებითა და ნიჰილიზმით სავსე ლირიკაც მეტყველებდა. შეიძლება ითქვას, რომ არტისტმა Closer-ის სახით საკუთარ თავს ეპიტაფია თავადვე მოუმზადა. ნამუშევრის გარეკანზე საფლავის ქვაც სწორედ მისი ხსოვნის პატივსაცემადაა გამოსახული.

მოუსმინეთ ალბომს

13. J Dilla - Donuts (2006)

ჯეიმს დიუით იენსი, იგივე J Dilla, ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პროდიუსერი იყო. განუმეორებელი ხელწერითა და რევოლუციური ხედვით განთქმული დეტროიტელი არტისტი ისეთ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: MF DOOM, Questlove, De La Soul, Madlib და ა.შ. საკულტო კოლექტივის, Slum Village-ის წევრის ნამუშევრები მსმენელებისა თუ კრიტიკოსების მხრიდან ერთსულოვანი მოწონებით სარგებლობდა. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე ძალზე ნაადრევად დასრულდა.

რიგით მესამე სტუდიურ ალბომზე Donuts მუშაობისას ლეიკემიის უიშვიათესი ფორმით დაავადებული არტისტის მდგომარეობა საგრძნობლად იყო გაუარესებული. მუსიკოსმა ჩანაწერში სიმბოლურად 31 ტრეკი შეიტანა, რადგან უკვე გაცნობიერებული ჰქონდა, რომ 31 წლის ასაკში ეწერა სიკვდილი. თუმცა, ჯეიმსის წინასწარმეტყველება არ გამართლდა. ის თავისი ოცდამეთორმეტე იუბილედან სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა, ბოლო საჩუქრად კი სამყაროს ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარი დაუტოვა.

მოუსმინეთ ალბომს

12. Miles Davis - Doo-Bop (1992)

ლეგენდარული ჯაზმენი თავის ნამუშევრებში მუსიკის სხვა მიმდინარეობებიდან ნასესხებ ელემენტებს იყენებდა, რის გამოც ჟანრის ტრადიციული ფორმების მიმდევრებისგან გამუდმებული კრიტიკის მოსმენა უწევდა. თუმცა, შეუვალი სიჯიუტით ცნობილ არტისტს სხვების აზრი დიდად არასდროს აინტერესებდა და საკუთარი პრინციპების ერთგული რჩებოდა. მაილს დევისის უკანასკნელი ალბომი Doo-Bop მისი არაორდინარული ხედვის თვალსაჩინო მაგალითია.

1991 წელს მაილსმა ჰიპ ჰოპ ალბომის გამოცემა გადაწყვიტა და მასზე სამუშაოდ ახალგაზრდა ბრუკლინელი პროდიუსერი Easy Mo Bee მოიწვია. მათი თანამშრომლობის შედეგი 1992 წელს გარდაცვლილი მუსიკოსის შემოქმედებაში უკანასკნელი სტუდიური ნამუშევარი აღმოჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, Doo-Bop კრიტიკოსებმა ცივად მიიღეს და მას დევისის შემოქმედებითი რეგრესი უწოდეს, თუმცა, ის დაფასება და სიყვარული, რომელიც ჩანაწერმა ათწლეულების განმავლობაში მოიპოვა, სავსებით საპირისპიროზე მეტყველებს.

მოუსმინეთ ალბომს

11. Amy Winehouse - Back to Black (2006)

ემი უაინჰაუსის ხანმოკლე ცხოვრება და კარიერა მეტეორის გაელვებას ჰგავდა. ინგლისელმა არტისტმა დიდება და პოპულარობა სადებიუტო ალბომით Frank სულ რაღაც 20 წლის ასაკში მოიპოვა. თავბრუდამხვევი სისწრაფით მიღწეულ წარმატებას თან ბნელი მხარეც ახლდა. ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებული მუსიკოსი პირად ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემებითა და დეპრესიით იტანჯებოდა, რაც მის მეორე, 60-იანი წლების პოპითა და სოულით შთაგონებულ სტუდიურ ნამუშევარში Back to Black აისახა.

2006 წელს გამოსულმა ჩანაწერმა კომერციული წარმატება და საყოველთაო აღიარება მოიპოვა. გულახდილი ტექსტებითა და უნაკლო ვოკალური პერფორმანსით გამორჩეული ნამუშევარი 12-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. სამწუხაროდ, Back to Black ემის კარიერაში უკანასკნელი ალბომი აღმოჩნდა - მუსიკოსი 2011 წლის 23 ივლისს ალკოჰოლის ჭარბი დოზით მიღებას ემსხვერპლა. გარდაცვალებისას არტისტი მხოლოდ 27 წლის იყო.

მოუსმინეთ ალბომს

10. Mac Miller - Swimming (2018)

ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, მაკ მილერის უკანასკნელი ალბომის ლირიკა ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის ჩანაწერს წააგავდა და არცთუ სახარბიელო დიაგნოზის საფუძველს იძლეოდა. საყვარელი ადამიანის დაკარგვით მიღებული ტრავმა, სუიციდური ფიქრები, მარტოობა, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და ა.შ. Swimming დიდწილად პოპვარსკვლავ არიანა გრანდესთან დაშორებით იყო შთაგონებული, მოვლენით, რომელიც მუსიკოსის მენტალურ მდგომარეობაზე განსაკუთრებით მძიმედ აისახა.

ნამუშევარმა კრიტიკოსთა თუ მსმენელთა მხრიდან დადებითი შეფასებები დაიმსახურა და ჩარტებშიც მყარი პოზიციები დაიკავა. თუმცა, მუსიკოსს წარმატებით ტკბობა არ დასცალდა - 26 წლის მაკ მილერი Swimming-ის გამოსვლიდან ერთ თვეში ფენტანილის ზედოზირებით გარდაიცვალა. ერთ დროს საშუალო გაქანების არტისტად შერაცხულმა ახალგაზრდა მუსიკოსმა ავტორიტეტი და საყოველთაო აღიარება სწორედ მისი უკანასკნელი, ყველაზე გულახდილი ნამუშევრით მოიპოვა.

მოუსმინეთ ალბომს

9. Queen - Innuendo (1991)

საკულტო ბრიტანული კოლექტივის ფრონტმენის მიერ სიცოცხლეში ჩაწერილ უკანასკნელ სტუდიურ ალბომად Innuendo ითვლება. ბენდის მომდევნო ნამუშევარი Made in Heaven ფრედი მერკურის გარდაცვალების შემდეგ, მის მიერ დატოვებულ ვოკალურ ტრეკებზე ინსტრუმენტალების დადებითაა შექმნილი და ამ უკანასკნელს მასზე მუშაობაში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია. Queen-ის თაყვანისმცემლებს კი კარგად მოეხსენებათ, რომ ფრედი ჯგუფში მხოლოდ ვოკალისტის ფუნქციით არ შემოიფარგლებოდა და მუსიკალური მიმართულების განსაზღვრაში დიდ როლს თამაშობდა.

ალბომის ჩაწერის პროცესში შიდსით დაავადებული მუსიკოსის მდგომარეობა მკვეთრად იყო გაუარესებული. მან წონაში საგრძნობლად დაიკლო და მხედველობის პრობლემებიც აწუხებდა. ამის მიუხედავად, არტისტს საფირმო ენერგიულობა და ქარიზმა სიცოცხლის ბოლო წამამდე არ დაუკარგავს. როგორც ბენდის გიტარისტი, ბრაიან მეი იხსენებს, ჰიტზე The Show Must Go On მუშაობისას ფრედის უთხრა, არ ვიცი, მოახერხებ თუ არა ამ სიმღერის შესრულებასო. მუსიკოსმა მეგობარს პასუხი მოკლედ გასცა - "რა თქმა უნდა, შევძლებ, ძვირფასო", არყის ჭიქა გადაჰკრა და საკუთარი პარტია პირველივე ცდაზე უნაკლოდ შეასრულა.

მოუსმინეთ ალბომს

8. Janis Joplin - Pearl (1971)

ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებლის, ჯენის ჯოპლინის სიცოცხლე ნაადრევად, ჰეროინის ზედოზირებით დასრულდა. 27 წლის ასაკში გარდაცვლილმა მუსიკოსმა ოთხი სტუდიური ალბომის ჩაწერა მოასწრო და 60-იანი წლების კონტრკულტურის სიმბოლოდ იქცა. არტისტის შემოქმედებაში უკანასკნელი ნამუშევარი Pearl აღმოჩნდა, რომელიც მისივე მეტსახელით, "მარგალიტითაა" დასათაურებული. ჩანაწერი 1971 წელს, ჯენისის სიკვდილიდან ოთხი თვის შემდეგ გამოიცა.

ჯოპლინის წინა ნამუშევრებთან შედარებით Pearl-ში როგორც ხმის ინჟინერიის, ასევე სონგრაითინგის თვალსაზრისით  შთამბეჭდავი პროგრესი იგრძნობა. ამ წინსვლაში განსაკუთრებული როლი ჩანაწერის პროდიუსერმა, პოლ როტშილდმა ითამაშა, რომელიც ჯენისს მისი საოცარი ტალანტისა და ენერგიის სრულად გამოვლენაში დაეხმარა. ჩანაწერში შესული კომპოზიცია Mercedes Benz ჯენისმა გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ჩაწერა - სხვა ვის შეეფერებოდა სამყაროს აკაპელათი დატოვება, თუ არა მისი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ, ხმის ძალზე სპეციფიკური ტემბრის მქონე ვოკალისტს.

მოუსმინეთ ალბომს

7. Marvin Gaye - Midnight Love (1982)

მარვინ გეის მეჩვიდმეტე სტუდიური ალბომი მის კარიერაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. გრემიზე ნომინირებულმა ნამუშევარმა პლატინის სტატუსი მოიპოვა და კრიტიკოსთა ერთსულოვანი აღფრთოვანება დაიმსახურა. სწორედ Midnight Love-ში შევიდა მუსიკოსის ერთ-ერთი გამორჩეულად პოპულარული კომპოზიცია Sexual Healing. ჩანაწერმა, რომელიც ეპოქალური სინთეზატორის, Roland TR-808-ს ერთ-ერთ პირველ ტრიუმფად იქცა, არენბის განვითარების ახალი გზები უჩვენა, ჰიპ ჰოპ არტისტებისთვის კი სემპლების ნამდვილ საბადოდ იქცა.

სამწუხაროდ, Midnight Love არტისტის შემოქმედებაში ბოლო სტუდიური ალბომი აღმოჩნდა. 1984 წლის პირველ აპრილს მუსიკოსი მშობლების კამათს შეესწრო და მამას, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ფიზიკურად გაუსწორდა. ეს უკანასკნელი რამდენიმე წუთში მარვინის ნაჩუქარი იარაღით დაბრუნდა და შვილი სასიკვდილოდ დაჭრა. ლეგენდარული მომღერალი მის ორმოცდამეხუთე იუბილემდე რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა.

მოუსმინეთ ალბომს

6. Leonard Cohen - You Want It Darker (2016)

ლეგენდარული კანადელი პოეტისა და მუსიკოსის, ლეონარდ კოენის ნამუშევრებში რელიგიის საკითხი მუდამ გამორჩეულ ადგილს იკავებდა. თუმცა, მორწმუნე იუდეველის შემოქმედებაში ღმერთის, სიკვდილისა და ბედისწერის თემები ყველაზე ნათლად მის მეთოთხმეტე და ფინალურ ალბომში You Want It Darker აისახა. ლეიკემიის მძიმე ფორმით დაავადებულმა არტისტმა ამ ჩანაწერზე მუშაობის დაწყებამდე უკვე იცოდა, რომ მისი სიცოცხლე დიდხანს აღარ გასტანდა.

ელექტრონიკის, ექსპერიმენტული ბლუზისა და ემბიენთ პოპის ელემენტებით დატვირთული ჟღერადობა You Want It Darker-ს კოენის ადრეული ნამუშევრებისგან საგრძნობლად განასხვავებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია იუდაისტური ლოცვებიდან ნასესხები სტრიქონებითა და ზებუნებრივ ძალებზე მინიშნებებით სავსე ლირიკა, რომელიც არტისტის პოეტური ნიჭის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშია. მუსიკოსს უკანასკნელ ნამუშევარში არც მისთვის საფირმო მსუბუქი იუმორი და რომანტიკული ატმოსფერო დავიწყებია, სიკვდილს კი სასოწარკვეთაში ჩავარდნის ნაცვლად მშვიდად, ძველი მეგობარივით შეეგება.

მოუსმინეთ ალბომს

5. Nirvana - In Utero (1993)

1991 წელს გამოცემული ალბომის Nevermind კოლოსალურმა წარმატებამ ანდერგრაუნდში ჩამოყალიბებული გრანჟ კოლექტივი მოულოდნელად მეინსტრიმში მოაქცია. Nirvana-ს წევრები არც ყურადღების ცენტრში ყოფნას იყვნენ მიჩვეულნი და არც ალბომის "ზედმეტად დავარცხნილი" პროდაქშენით იყვნენ აღფრთოვანებულნი. მუსიკოსებმა სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, მომდევნო ნამუშევრისთვის მაქსიმალურად არაკომერციული ხასიათი მიეცათ და მსმენელისთვის მხოლოდ მოუხეშავი ჟღერადობა და ნონკონფორმისტული შინაარსის ლირიკა შეეთავაზებინათ.

ჩანაწერზე სამუშაოდ მუსიკოსებმა სპეციფიკური ხელწერით განთქმული პროდიუსერი და ხმის ინჟინერი, სტივ ალბინი მოიწვია. მათი თანამშრომლობის შედეგი წინა ალბომისგან მართლაც საგრძნობლად განსხვავებოდა. დაუფარავი აგრესიითა და სოციალური პროტესტით  სავსე In Utero ბენდის ფრონტმენის, კურტ კობეინის შემოქმედებაში უკანასკნელი სტუდიური ალბომი აღმოჩნდა. ხანგრძლივი დეპრესიის შემდეგ, მუსიკოსმა 1994 წლის 5 აპრილს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მოუსმინეთ ალბომს

4. 2Pac - All Eyez on Me (1996)

საკულტო ჰიპ ჰოპ არტისტის, თუფაქ შაკურის მეოთხე სტუდიური ალბომის სახელწოდება რეპერის იმდროინდელ არცთუ სახარბიელო მდგომარეობაზე მიანიშნებდა. ციხიდან ახლად გამოსული მუსიკოსი ერთდროულად პრესის, ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებისა და მტრულად განწყობილი კოლეგების ყურადღების ქვეშ იყო მოქცეული, რომლებიც მის ფეხის აცდენას სულმოუთქმელად ელოდნენ. ამასთან ერთად, რეპერი გაკოტრების პირას იმყოფებოდა და შუგ ნაითის Death Row Records-ის ვალი, 1.4 მილიონი დოლარი მართებდა.

მუსიკოსმა Death Row Records-თან კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც ლეიბლისთვის სამი სტუდიური ალბომი უნდა ჩაეწერა. All Eyez on Me ამ სიიდან პირველი და უკანასკნელი იყო - განგსტა რეპის სტილში გადაწყვეტილმა ჩანაწერმა, რომლის ლირიკაც არტისტის წინა, სოციალურ-პოლიტიკური თემებით დატვირთული ნამუშევრებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, შთამბეჭდავი წარმატება მოიპოვა, თუფაქი კი მისი გამოსვლიდან ექვს თვეში ლას ვეგასში, ავტომობილში ჩაცხრილეს. მუსიკოსი 13 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მოუსმინეთ ალბომს

3. The Notorious B.I.G. - Life After Death (1997)

2Pac-ის მკვლელობასთან დაკავშირებული თეორიების დიდი ნაწილი მის კოლეგას, კრისტოფერ უოლასს უკავშირდება. The Notorious B.I.G.-ის ფსევდონიმით ცნობილ ჰიპ ჰოპ არტისტს, რომელიც ჟანრის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად ითვლება, თავდაპირველად შაკურთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა. თუმცა, 1995 წლიდან მათ შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. იმ დროისათვის უოლასს სადებიუტო ალბომით Ready to Die ("სიკვდილისთვის მზად") ავტორიტეტი და დიდება უკვე მოეპოვებინა, შესაბამისად, მისი და თუფაქის კონფლიქტი ყურადღების ცენტრში სწრაფად მოექცა.

ბიაიჯი 1997 წლის 9 მარტს ლოს ანჯელესში, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. თუფაქის მსგავსად, მისი მკვლელობის საქმეც დღემდე გაუხსნელია. არტისტის მეორე და უკანასკნელი სტუდიური ალბომი, ჟანრის კლასიკად აღიარებული Life After Death მისი გარდაცვალებიდან ორ კვირაში გამოიცა. ჩანაწერის სახელწოდებამ ("სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ") კი ლეგენდარული რეპერის სიკვდილთან დაკავშირებულ არაერთ შეთქმულების თეორიას დაუდო საფუძველი.

მოუსმინეთ ალბომს

2. AC/DC - Highway to Hell (1979)

1978 წელს ამ ავსტრალიური როკ ჯგუფის მენეჯერებმა გადაწყვიტეს, რომ მათ სტილს გარკვეული ცვლილება სჭირდებოდა და ახალ ალბომზე სამუშაოდ ცნობილი ხმის ინჟინერი, ედი კრამერი დაიქირავეს. თუმცა, მუსიკოსები მის ფილოსოფიას ვერაფრით შეეწყვნენ და მუშაობის დაწყებიდან სამი კვირის თავზე ერთი ტრეკის დასრულებაც კი ვერ შეძლეს. ბენდი კრახისგან ვოკალისტ ბონ სკოტის იდეამ იხსნა. AC/DC-ის წევრებმა კრამერს განუცხადეს, რომ ერთი დღით შესვენებას აპირებდნენ და შეეძლო, სახლში დარჩენილიყო, თავად კი სტუდიაში შეიპარნენ და რამდენიმე საათში 6 კომპოზიცია ჩაწერეს, რომლებიც მათთვის სასურველ პროდიუსერს, რობერტ ლანგს თანამშრომლობის თხოვნასთან ერთად გაუგზავნეს.

ლანგი ჯგუფის ნამუშევრით მოხიბლული დარჩა და მათი წინადადებაც სიამოვნებით მიიღო. პროდიუსერმა დაუდგრომელი ხასიათით ცნობილ მუსიკოსებთან საერთო ენის გამონახვა შეძლო და ისინი გაცილებით პროდუქტიულ, მკაცრ სამუშაო დისციპლინას შეაჩვია. ამ ყველაფრის შედეგად კოლექტივმა საკუთარ შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეულად წარმატებული ალბომი Highway to Hell ჩაწერა, რომელიც ბონ სკოტის კარიერაში, სამწუხაროდ, უკანასკნელი აღმოჩნდა. მუსიკოსი 1980 წლის 19 თებერვალს ჰეროინისა და ალკოჰოლის ზედმეტად დიდი დოზით მიღებამ ისხვერპლა.

მოუსმინეთ ალბომს

1. The Jimi Hendrix Experience - Electric Ladyland (1968)

ლეგენდარული ჯიმი ჰენდრიქსის მიერ ჩამოყალიბებული ტრიოს დისკოგრაფია საოცარი ნამუშევრებითაა დაკომპლექტებული, თუმცა, მსმენელები და კრიტიკოსები ყველაზე ხშირად უპირატესობას Electric Ladyland-ს ანიჭებენ. მისი ჩაწერისას მუსიკოსებს ჟღერადობის ფორმულა უკვე იმდენად ჰქონდათ დახვეწილი, რომ კომერციულად წარმატებული ალბომის შექმნაში ხელი ქაოტურმა სამუშაო პირობებმაც კი ვერ შეუშალათ. ჰენდრიქსს სტუდიაში გამუდმებით მისი მეგობრები სტუმრობდნენ და წვეულებებსაც აწყობდნენ, რამაც გიტარისტსა და ბენდის სხვა წევრებს შორის რამდენჯერმე კონფლიქტიც კი გამოიწვია.

ჩანაწერის განსაკუთრებული ღირსება მის მრავალფეროვნებაში მდგომარეობს. ეისიდ როკის ფსიქოდელიურ ამოფრქვევებს ნელი, მელანქოლიური ბლუზ ბალადები ენაცვლება, ნამუშევრის ცენტრალური ტრეკის ტიტულს კი ბობ დილანის კომპოზიციის All Along the Watchtower ქავერი არავის უთმობს. სამწუხაროდ, Electric Ladyland ჰენდრიქსის შემოქმედებაში უკანასკნელი სტუდიური ალბომი აღმოჩნდა. მუსიკოსი 27 წლის ასაკში ასფიქსიით გარდაიცვალა.

მოუსმინეთ ალბომს

კომენტარები

ბოლოს დამატებული