Thumbnail

საკულტო მანჩესტერული პოსტ პანკ ბენდის, Joy Division-ის ჰიტი Love Will Tear Us Apart სინგლის ფორმატით 1980 წელს, ჯგუფის ფრონტმენის, იენ კერტისის გარდაცვალებიდან ერთ თვის შემდეგ გამოიცა. კომპოზიციამ მალევე მოიპოვა ჟანრის საფლაგმანო ნამუშევრის სტატუსი და დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, იმაში მდგომარეობს, რომ სიმღერა ბენდის სხვა ჩანაწერებთან შედარებით მსუბუქი, მელოდიური ჟღერადობით გამოირჩევა. თუმცა, სასიამოვნო ინსტრუმენტალის მიუხედავად, კომპოზიცია საკმაოდ მძიმე განწყობას ტოვებს. ტექსტი თითქოს ბანალური, მელანქოლიური სენტიმენტებითაა გაჯერებული, მაგრამ მის უკან დაშლის პირას მისული ოჯახი, ეპილეფსიის ქრონიკული შეტევები და ღრმა დეპრესია იმალება. ყველაფერი ის, რამაც კერტისი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

Love Will Tear Us Apart ერთადერთი სიმღერაა, რომელზეც კოლექტივის არსებობის განმავლობაში მუსიკალური ვიდეო გადაიღეს. მისი სახელწოდება, რომელიც ამერიკელი პოპ შემსრულებლის, ნილ სედაკას 1973 წლის ჰიტს Love Will Keep Us Together ეხმიანება, ჯგუფის წევრებისთვის დამახასიათებელი შავი იუმორის გამოხატულებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე ეს კომპოზიცია ერთსა და იმავე Strawberry Studios-შია ჩაწერილი.

იენი აქ გიტარაზე უკრავს, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. რაც შეეხება დასარტყამი ინსტრუმენტების პარტიას, ბენდის პროდიუსერმა, ლეგენდარულმა მარტინ ჰენეთმა სტივენ მორისი მის ჩასაწერად დილის ოთხ საათზე გააღვიძა. ეს უკანასკნელი ხშირად ხუმრობს, რომ კომპოზიციის მოსმენა მასში დღემდე უსიამოვნო მოგონებებს აღძრავს.

სტუდიაში ჩაწერის პროცესში Joy Division-თან ერთად ირლანდიური როკ ჯგუფის, U2-ს წევრებიც იმყოფებოდნენ. იმ დროს ჰენეთი მათი სადებიუტო ალბომის პროდიუსინგითაც იყო დაკავებული.

"იენში თითქოს ორი პიროვნება ცხოვრობდა. საუბრისას ძალიან თავაზიანი, თბილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ მიკროფონის ხელში აღებისთანავე მასში სულ სხვა ენერგია იჩენდა თავს", - იხსენებს U2-ს ვოკალისტი ბონო.

Love Will Tear Us Apart ჯგუფის პირველი სიმღერა გახდა, რომელმაც ბრიტანულ ჩარტებში წამყვანი პოზიციები დაიკავა. 1980 წელს მუსიკალურმა გამოცემამ NME ის წლის სინგლად დაასახელა. სწორედ მისი სახელწოდებაა ამოტვიფრული იენ კერტისის საფლავის ქვაზეც. 

აქვე კომპოზიციის რამდენიმე გამორჩეულ ქავერს შემოგთავაზებთ:

კიდევ ერთი ლეგენდარული პოსტ პანკ ჯგუფი The Cure.

არანაკლებ ლეგენდარული Depeche Mode-ის ვოკალისტი დეივ გაანი. 

მაიკლ როზენბერგი თავისი საფირმო ვოკალით.

Nouvelle Vague ბოსა ნოვას სტილში. 

ბრიტანული პოსტ გრანჟ ჯგუფი Bush.

არსებობს ისეთი კომპოზიცია, რომელსაც ხოსე გონსალესი ღირსეულად ვერ დააქავერებს?!

და ბოლოს, ექსპერიმენტული მუსიკის ტიტანებმა, ჯგუფმა Swans კომპოზიციის ორი ვერსია ჩაწერეს. ერთში ვოკალისტად ჯარბო გვევლინება, მეორეში კი მას პარტნიორობას მაიკლ ჯირაც უწევს. იმდენად საინტერესო ნამუშევრებია, რთულია, მხოლოდ ერთი ამოარჩიო, ამიტომაც ორივეს გთავაზობთ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული