Thumbnail

ASAP Rocky სასამართლომ 14 აგვისტომდე გაათავისუფლა

შვედეთში დაკავებული ჰარლემელი ჰიპ ჰოპ არტისტი ASAP Rocky და მასთან ერთად დაპატიმრებული პირები სასამართლომ 14 აგვისტომდე გაათავისუფლა. სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას. 

► ლიამ გალაჰერს ეგონა, რომ ASAP Rocky-ს WhatsApp Ricky ერქვა

გამოცემა AP-ის ინფორმაციით, გათავისუფლებულები სასამართლომ არ დაავალდებულა, შვედეთში დარჩენილიყვნენ. შესაბამისად, მათ შეუძლიათ, აშშ-ში დაბრუნდნენ. პროკურორები მუსიკოსის 6-თვიან პატიმრობას ითხოვდნენ.

"მთელი გულით მადლობას ვუხდი ჩემს თაყვანისმცემლებს, მეგობრებსა და ყველას, ვინც მხარს მიჭერდა ბოლო კვირების განმავლობაში. სიტყვებით ვერ აღვწერ, როგორი მადლიერი ვარ. ძალიან მძიმე და დამამცირებელი გამოცდილება მივიღე. მადლობა სასამართლოს, რომ მე, ბლადისა და ტოტოს ოჯახებთან და მეგობრებთან დაბრუნების საშუალება მოგვცა", - დაწერა თავად როქიმ ინსტაგრამზე.

რეპერის გათავისუფლებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა:

"A$AP Rocky გაათავისუფლეს. ის შვედეთიდან სახლში, ამერიკაში ბრუნდება. ეს როქის კვირა იყო. ეისეფ, შინ რაც შეიძლება, მალე დაბრუნდი".

A$AP Rocky released from prison and on his way home to the United States from Sweden. It was a Rocky Week, get home ASAP A$AP!

Posted by Donald J. Trump on Friday, August 2, 2019

 

ახალი თაობის ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი, ეისეფ როქი 3 ივლისს დააკავეს. რეპერი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმს ფესტივალში Smash X Stadion მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა. ქუჩაში სასეირნოდ გამოსულ როქისა და მის მეგობრებს ორი ახალგაზრდა მამაკაცი აედევნა, რომლებიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. არტისტის თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები მას რამდენი კვარტლის მანძილზე აწუხებდნენ და ყურსასმენების დაბრუნებას მოითხოვდნენ, რომლებიც, მათი მტკიცებით, როქის დაცვის წევრმა დაუმტვრია. სამართალდამცველები შემსრულებელს თავდასხმასა და ცემაში სდებენ ბრალს.

ეისეფ როქიმ მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ ალბომებს Long.Live.A$AP და At.Long.Last.A$AP, ასევე, მიმდინარე წელს გავრცელებულ სტუდიურ ჩანაწერს Testing მოიცავს. სოლო კარიერის გარდა, რეპერი შემოქმედებითი გაერთიანება ASAP Mob-ის ერთ-ერთი ლიდერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული