Thumbnail

ინდოელი რეპერის Badshah კლიპმა იუთუბზე მოულოდნელად რეკორდული რაოდენობის ნახვა დააგროვა

ლეიბლმა Sony Music India მიმდინარე წლის 10 ივლისს იუთუბზე ინდოელი რეპერის, Badshah-ის კლიპი Paagal გაავრცელა, რომელმაც, ყველასთვის მოულოდნელად, ატვირთვიდან 24 საათში რეკორდული რაოდენობის, 75 მილიონი ნახვა დააგროვა. არტისტის ნამუშევარმა პოპულარული კეიპოპ ბენდის, BTS-ის ვიდეორგოლი Boy With Luv ჩამოიტოვა, რომლის ნახვების რეკორდული რაოდენობის დასაგროვებლად მიმდინარე წლის აპრილში ჯგუფის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაერთიანდნენ. ამის გარდა, ბადშაჰმა ტეილორ სვიფტს, არიანა გრანდესა და სხვა ცნობილ არტისტებსაც აჯობა. რეპერმა ლეგენდარული ემინემის Killshot-საც გადაუსწრო, რომელიც აქამდე ერთ დღეში ყველაზე მეტჯერ ნანახ ჰიპ ჰოპ ნამუშევრად ითვლებოდა. ეს მონაცემები გამოცემა Bloomberg-მა გამოაქვეყნა.

ინდოელი არტისტის რეკორდმა მედიასა თუ მსმენელებში ეჭვები დაბადა, რადგანაც ბადშაჰის კლიპს, სხვა წარმატებული მუსიკალური ვიდეორგოლებისგან განსხვავებით, სოციალურ ქსელში თაყვანისმცემელთა გამოხმაურება არ მოჰყოლია. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ Sony Music India-მ ყალბი ნახვები იყიდა, თუმცა, დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ მუსიკოსის წარმომადგენლებმა ნამუშევრის გავრცელებისთანავე იუთუბზე დიდი რაოდენობით რეკლამა შეიძინეს. სხვადასხვა ვიდეოს ყურებისას მოულოდნელად რეპერის კლიპი ირთვებოდა, რაც ავტომატურად მის ნახვად ითვლებოდა.

იუთუბის წარმომადგენლები ჯერჯერობით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. "ბლუმბერგის" წყაროს ცნობით, კომპანიაში ამჟამად ვიდეოების მიერ ნახვების დაგროვების გზებს განიხილავენ. თავად არტისტმა კი სოციალურ ქსელში დაწერა:

"მსოფლიოში ამ სიმღერის პრომოუშენზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ჩვენ არ გვინდა, რომ სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ადამიანებმა ინდოეთი იმ სახით დაინახონ, როგორც ეს, მაგალითად, ფილმ Slumdog Millionaire-შია ნაჩვენები. ახლა ჩვენი დროა".

კომენტარები

ბოლოს დამატებული