Thumbnail

10 მუსიკოსი, რომლის რაიდერიც უცნაური მოთხოვნებით გამოირჩევა

ანკა მებონია პროფილის ფოტო
ანკა მებონია

ამერიკული როკ ჯგუფი Van Halen ყავისფერი M&M's-ის მტერია. თავიანთი კონცერტების ორგანიზატორებს მუსიკოსები მკაცრად აფრთხილებენ, რომ ტკბილეულის ჯამიდან ყველა ყავისფერი ბურთულა ამოიღონ. ამ, ერთი შეხედვით, აბსურდულ მოთხოვნას საკმაოდ ლოგიკური დასაბუთება აქვს - თუ პრომოუტერს არ შეუძლია, ასეთი უმნიშვნელო საკითხი მოაგვაროს, შოუც, სავარაუდოდ, ტექნიკური ხარვეზებით ჩაივლის. 

ჩვენს სტატიაში 10 ცნობილ მუსიკოსს წარმოგიდგენთ, რომელთა რაიდერები უცნაური მოთხოვნებით გამოირჩევა. 

10. ბიონსე

ბიონსე ყველაზე კარგად 25°-ზე ფუნქციონირებს, ამიტომაც, ბექსთეიჯზე სწორედ ეს ტემპერატურა უნდა იყოს. მისი გულის მოსაგებად ქათმის შემწვარი ბარკლები უხვად უნდა შეკმაზოთ სუნელებით და ვარდის სურნელოვანი სანთლებიც დაანთოთ. მომღერლის მახლობლად "კოკა-კოლას" ბოთლის გამოჩენა სასტიკადაა აკრძალული, რადგან ბიონსე უკვე მრავალი წელია, "პეპსის" სახეა. 

ბიონსეს სხვა მოთხოვნები: დიდი მაგიდა თეთრი გადასაფარებლით, მოთუშული ბროკოლი ნივრით, მწვანე ლობიო, ისპანახი, გრილი სასმელი წყალი, ცხელი ჩაი, დაჭრილი ლიმონი, სანთებელა და ფლეიერი.

9. ადელი

ადელს უყვარს ქათმის ხორცი, მსუბუქი სიგარეტი "მარლბორო", წითელი ღვინო და გადამუშავებული თაფლი. მისი მოთხოვნების სიაში ასევე ლითონის კოვზებსა და ექვს უხმარ ჩაის ჭიქას იხილავთ. სასტიკად აკრძალული პროდუქტებია: პომიდორი, ძმარი, ცხარე წიწაკა და ციტრუსები. 

ამის გარდა, თუ ადელის ჩამოყვანა გსურთ, უნდა მოიმარაგოთ: 12 პატარა ბოთლი მინერალური წყალი, ელექტროჩაიდანი, საღეჭი რეზინი სხვადასხვა არომატით, სანთებელა, ბანანის, ყურძნისა და ვაშლის ნატურალური წვენები.

8. ქანიე ვესთი

პოპულარული რეპერი ბექსთეიჯზე იოგურტებისა და სასმელების მთელ ნაკრებს ითხოვს.

ამის გარდა, ქანიეს ბექსთეიჯზე უნდა დაახვედროთ: კარიბულად მომზადებული ცხარე ტაბასკოს სოუსი, კბილის ჩხირების შეკვრა, მარილიანი ფისტები, "ჰენესისა" და კოლას ჩამოსასხმელი აპარატი, 1 ბოთლი ტეკილა, 750 მლ არაყი და 24 ქილა ლუდი. 

7. რიანა

რიანას კომფორტისთვის 5 შტეფსელი სჭირდება. გარდერობს თეთრი ფარდები უნდა ფარავდეს, იატაკზე კი ცხოველის პრინტიანი რბილი ხალიჩა ეფინოს (არავითარი ზებრა, მხოლოდ ლეოპარდი და ავაზა), მომღერალი მასზე ფეხშიშველი აპირებს სიარულს.

ბარბადოსელი ლამაზმანი Archipelago Black Forest-ის არომატულ სანთლებსაც ითხოვს. ეს ბოლო პუნქტი უკიდურესად მნიშვნელოვანია და თუ შოვნას ვერ ახერხებთ, მის აგენტებს ამის შესახებ დროულად უნდა შეატყობინოთ. ყვავილებიდან კი უყვარს თეთრი ტიტები და შროშანები, თუმცა, ლარნაკზე ფოთლები არ უნდა იყოს გამოსახული.

6. კეტი პერი

კეტი პერიმ ზუსტად იცის, როგორი თაიგული სჭირდება: თეთრი და წითელი ვარდები, თეთრი და იისფერი ჰორტენზიები ან თეთრი ორქიდეები. არავითარ შემთხვევაში მიხაკები, მომღერალი მათ დასანახად ვერ იტანს. 

ამის გარდა შემსრულებლის სიაშია: "ჰაგისის" სველი ხელსახოცები, სალსას სოუსი, ვიტამინიანი წყალი, მდოგვისა და ხახვის პრეცელი, ბოსტნეულის ნაკრები რანჩის საწებლით (ბროკოლი, კიტრი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, მწვანე ბარდა), გაყინული მარწყვი, გამომცხვარი ჩიფსები, 2 ბოთლი თეთრი ღვინო, ხველების წამალი და საწრუპი ჩხირები.

5. პოლ მაკკარტნი

ცხოველთა უფლებების გულმხურვალე დამცველი, სერ პოლ მაკკარტნი გამოსვლაზე უარს იტყვის, თუ მისი ნომრის ინტერიერში ტყავი იქნება გამოყენებული. დაუშვებელია ასევე დერმატინი და ცხოველის პრინტიც. რაც შეეხება გამწვანებას, ოთახში მხოლოდ ის მცენარეები უნდა ხარობდეს, რომლებსაც ფოთლები ღეროდანვე ამოსდით, მაგალითად: პალმა, ბამბუკი და ოთახის შროშანი. 

ამის გარდა, 20 პირსახოციც აუცილებელია. რატომ? რატომაც არა!

4. მერაია ქერი

ქოთნის მცენარეები ბექსთეიჯზე მერაია ქერის კონცერტის წინ დაძაბულობის მოხსნაში ეხმარებიან.

მოთხოვნების სიაში 8 მაღალი ფოთლოვანი მცენარე, ვანილის სანთლები, თეთრი ვარდები და უამრავი ფარდა მოხვდა. მისივე მოთხოვნით, სასმელები ცივი უნდა იყოს, შემწვარი ქათამი კი შეგრილებული. 

3. ემინემი

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი თავისი კონცერტების ორგანიზატორებისგან ბექსთეიჯში ფლეიერს და 12-კილოგრამიან ჰანტელებს ითხოვს.

ამის გარდა, მის რაიდერში 24 ბოთლისა და 12 ქილის "კოკა-კოლა ლაითს", თეთრ და შავ პურს, 24 ქილა ენერგეტიკულ სასმელ "რედბულს", ინდაურისა და ლორის 6 სენდვიჩს და ლიმონის წვენით შეზავებულ კრევეტებს შეხვდებით. 

2. ლედი გაგა

დედა მონსტრი ღვინის დიდი მოყვარულია. მის მოთხოვნებში საჭმელს თითქმის ვერ ნახავთ, სამაგიეროდ, პოპვარსკვლავს ავეჯი და ტექნიკა სჭირდება. 

აუცილებელი მოთხოვნები: 1 შეკვრა საწრუპი ჩხირები, რბილი საოფისე სავარძელი, საკაბელო ტელევიზია, გორგოლაჭებიანი ტანსაცმლის საკიდი, მადუღარა, ჯანჯაფილის ჩაი, 1 თეფში უსუნო და ნაკლებად რბილი ყველი, გაუფრცქვნელი ხილის ასორტი, 4 უსუნო სანთელი, 4 შეკვრა ენერგეტიკული სასმელი, საკვები დანამატები, ბლენდერი და ჰაერის ელექტროდამატენიანებელი. 

1. იგი პოპი

პანკის ლეგენდა იგი პოპი აბსურდული მოთხოვნებით გამოირჩევა. მის 18-გვერდიან რაიდერში ლუდთან, არაყთან, წითელ ღვინოსა და მინერალურ წყალთან ერთად, ასეთ პუნქტსაც ნახავთ: ბობ ჰოუპივით ჩაცმული კაცი, რომელსაც ამ კომიკოსის პაროდირება შეუძლია. 70 წლის მუსიკოსი იმასაც აღნიშნავს, რომ ბროკოლსა და კომბოსტოს დანახვისთანავე ნაგვის ურნაში გადაუძახებს.  

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პუნქტი იგი პოპის მოთხოვნების სიიდან არის გამოცემა USA Today-ს ნომერი, რომელშიც სიმსუქნით დაავადებული ადამიანის ისტორიაა მოთხრობილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული