Thumbnail

ცნობილი გამოთქმის თანახმად, პირველი შთაბეჭდილება ყველაზე მნიშვნელოვანია. ლეგენდარული არტისტების დიდმა ნაწილმა თავის დროზე სწორედ ამ პრინციპით იხელმძღვანელა, შედეგად კი არაერთი საოცარი სადებიუტო სინგლი ვიხილეთ. ჩვენს სიაში 15 ასეთ ნამუშევარს წარმოგიდგენთ.

ნახეთ სრული ფლეილისტი

15. The Doors - Break on Through (To the Other Side)

1967

ამერიკული კოლექტივის სადებიუტო სინგლში თითქმის ყველაფერი იყო, რაც მათ შემოქმედებას ასე საინტერესოს და ეფექტურს ხდიდა - პირველყოფილი ენერგიით დამუხტული რიტმები, წარმართული შელოცვის მსგავსი ლირიკა და უნიკალური, ფსიქოდელიური ატმოსფერო. კომპოზიციის ინსტრუმენტალი ბოსა ნოვათი იყო შთაგონებული, კონტროვერსიულ ტექსტში კი პროდიუსერებს გარკვეული ცვლილებების შეტანაც მოუხდათ, რათა ჩანაწერი ცენზურის მსხვერპლი არ გამხდარიყო.

ნამუშევარმა გამოსვლისას განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა, დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბენდის საიმიჯო ჩანაწერადაც ითვლება. აღსანიშნავია ისიც, რომ Break on Through (To the Other Side) უკანასკნელი სიმღერა აღმოჩნდა, რომელიც The Doors-მა ჯიმ მორისონთან ერთად მის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ცოცხლად შეასრულა.

14. Pink Floyd - Arnold Layne

1967

ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის სადებიუტო სინგლში ტრანსვესტიტი მამაკაცის ამბავია მოთხრობილი, რომელიც ქალის საცვლებს იპარავს. ეს ისტორია ჰალუცინოგენებით გამძაფრებული ფანტაზიის ნაყოფი არ გახლდათ - კოლექტივის წევრების, როჯერ უოტერსისა და სიდ ბარეტის მშობლები ბინებს ადგილობრივი კოლეჯის მოსწავლე გოგონებზე აქირავებდნენ, მათი ფანჯრების წინ გასაშრობად გაფენილ თეთრეულს კი ვიღაც უცნობი აქრობდა, რომელსაც მუსიკოსებმა არნოლდ ლეინი შეარქვეს.

სინგლის გამოსვლისას ბენდს ცენზურასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, რადგან ფირფიტის მეორე მხარეს ჩაწერილი კომპოზიციის Candy and a Currant Bun ტექსტში ნარკოტიკული თრობის პროცესი იყო აღწერილი. 

13. Radiohead - Creep

1992

ხშირია შემთხვევა, როდესაც არტისტებს კარიერის დასაწყისში შექმნილი ნამუშევრები გულზე დიდად არ ეხატებათ. საკულტო ბრიტანული როკ ჯგუფის, Radiohead-ის სადებიუტო სინგლი სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია. თავის დროზე კოლექტივის პირველ პერფორმანსებს მსმენელები მხოლოდ Creep-ის ხათრით ესწრებოდნენ და მათი სხვა ტრეკების მიმართ გულგრილად იყვნენ განწყობილნი. ეს ფაქტი მუსიკოსებს ისე აღიზიანებდათ, რომ 2016 წლამდე მათ საკონცერტო რეპერტუარში კომპოზიცია თითქმის არ ჩნდებოდა.

აღსანიშნავია, რომ სიმღერის მელოდია ინგლისური ბენდის, The Hollies-ის 1972 წლის ჩანაწერიდან The Air That I Breathe არის ნასესხები, რომლის კომპოზიტორებს, ალბერტ ჰამონდსა და მაიკ ჰეზლვუდს საავტორო უფლებები "რედიოჰედის" ჰიტზეც გადაუნაწილდათ.

12. The Velvet Underground & Nico - All Tomorrow's Parties

1966

საკულტო ამერიკული ჯგუფის, The Velvet Underground-ისა და გერმანელი შემსრულებლის, კრისტა პეფგენის, იგივე ნიკოს კოლაბორაციამ როკ მუსიკის განვითარების გზა სამუდამოდ შეცვალა. მათი სადებიუტო სინგლის პირველ მხარეს ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულად სევდიანი და ლამაზი კომპოზიცია All Tomorrow's Parties იკავებს, მეორეს კი არანაკლებ ემოციური, სასიყვარულო სიმღერა I'll Be Your Mirror.

ჩანაწერის სახელწოდება ფრთიან ფრაზად იქცა და სხვადასხვა დროს მისი შთაგონებით სამეცნიერო-ფანტასტიკური ნოველა, მხატვრული ფილმი და მუსიკალური ფესტივალიც კი მოინათლა. აღსანიშნავია, რომ არტისტების მენტორი, ლეგენდარული ხელოვანი ენდი უორჰოლი საკუთარი პროტეჟეების შემოქმედებიდან ფავორიტად სწორედ ამ ნამუშევარს ასახელებდა.

11. The Stooges - I Wanna Be Your Dog

1969

პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ერთ-ერთ პირველ პანკ ჩანაწერს ფონად არც მეტი, არც ნაკლები, საახალწლო ზანზალაკების ხმა გასდევს. ლეგენდარული The Stooges საკუთარ ნამუშევრებში უჩვეულო ინსტრუმენტებს ხშირად იყენებდა, მათი სადებიუტო სინგლის პროდიუსერი და თანაავტორი კი ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი ბენდის, The Velvet Underground-ის წევრი, ორიგინალური ექსპერიმენტებით განთქმული ჯონ კეილი გახლდათ.

ჯგუფის ფრონტმენის, იგი პოპის მიერ მისი სექსუალური ფეტიშების შესახებ შექმნილ სიმღერას უზარმაზარი პოპულარობა ხვდა წილად. ჟანრის სიმბოლოდ ქცეული კომპოზიცია სხვადასხვა დროს ათობით გამოჩენილმა არტისტმა გადაამღერა და ის უამრავი ფილმისა თუ სატელევიზიო შოუს საუნდტრეკად იქცა.

10. King Crimson - The Court of the Crimson King

1969

დღეს უკვე საკულტო სტატუსის მქონე, საყოველთაოდ აღიარებული ჩანაწერების ნაწილი თავის დროზე განსაკუთრებული პოპულარობით ვერ სარგებლობდა. ამის თვალსაჩინო მაგალითი ლეგენდარული პროგრესივ როკ ჯგუფის, King Crimson-ის პირველი სტუდიური ნამუშევარია. დღესდღეობით მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად მიჩნეული In the Court of the Crimson King კრიტიკოსების ნაწილმა გამოსვლისთანავე აითვალწუნა. თუმცა, ბენდის სადებიუტო სინგლმა, რომელზეც ამ ნამუშევრის ბოლო ტრეკი იყო წარმოდგენილი, "ბილბორდის" ჩარტის საუკეთესო ასეულში მოხვედრა მაინც შეძლო.

აღსანიშნავია, რომ კომპოზიციის დასამახსოვრებელი მელოდია გამოჩენილი ამერიკელი კომპოზიტორის, სემუელ ბარბერის ნაწარმოებიდან Easy for Orchestra არის ნასესხები.

9. Gorillaz - Clint Eastwood

2001

თავის დროზე კრიტიკოსთა და მსმენელთა ნაწილი დეიმონ ალბარნის მიერ Gorillaz-ის შექმნის იდეას სკეპტიკურად შეხვდა - ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტპოპ ბენდის, Blur-ის ფრონტმენს ჰიპ ჰოპისა და ელექტრონიკის ჟანრებში ბედი არასდროს ეცადა. თუმცა, ვირტუალური ჯგუფის მიერ პირველი ნამუშევრების გავრცელებისთანავე ნათელი გახდა, რომ პროექტი პოპულარობისთვის იყო განწირული. 

წარმატების მიღწევაში გამორჩეული როლი სადებიუტო სინგლმა Clint Eastwood ითამაშა. დეიმონმა "გორილაზის" საფირმო ჟღერადობას Deltron 3030-თან თანამშრომლობისას მიაგნო, ამ ჩანაწერში მას პარტნიორობას სწორედ კალიფორნიული ჰიპ ჰოპ კოლექტივის წევრები, პროდიუსერი Dan the Automator და რეპერი Del the Funky Homosapien უწევენ.

8. Queen - Keep Yourself Alive

1973

დღეს Queen ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და მნიშვნელოვან როკ კოლექტივად ითვლება, თუმცა, სცენაზე მათი პირველი ნაბიჯები იოლი სულაც არ ყოფილა. მუსიკოსებს თავის დასამკვიდრებლად არაერთი სირთულის გადალახვა მოუწიათ. მათი სადებიუტო სინგლი ჩარტებშიც კი ვერ მოხვდა და კრიტიკოსებისა თუ მსმენელების ყურადღების მიღმა დარჩა.

Keep Yourself Alive ლეგენდარული ჯგუფის თავდაპირველი ხელწერის გამორჩეული ნიმუშია. კომპოზიციას ბრწყინვალე პროდაქშენი გამოარჩევს, რაც გიტარისტ ბრაიან მეის პერფექციონიზმისადმი მანიაკალური სწრაფვის დამსახურებაა - მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ხმის ინჟინერს, მაიკ სთოუნს მიქსინგის პროცესის ჩატარება რვაჯერ მოუწია.

7. Britney Spears - ...Baby One More Time

1998

"ხალხს პოპ ჯგუფების მოსმენა სურს და არა სოლო არტისტების. სამყარო ახალ მადონას ვერასდროს იხილავს", - 1997 წელს ბრიტნი სპირსი უარით ზედიზედ სამმა ლეიბლმა გამოისტუმრა. დამწყები შემსრულებლის პოტენციალი მხოლოდ JIVE Records-ის წარმომადგენლებმა შენიშნეს და გადაწყვიტეს, გოგონასგან ახალი სუპერვარსკვლავი შეექმნათ.

ბრიტნის სადებიუტო სინგლზე სამუშაოდ მენეჯერებმა უნიკალური ხელწერით ცნობილ კომპოზიტორსა და პროდიუსერს, მაქს მარტინს მიაკითხეს. შვედმა მუსიკოსმა მათ სიმღერის ...Baby One More Time დემო ვერსია შესთავაზა, რომელიც თავდაპირველად არენბი კოლექტივისთვის TLC იყო განკუთვნილი. მათი თანამშრომლობის შედეგად ჩაწერილი ნამუშევრის წარმატებაზე საუბარი კი, ალბათ, ზედმეტიცაა.

6. Bauhaus - Bela Lugosi's Dead

1979

პირველივე კომპოზიციით ჩარტებში მოხვედრა დამწყები არტისტებისთვის დიდი მიღწევაა. საკულტო ინგლისური პოსტ პანკ ბენდი Bauhaus კი ამაზე გაცილებით შორს წავიდა და სადებიუტო სინგლით სავსებით ახალი ჟანრის პიონერად მოგვევლინა - გოთიკის ერთ-ერთ პირველ ნიმუშად სწორედ Bela Lugosi's Dead ითვლება.

ათწუთიანი, ეპიკური სიმღერის შთაგონების წყარო უნგრული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი, ბელა ლუგოში გახდა, რომელმაც საშინელებათა ფილმებში დრაკულას როლის შესრულებით გაითქვა სახელი. პიტერ მერფიმ და კომპანიამ ოცწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში არაერთი შთამბეჭდავი ალბომი გამოსცეს, თუმცა, კოლექტივის შემოქმედებაში ყველაზე წარმატებული ნამუშევარი მათი პირველი, ეპოქალური ჩანაწერი აღმოჩნდა.

5. The Beatles - Love Me Do

1962

ეს სიმღერა ჯონ ლენონმა და პოლ მაკკარტნიმ ჯერ კიდევ 1958 წელს, მოზარდობის ასაკში დაწერეს. მისი ტექსტი პოლის მაშინდელ მეგობარ გოგონას, ირის კოლდუელს ეძღვნებოდა. 1962 წელს The Beatles-ის პროდიუსერმა, ჯორჯ მარტინმა კომპოზიცია ლეიბლ Parlophone-ის მესვეურებს წარუდგინა, რომლებიც იმდენად უკმაყოფილოები დარჩნენ, რომ ერთ-ერთმა მათგანმა სრული სერიოზულობით იკითხა, რომელიმე მოცლილი კომიკოსის უკბილო ხუმრობასთან ხომ არ გვაქვს საქმეო.

ასეთი განწყობის მიუხედავად, ჯგუფის მენეჯერი, ბრაიან ეპსტაინი იმდენად იყო დარწმუნებული ბიჭების შესაძლებლობებში, რომ სადებიუტო სინგლის ჩარტებში მოსახვედრად რამდენიმე ათასი ეგზემპლარი საკუთარი ხარჯებით შეიძინა. სწორედ ასე გაჩნდა "ბითლომანიის" პირველი ნაპერწკალი, რომლისგან გაჩაღებული ხანძარიც მცირე ხანში მთელ მსოფლიოს მოედო.

4. Wu-Tang Clan - Protect Ya Neck

1993

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ კოლექტივის კარიერა 1993 წელს გამოცემული სინგლით Protect Ya Neck დაიწყო. დამწყები არტისტებისთვის მსხვილ ლეიბლთან კონტრაქტის გაფორმება იმ პერიოდში მიუწვდომელ ოცნებას წარმოადგენდა. თუმცა, ჯგუფის წევრები ნიუ იორკის მკაცრ გეტოებში გაზრდილი ბიჭები გახლდნენ და თამაშსაც თავისი წესებით აპირებდნენ.

მათ სადებიუტო კომპოზიცია Protect Ya Neck საკუთარი ფინანსებით ჩაწერეს, დისკებს კი ხან ადგილობრივ კლუბებში ავრცელებდნენ, ხანაც საკუთარი ავტომობილებიდან ყიდდნენ. ნამუშევარს მუსიკოსებისთვის განსაკუთრებული კომერციული წარმატება არ მოუტანია, თუმცა, Wu-Tang Clan-ის რეპუტაცია იმდენად განამტკიცა, რომ ცოტა ხანში ხმის ჩამწერი კომპანიის, Loud Records-ის წარმომადგენლებმა მათ კონტრაქტის გასაფორმებლად თავად მიაკითხეს.

3. Sex Pistols - Anarchy in the U.K.

1976

ლეგენდარული პანკ როკ კოლექტივის სადებიუტო სინგლმა, რომლის ტექსტიც მსმენელებს ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა, გაერთიანებულ სამეფოში დიდი აურზაური გამოიწვია. "სექს პისტოლსმა" მედიის ყურადღება მიიპყრო და მცირე ხანში ბილ გრანდის შოუშიც აღმოჩნდა. ბრიტანულ ტელევიზიას არ ახსოვს ბილწსიტყვაობის ისეთი კორიანტელი, რომელიც მუსიკოსებმა პირდაპირ ეთერში დააყენეს. ლანძღვა-გინება არც წამყვანს დააკლდა, რომელმაც მათი მეგობრის, საკულტო პოსტ პანკ ჯგუფის, Siouxsie and the Banshees-ის ლიდერის, სიუზი სიუს მიმართ ორაზროვანი კომენტარი გააკეთა

ინციდენტის შედეგად ბრიტანულმა რადიოსადგურებმა ჯგუფის შემოქმედება შავ სიაში შეიტანეს, ხმის ჩამწერმა კომპანიებმა კი მათთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს. EMI-მ არტისტებთან კონტრაქტი გაწყვიტა და Anarchy in the U.K გაყიდვიდან ამოიღო. ამ ყველაფრის მიუხედავად კოლექტივმა სულ რაღაც ერთ წელიწადში სადებიუტო ალბომი Never Mind the Bollocks, Here's the Sex Pistols გამოუშვა და არნახულ წარმატებასაც მიაღწია.

2. The Jimi Hendrix Experience - Hey Joe

1966

1966 წელს ჯგუფ The Animals-ის ყოფილმა ბასისტმა, ჩეს ჩენდლერმა გადაწყვიტა, პროდიუსერის კარიერა დაეწყო. ნიჭიერი მუსიკოსების ძიებისას, ის ნიუ იორკის ერთ-ერთ კლუბში ახალგაზრდა ჯიმი ჰენდრიქსს გადააწყდა, რომელიც მსმენელთა წინაშე ჯიმი ჯეიმსის ფსევდონიმით გამოდიოდა.

ჩესი მყისვე მიხვდა, რა იშვიათ ტალანტთან ჰქონდა საქმე და არტისტს კონტრაქტი გაუფორმა. ახალშექმნილმა კოლექტივმა The Jimi Hendrix Experience სადებიუტო სინგლისთვის პოპულარული სიმღერა Hey Joe განსხვავებული არანჟირებით შეასრულა. ჩანაწერი ჰიტად და კომპოზიციის ახალ სტანდარტად იქცა, ჰენდრიქსმა კი სამ წელიწადში ვუდსტოკის ლეგენდარული ფესტივალი სწორედ ამ სიმღერის შესრულებით დახურა.

1. Portishead - Numb

1994

1990-იან წლებში ტრიპ ჰოპს ხშირად, უბრალოდ, "ბრისტოლურ ჟღერადობად" მოიხსენიებდნენ. ინგლისის ამ ქალაქის ჟანრის მექად ქცევაში სხვა არტისტებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი იქ ჩამოყალიბებულმა კოლექტივმა Portishead შეიტანა.

ჯგუფის საფირმო, უაღრესად ინტიმური და მელანქოლიური ესთეტიკა მათ სადებიუტო სინგლშივე Numb აისახა. რეი ჩარლზის სიმღერის I Got a Woman სემპლზე შექმნილი ინსტრუმენტალისა და ბეტ გიბონსის დაუვიწყარი ვოკალის სინთეზმა ჯგუფს პოპულარობა სწრაფად მოუპოვა. დღეს უკვე საკულტო სტატუსის მქონე ჩანაწერმა კრიტიკოსების ერთსულოვანი აღფრთოვანება დაიმსახურა. ის მიმდინარეობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიციად ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული