Thumbnail

დონალდ ტრამპი: ვიდეოები ვნახე და ნათელია, რომ ASAP Rocky-ს ავიწროვებდნენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ცნობილი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ASAP Rocky-ს შვედეთში დაკავებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ტრამპის თქმით, ვიდეოჩანაწერების ხილვის შემდეგ, მისთვის ცხადი გახდა, რომ რეპერს აედევნენ და ავიწროვებდნენ.

► შვედეთის პროკურატურამ ASAP Rocky-ს ბრალი წარუდგინა

► ASAP Ferg: ASAP Rocky თავს კარგად გრძნობს, მას სახლში დაბრუნება უნდა

► დონალდ ტრამპი: მზად ვარ, ASAP Rocky-ს თავდებში ჩავუდგე

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ შვედეთის პრემიერი, სტეფან ლევენი ვერაფერს ახერხებს. აშშ-ში მცხოვრები აფროამერიკელი საზოგადოება ძალიან განაწყენებულია. როქის ვიდეოებს ვუყურე, რომლებშიც კარგად ჩანს, რომ მას ბოროტმოქმედები უკან მიჰყვებოდნენ და ავიწროვებდნენ. მოექეცით ამერიკელებს სამართლიანად!", - წერს ტრამპი ტვიტერზე.

ამის შემდეგ აშშ-ის პირველმა პირმა შვედეთს რეალური კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

"დაუბრუნეთ როქის თავისუფლება. შვედეთისთვის ბევრ რამეს ვაკეთებთ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს დამოკიდებულება ორმხრივი არ არის. სჯობს, რეალურ კრიმინალზე ფოკუსირდეთ", - აცხადებს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ახალი თაობის ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი, ეისეფ როქი 3 ივლისს დააკავეს. რეპერი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმს ფესტივალში Smash X Stadion მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა. ქუჩაში სასეირნოდ გამოსულ როქისა და მის მეგობრებს ორი ახალგაზრდა მამაკაცი აედევნა, რომლებიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. არტისტის თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები მას რამდენი კვარტლის მანძილზე აწუხებდნენ და ყურსასმენების დაბრუნებას მოითხოვდნენ, რომლებიც, მათი მტკიცებით, როქის დაცვის წევრმა დაუმტვრია. სამართალდამცველები შემსრულებელს თავდასხმასა და ცემაში სდებენ ბრალს. ეისეფს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

► ASAP Rocky შესაძლოა, 6 წლით დააპატიმრონ

ეისეფ როქიმ მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ ალბომებს Long.Live.A$AP და At.Long.Last.A$AP, ასევე, მიმდინარე წელს გავრცელებულ სტუდიურ ჩანაწერს Testing მოიცავს. სოლო კარიერის გარდა, რეპერი შემოქმედებითი გაერთიანება ASAP Mob-ის ერთ-ერთი ლიდერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული