Thumbnail

10 საინტერესო ფაქტი 30 Seconds to Mars-ის შესახებ

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

13 აგვისტოს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე კონცერტს პოპულარული ამერიკული ჯგუფი 30 Seconds to Mars გამართავს. კოლექტივი საქართველოს ბოლო ალბომის America მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

► მოიგე 2 ბილეთი 30 Seconds to Mars-ის კონცერტზე

თუ არ იცით, როგორ გაიყვანოთ საყვარელი შემსრულებლების კონცერტამდე დარჩენილი დრო, გირჩევთ, ჩვენთან ერთად გაეცნოთ 10 საინტერესო ფაქტს 30 Seconds to Mars-ის შესახებ. 

10. ჯარედ და შენონ ლეტოები ჰიპების კომუნაში გაიზარდნენ 

ჯგუფის დამფუძნებლები, ჯარედ და შენონ ლეტოები ძმები არიან. მათი დედა, კონსტანსი ჰიპი იყო და ბიჭებიც მუსიკოსების, ფოტოგრაფების, მხატვრებისა და მსახიობების გარემოცვაში აღიზარდნენ. ამან მათ საშუალება მისცა, შემოქმედებითი ექსპერიმენტებით ადრეულ ასაკშივე დაკავებულიყვნენ. ძმები ერთად ბავშვობიდან უკრავდნენ, 1998 წელს კი საკუთარი ბენდი Thirty Seconds to Mars ჩამოაყალიბეს.

9. დევიდ ბოუის პატივსაცემად ჯგუფს ადრე Life on Mars ერქვა

მუსიკალური კარიერის დასაწყისში ძმებმა ჯგუფის სახელწოდება არაერთხელ შეცვალეს. ერთ დროს ბენდს დევიდ ბოუის პატივსაცემად მისი სიმღერის სახელი Life on Mars ერქვა, თუმცა, საბოლოოდ ლეტოებმა არჩევანი 30 Seconds To Mars-ზე შეაჩერეს.

ერთ-ერთი ვერსიით, სახელის ინსპირაცია ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის ნაშრომი იყო, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ჯგუფის თაყვანისმცემლების შეკითხვებით შეწუხებულმა ჰარვარდის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკამ წერილი გამოქვეყნა, მსგავსი პუბლიკაცია ჩვენს არქივში ვერ მოვიძიეთო. თავად ჯარედისა და შენონის თქმით კი, ეს სახელწოდება მათ კაცობრიობის მზარდმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა შთააგონა. "ჩვენ მარსიდან მართლაც ოცდაათი წამი გვაშორებს. ყველაფერი აქ და ახლა, ძალიან სწრაფად ხდება. ეს სიგიჟეა", - აღნიშნა შენონმა Virgin Records-თან ინტერვიუში.

8. სადებიუტო ალბომის ჩაწერაში ჯგუფს Pink Floyd-ის პროდიუსერი, ბობ ეზრინი დაეხმარა

2001 წლამდე ძმები ამერიკის პატარა კლუბებში უკრავდნენ, თუმცა, ნელ-ნელა მათმა მუსიკალურმა საქმიანობამ სერიოზული სახე მიიღო და ლეტოებმაც ხმის ჩამწერ სტუდიებს მიაშურეს. 

დემო ჩანაწერების მოსმენის შემდეგ, ბენდთან თანამშრომლობა Pink Floyd-ის, Kiss-ისა და ელის კუპერის პროდიუსერმა, ბობ ეზრინმა ისურვა. ბიჭები მის შეთავაზებას სიხარულით დასთანხმდნენ და კოლექტივის იმდროინდელ გიტარისტთან, სოლონ ბიქსლერთან ერთად ალბომის ჩასაწერად ვაიომინგის შტატში გაემგზავრნენ. 60 კვადრატულ კილომეტრზე გაშენებულ ყოფილ სასაწყობე მეურნეობაში მუსიკოსებმა ერთი წელი გაატარეს. განმარტოებამ შედეგი გამოიღო - სინგლი Capricorn (A Brand New Name) და ჯგუფისვე სახელწოდების სადებიუტო ჩანაწერი 2002 წელს გამოვიდა და კრიტიკოსთა დადებითი შეფასებაც დაიმსახურა.

7. სიმღერაზე A Beautiful Lie კლიპი გრენლანდიაში გადაიღეს

ბენდის კლიპები ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მაგალითად, სიმღერაზე A Beautiful Lie ვიდეორგოლი გრენლანდიაში გადაიღეს. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოლექტივს 192 სხვადასხვა სახის დაზღვევის გაკეთება მოუწია. გადამღებმა ჯგუფმა აისბერგზე მუშაობაზე უარი თქვა, ამიტომ მუსიკოსები აპარატურას თავად დაატარებდნენ. ვერტმფრენის პილოტებმა კი გამოაცხადეს, რომ, თუ არტისტები დროზე არ დაბრუნდებოდნენ, გაფრენა მათ გარეშე მოუხდებოდათ. 

კლიპის გადაღების პროცესში ჯარედს ფეხი დაუცდა და კინაღამ კლდიდან გადაიჩეხა. თუმცა, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, ლეტომ 39-საათიანი მასალის შეგროვება მოახერხა. მონტაჟს რამდენიმე თვე დასჭირდა. საბოლოოდ ვიდეომ, რომელიც გლობალური დათბობის საფრთხეებს ეძღვნება, არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა და ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტისთვის თანხების შეგროვებასაც შეუწყო ხელი.

6. ალბომის This Is War ჩაწერაში ჯგუფის ათასზე მეტი ფანი მონაწილეობდა

მესამე სტუდიური ალბომის This Is War ჩაწერაში ლეტოებმა ჯგუფის ათასზე მეტი თაყვანისმცემელი ჩართეს. ლოს ანჯელესში გამართულ შეხვედრაზე ჯარედმა ბენდის ერთგულ მსმენელებს სთხოვა, მუსიკალურ ექსპერიმენტში მიეღოთ მონაწილეობა, რაც არტისტებს საშუალებას მისცემდა, მათი კოლექტიური არაცნობიერი ინსტრუმენტად ექციათ.

შეკრებილებს ერთმანეთთან უნდა ესაუბრათ, ეჩურჩულათ, ემოძრავათ და გარკვეული ბგერები გაემეორებინათ. ჩაწერილი მასალა ალბომში შესული კომპოზიციების ნაწილად იქცა. აღსანიშნავია ისიც, რომ ალბომისთვის 2,000 უნიკალური ქავერი შეიქმნა, რომლებზეც ბენდის ფანების სახეებია გამოსახული.

5. 30 Seconds to Mars არაერთ საქველმოქმედო პროექტშია ჩართული

ჯგუფის წევრები და მათი თაყვანისმცემლები არაერთ საქველმოქმედო პროექტში არიან ჩართული. უკვე 11 წელია, ისინი უსახლკარო ადამიანების თავშესაფრით უზრუნველყოფაზე ზრუნავენ. ამ დროის განმავლობაში მათ საკუთარი ხელით 30-ზე მეტი სახლი ააშენეს. 

ყველაზე მასშტაბური პროექტი მუსიკოსებმა ჰაიტის მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად განახორციელეს. საქველმოქმედო აუქციონზე კონცერტის ბილეთების, ჯარედის გადაღებული ფოტოებისა და ჯგუფთან დაკავშირებული ნივთების გაყიდვით მათ 100,000 დოლარის შეგროვება შეძლეს. ამის გარდა, ჯარედი და შენონი აქტიურად არიან ჩართული გარემოსდაცვით აქტივობებში და ხშირად საუბრობენ უმცირესობების პრობლემებზე.

4. 30 Seconds to Mars-ს საკუთარი მუსიკალური ფესტივალი აქვს 

2015 წელს ჯგუფმა თაყვანისმცემლებს კიდევ ერთი სურპრიზი მოუმზადა და მუსიკალური ფესტივალი Camp Mars დააარსა. მის სტუმრებს, მუსიკის მოსმენის გარდა, საშუალება აქვთ, თავი ცურვით, ტყეში სეირნობით, კლდეზე ცოცვით, სპორტული აქტივობებით, იოგას გაკვეთილებით ან, უბრალოდ, ბენდის წევრებთან ერთად კოცონის გარშემო ჯდომითა და საშიში ისტორიების მოყოლით შეიქციონ. სანტა მონიკას მთებში გამართულ სამდღიან ღონისძიებას ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრება.

3. სიმღერაზე Hurricane გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი ცენზურას ემსხვერპლა

სამსახიობო და მუსიკალური კარიერის პარალელურად, ჯარედ ლეტო რეჟისორის ფუნქციებსაც ითავსებს ხოლმე. მის მიერ სიმღერაზე Hurricane გადაღებულმა ვიზუალურმა ნამუშევარმა 2009 წელს დიდი სკანდალი გამოიწვია. 12-წუთიანი ექსპერიმენტული ფილმის სიუჟეტი ჯარედის, შენონისა და ჯგუფის მაშინდელი გიტარისტის, ტომო მილიშევიჩის სასიყვარულო ისტორიებსა და მათ შიშებზეა აგებული. 

"ეს სიურრეალისტური ღამის კოშმარია. თქვენ ხედავთ ნიუ იორკის ბნელ, უკაცრიელ ქუჩებს და ბენდის წევრებს, რომლებიც საკუთარი ფეტიშების, შიშებისა და გამოწვევების პირისპირ რჩებიან", - აღნიშნა ჯარედმა MTV-ისთან ინტერვიუში. ეროტიკული და ძალადობის შემცველი სცენების გამო კლიპი არაერთმა მუსიკალურმა არხმა დაბლოკა.

2. ჯარედ ლეტო ვეგანობის 26 წელს ითვლის 

ჯარედი უკვე 26 წელია, ვეგანია. მის საყვარელ საჭმელებს შორის სახლში დამზადებული მიწის თხილის კარაქით შეზავებული გამომცხვარი შვრიის ფანტელები, მოხალული წიწაკიანი მუხუდო და ტყუილი ორაგულის სალათი შედის. თუმცა, ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში ლეტომ გაამხილა, რომ ზოგჯერ ცხოველურ საკვებსაც შეექცევა, მაგრამ თავად არასდროს უკვეთავს და ასე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევა, თუ მოულოდნელად მეგობრის დედა თავის გამომცხვარ ტკბილეულს შესთავაზებს ან ალასკაზე მოგზაურობისას ვინმე ახლად დაჭერილ მდინარის ორაგულს მიაწვდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წელს ცხოველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ PETA მუსიკოსი წლის ყველაზე სექსუალურ ვეგანად აღიარა.

1. 30 Seconds to Mars ათობით ჯილდოს ფლობს

ამ დროისთვის ჯგუფს 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული და ათეულობით პრესტიჟულ ჯილდოს ფლობს. მათ შორისაა გამარჯვებები Billboard-ის ერთ, Kerrang!-ის ექვსსა და MTV Europe-ის ცხრა ნომინაციაში.

კოლექტივის ბოლო ჩანაწერმა America, რომელმაც დღის სინათლე 2018 წელს იხილა, Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული