Thumbnail

19 წლის რეპერს, Tay-K-ის 55 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

19 წლის კალიფორნიელ ჰიპ ჰოპ არტისტს, ტეიმორ მაკინტაირს, ფსევდონიმით Tay-K, მკვლელობისა და ძარცვის არაერთი ფაქტისთვის 55 წლით პატიმრობა მიესაჯა. მას ჯამში 21,000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.

2016 წელს 16 წლის ტეიმორი თანამზრახველებთან ერთად გაძარცვის მიზნით 21 წლის ითან უოკერის სახლში შეიჭრა და ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა. მას სასამართლო გადაწყვეტილებამდე შინაპატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, არტისტმა ელექტრონული სამაჯური გადაჭრა და ტექსასში, ქალაქ სან ანტონიოში გაიქცა. მას პოლიცია 2017 წლის მაისამდე ეძებდა. ამ პერიოდში მაკინტაირმა 23 წლის მარკ სალდივარიც მოკლა. მან ასევე გაძარცვისას 65 წლის მამაკაცი დაჭრა. სასამართლოს ამ საქმეების განხილვა ჯერჯერობით არ დაუსრულებია. ამასთან, რეპერს საპატიმროში მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს.

"მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ არ შეგვიძლია ამ ადამიანის კონტროლი. ვერ ვაკონტროლებთ, როდესაც ქუჩაშია და ვერც მაშინ, როდესაც გისოსებს მიღმაა", - განაცხადა საქმის პროკურორმა ჯიმ ჰადსონმა.

აღსანიშნავია, რომ შემსრულებელმა პატიმრობაში ყოფნისას ციხეში ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბება სცადა.

Tay-K-იმ მუსიკალური მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. თავდაპირველად ის ჰიპ ჰოპ გაერთიანების Daytona Boyz წევრი იყო. არტისტს პოპულარობა კომპოზიციამ The Race მოუტანა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მოხვდა. მას ამ დროისთვის ერთი მიქსტეიპი და რამდენიმე სინგლი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული