Thumbnail

ეპოქალურმა ქუინსელმა რეპერმა, ნასირ ესკობარ ჯოუნსმა, ფსევდონიმით Nas, ცოტა ხნის წინ ახალი კომპილაციური ალბომი The Lost Tapes 2 გამოუშვა. გთავაზობთ ვეტერანი რეპერის სტუდიური ნამუშევრის ერთ-ერთ გამორჩეულ კომპოზიციას Adult Film. ტრეკში კიდევ ერთი ნიუ იორკელი არტისტი, ჟანრის გავლენიანი წარმომადგენელი Swizz Beatz მონაწილეობს, რომელმაც ნასირთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა. ჩანაწერის პროდიუსერიც სწორედ ის გახლავთ. სვიზ ბითსმა ინსტრუმენტალში ცნობილი მუსიკოსის, რობერტ გლასპერის ნამუშევრის Reckoner სემპლი გამოიყენა.

► მოუსმინეთ: Nas ახალ ალბომს The Lost Tapes 2 ავრცელებს 

► რეპერი Nas საბავშვო წიგნს I Know I Can გამოუშვებს 

► ნახეთ: Swizz Beatz და Nas კომპოზიციის Echo ვიდეორგოლს ავრცელებენ 

ნასირ ჯოუნსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1991 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო, "ჰიპ ჰოპის ბიბლიად" წოდებული სტუდიური ნამუშევარი Illmatic 1994 წელს გავრცელდა. დღეისთვის ნიუ იორკელი არტისტის შემოქმედება 11 სოლო ალბომს, დემიენ მარლისთან და გაერთიანება The Firm-თან ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტებსა და სხვა წარმატებულ ნამუშევრებს აერთიანებს. ნასი არაერთმა ცნობილმა მუსიკალურმა გამოცემამ ყველა დროის 10 საუკეთესო რეპერს შორისაც დაასახელა.

მუსიკოსის სახელს ჰიპ ჰოპის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დაპირისპირებაც უკავშირდება. მსმენელთა აზრით, ნასისა და ჯეი ზის ბიფში დის-ჩანაწერით Ether სწორედ "ესკობარმა" გაიმარჯვა. თუმცა, მას შემდეგ რეპერებმა არაერთხელ ითანამშრომლეს და დღემდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული