Thumbnail

ვარსკვლავებით მოჭედილი ცის, უცხო პლანეტებისა თუ შორეული გალაქტიკების შთაგონებით არაერთი შესანიშნავი სიმღერაა დაწერილი. ჩვენს სიაში სწორედ კოსმოსის შესახებ შექმნილ ათ გამორჩეულ კომპოზიციას შემოგთავაზებთ.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Elton John - Rocket Man

რეი ბრედბერის ამავე სახელწოდების სამეცნიერო-ფანტასტიკური მოთხრობა კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრზე მოგვითხრობს, რომელსაც დედამიწაზე გული ვარსკვლავებით მოჭედილი ცისკენ მიუწევს, მარსზე ყოფნისას კი თავისი ცოლ-შვილისკენ. ელტონ ჯონის ათობით ჰიტის თანაავტორმა, პოეტმა და მუსიკოსმა ბერნი ტოპინმა Rocket Man-ის ტექსტი სწორედ ბრედბერის თხზულების გავლენით დაწერა, ლეგენდარულმა არტისტმა კი მეგობრის ლირიკაზე დაყრდნობით საკუთარ შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო ბალადა შექმნა.

9. Jamiroquai - Cosmic Girl

1970-იანი წლების მიწურულს დისკოს ერთ-ერთი ქვეჟანრი, სფეის დისკო ჩამოყალიბდა, რომელიც მიმდინარეობისთვის დამახასიათებელ ელემენტებთან ერთად ფუტურისტული ჟღერადობით, სპეციფიკური ვიზუალური სტილითა და კოსმოსური თემატიკით შთაგონებული ტექსტებით გამოირჩეოდა. 1996 წელს Jamiroquai-მ კომპოზიციაში Cosmic Girl სწორედ ეს, იმ დროისთვის თითქმის მივიწყებული მიმართულება გააცოცხლა და ამერიკული ჩარტების ტოპ ათეულშიც მოექცა. სხვათა შორის, ტრეკის მიხედვით შექმნილ ვიდეორგოლში გადაღებული სამი ძვირადღირებული ავტომობილიდან ერთ-ერთი, Ferrari F40 ლეგენდარული Pink Floyd-ის დრამერს, ნიკ მეისონს ეკუთვნის და კლიპში მანქანასაც სწორედ ეს უკანასკნელი მართავს.

8. Kraftwerk - Spacelab

ამ კომპოზიციის მოსმენისას, ცოტა არ იყოს, რთული დასაჯერებელია, რომ ასეთი ჟღერადობისა და სტრუქტურის მქონე ნამუშევარი 1970-იანი წლების მიწურულს ჩაიწერა. Spacelab ელექტრონული მუსიკის გერმანელი პიონერების მიერ 1978 წელს გამოცემულ ეპოქალურ ალბომში The Man-Machine შევიდა, 40 წლის შემდეგ კი შტუტგარტის ჯაზ ფესტივალზე არტისტებს მისი შესრულებისას პარტნიორობა კოსმონავტმა ალექსანდრ გერსთმა გაუწია, რომელმაც ტრეკის შესავალი, არც მეტი, არც ნაკლები, საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დაუკრა.

7. Janelle Monae - Sally Ride

1983 წელს სალი რაიდი შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ქალი კოსმონავტი გახდა. მაშინ ჯერ კიდევ 32 წლის რაიდს არაერთი საპატიო ჯილდო და ტიტული მიენიჭა. ის სხვადასხვა დროს რამდენიმე პრესტიჟულ თანამდებობაზე მუშაობდა და მილიონობით ახალგაზრდისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა. ამ ყველაფრის ფონზე სალის პირადი ცხოვრება ბურუსით იყო მოცული. საიდუმლოს ფარდა მხოლოდ 2012 წელს, რაიდის გარდაცვალების შემდეგ აეხადა. აღმოჩნდა, რომ მას ბავშვობის მეგობართან, პროფესორ თემ ო’შანესისთან ოცდაშვიდწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. ასე მოგვევლინა სალი რაიდი ლგბტ თემის პირველ წარმომადგენლად კოსმოსში და ამერიკელი არტისტის, ჯანელ მონეს ამ მშვენიერი კომპოზიციის შთაგონების წყაროდ.

6. Brian Eno - An Ending (Ascent)

ემბიენთის პიონერის, ლეგენდარული ბრაიან ინოს უზარმაზარ დისკოგრაფიაში კოსმოსური თემატიკისადმი მიძღვნილი არაერთი ალბომი გვხვდება, თუმცა, 1983 წელს გამოცემული Apollo: Atmospheres and Soundtracks ცალკე გამოყოფას იმსახურებს. ხომალდ "აპოლოს" მისიებით შთაგონებული ნამუშევარი, რომლის ჩაწერაშიც მონაწილეობა მუსიკოსის ძმამ, როჯერ ინომ და გიტარისტმა, დანიელ ლანუამ მიიღეს, სფეის ემბიენთის სახელით ცნობილი მიმდინარეობის საუკეთესო ნიმუშად ითვლება. მასში შესული კომპოზიციებიდან კი გამორჩეულად შთამბეჭდავი An Ending (Ascent) აღმოჩნდა, რომელიც ათობით ფილმის, ტელესერიალის, ღონისძიებისა თუ ინსტალაციის საუნდტრეკად იქცა.

5. Daft Punk - Contact

ფრანგული ელექტრონული დუეტის შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი კოსმოსური თავგადასავლებითაა შთაგონებული. ამ მხრივ გამონაკლისი არც ეს კომპოზიციაა. მონოლოგი, რომელსაც პირველივე წამებიდან ვისმენთ, "აპოლო 17"-ის ეკიპაჟის წევრის, იუჯინ სერნანის მიერ მთვარეზე დაშვებამდე მცირე ხნით ადრე გადმოგზავნილი აუდიოსიგნალიდანაა ამოჭრილი. ეს ამერიკელი ასტრონავტი კაცობრიობის ისტორიაში ჯერჯერობით უკანასკნელ ადამიანად რჩება, რომელმაც ჩვენი პლანეტის ერთადერთ თანამგზავრზე დადგა ფეხი. მის სიტყვებს კი საოცარი ინსტრუმენტალი მოსდევს, რომელიც ძალზე მარტივად ახერხებს, მსმენელს კოსმოსისკენ მთელი სისწრაფით აჭრილი ხომალდის ბორტზე აგრძნობინოს თავი.

4. The Rolling Stones - 2000 Light Years from Home

1967 წლის ივნისში ლეგენდარული ინგლისური კოლექტივის, The Rolling Stones-ის ფრონტმენი, მიკ ჯაგერი ლონდონში ფსიქოსტიმულატორების შენახვისა და მოხმარების ბრალდებით დააკავეს. მუსიკოსს ბრიქსტონის საპყრობილეში მთელი ღამის გატარება მოუწია, თუმცა, დრო უქმად არ დაუკარგავს. მან ლექსი დაწერა დედამიწიდან 2,000 სინათლის წლით დაშორებულ, მარტოსულ კოსმონავტზე, რომელიც მეგობარს ალდებარანის სიახლოვეს ელოდება (მეცნიერული სიზუსტის ხათრით უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვარსკვლავი ჩვენი პლანეტიდან მხოლოდ 65 სინათლის წლითაა დაშორებული). ჯაგერის ტექსტი მცირე ხანში ჩვენს სიაში წარმოდგენილი კომპოზიციის ნაწილად იქცა, რომელიც ბენდის მერვე სტუდიურ ალბომში Their Satanic Majesties Request შევიდა.

3. Pink Floyd - Astronomy Domine

ლეგენდარული კოლექტივის სადებიუტო ალბომმა The Piper at the Gates of Dawn უდიდესი როლი შეასრულა კოსმოსითა და სამეცნიერო ფანტასტიკით შთაგონებული ჟანრის, სფეის როკის ჩამოყალიბებაში. ჩანაწერის გამხსნელი ტრეკი Astronomy Domine დღემდე ამ მიმდინარეობის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება. კომპოზიცია ბენდის იმდროინდელი პროდიუსერის, პიტერ ჯენერის მიერ მეგაფონში პლანეტების, ვარსკვლავებისა და გალაქტიკების ჩამოთვლით იწყება, მის მიერ წაკითხულ მონოლოგს კი მცირე ხანში უჩვეულო სტრუქტურის მქონე, ფსიქოდელიური ჟღერადობის ინსტრუმენტალი მოსდევს, რომლის მსგავსსაც მხოლოდ სიდ ბარეტის ეპოქის Pink Floyd-ის შემოქმედებაში თუ წააწყდებით.

2. Black Sabbath - Planet Caravan

ჰევი მეტალის პიონერების მეორე სტუდიური ალბომი Paranoid პირქუში მელოდიებითა და მძიმე რიტმებითაა სავსე. ამ ყველაფრის ფონზე კი ნამუშევარში მოულოდნელად ფსიქოდელიური, მსუბუქი ჟღერადობის კომპოზიცია Planet Caravan გვხვდება. ჯგუფისთვის ტრადიციული, ოკულტური თუ აპოკალიპტური თემებით შთაგონებული ლირიკის მქონე ჩანაწერებისგან ეს სიმღერა ტექსტითაც საგრძნობლად განსხვავდება. კოლექტივის წევრის, ბასისტ ჯიზერ ბათლერის თქმით, მასში საყვარელ ადამიანთან ერთად კოსმოსში მოგზაურობის ამბავია ასახული.

1. David Bowie - Space Oddity

დევიდ ბოუის ლეგენდარული კომპოზიცია 1969 წლის 11 ივლისს, მთვარისკენ პირველი მოგზაურობის დაწყებამდე სულ რაღაც 5 დღით ადრე გამოიცა. პირველად სწორედ ამ სიმღერის ტექსტში გამოჩნდა კოსმოსში დაკარგული ხომალდის ეკიპაჟის ერთადერთი წევრი, მაიორი ტომი, რომელიც მოგვიანებით არტისტის სხვა ეპოქალური ჰიტების მთავარი გმირი გახდა. ბოუის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული ნამუშევარი ხშირად გვევლინება კოსმოსთან დაკავშირებული ღონისძიებების საუნდტრეკად. 2018 წლის თებერვალში ილონ მასკის მიერ რაკეტა Falcon Heavy-თ კოსმოსში გაშვებულ წითელ Tesla Roadster-ში, სხვა სიმღერებთან ერთად, სწორედ Space Oddity ისმოდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული