Thumbnail

ამერიკაში 17 წლის ბიჭი ჰიპ ჰოპის მოსმენის გამო მოკლეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

არიზონას შტატში, ქალაქ ფინიქსში 27 წლის მაიკლ ადამსმა 17 წლის ელაიჯა ალ-ემინი ჰიპ ჰოპის მოსმენის გამო კისერში სასიკვდილოდ დაჭრა.

შემთხვევა ღამით, 01:30 საათზე მოხდა. ელაიჯა მაღაზიასთან გაჩერდა ავტომობილით, რომელშიც ჰიპ ჰოპ მუსიკა ჰქონდა ჩართული. თვითმხილველების მონათხრობით, ბიჭი გაზიანი სასმლის ყიდვას აპირებდა, როდესაც მაიკლი თავს დაესხა და კისერში დანა ჩაარტყა. პოლიციამ ბოროტმოქმედი ცხელ კვალზე, მაღაზიაშივე დააკავა. მას მარცხენა ხელი და ფეხი სისხლიანი ჰქონდა. სამართალდამცველებმა ცივი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

"ადამსმა განაცხადა, რომ ალ-ემინს მისთვის არაფერი დაუშავებია, უბრალოდ, მანქანაში რეპს უსმენდა. მისი თქმით, ეს მუსიკა მას დაუცველს ხდის, რადგან წარსულში ჰიპ ჰოპის მსმენელი შავკანიანი, ლათინოამერიკელი და ამერიკელი ადამიანები დაესხნენ თავს. ადამსი თვლის, რომ რეპის მოყვარულები მისთვის და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ", - ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ბოროტმოქმედმა დანაშაულის ჩადენამდე ორი დღით ადრე ციხე დატოვა. არსებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები აწუხებდა. თუმცა, არიზონას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის განცხადებით, ადამსის მენტალური მდგომარეობა საპატიმროში მძიმე არ ყოფილა და სწორედ ამიტომ 2 ივლისს მისი გათავისუფლება გადაწყვიტეს.

მაიკლის მომდევნო სასამართლო პროცესი 15 ივლისსაა ჩანიშნული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული