Thumbnail

რობი უილიამსი: ერთი პერიოდი მისტიკურ სახლში ვცხოვრობდი, სადაც სულების ხმები მესმოდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი, რობი უილიამსი ტელევარსკვლავ ჯო ვუდის პოდკასტს Alien Nation სტუმრობდა. წამყვანთან საუბარში მომღერალმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც პრიმროს ჰილზე მდებარე სახლში ცხოვრობდა, სადაც, მისი თქმით, პარანორმალური მოვლენები ხდებოდა. როგორც არტისტმა მოგვიანებით გაარკვია, ნაგებობა შავი ჭირით გარდაცვლილების დასაფლავების ადგილას იყო აშენებული.

"ლონდონში, პრიმროს ჰილზე ჩემს ყოფილ შეყვარებულთან ერთად ვცხოვრობდი. მაშინ ბევრ კოკაინს მოვიხმარდი. იმ ბნელ სახლში ენერგიის უცნაურ მოზღვავებას ვგრძნობდი. მესმოდა ხოლმე, რომ კიბეებზე ვიღაც დადიოდა. მანქანაში ჩაჯდომისას უეცრად უკანა სავარძელზე ვიღაც ხტებოდა. საშინელება იყო. ჩემი შეყვარებული ფიქრობდა, რომ გარდაცვლილი ბაბუამისი ხმაურობდა. იმ დონემდე მივედი, რომ თვითმკვლელობაზე დავიწყე ფიქრი. ერთ დღესაც გავიღვიძე და მას ვუთხარი, რომ ეს სახლი აუცილებლად უნდა დაგვეტოვებინა და შვეიცარიის მთებში წავსულიყავით. მეტის გაძლება აღარ შემეძლო, რადგან ჩემს თავს პარანორმალური მოვლენები ხდებოდა", - თქვა უილიამსმა.

პოპულარული მანჩესტერული ბოიბენდის Take That წევრმა, რობი უილიამსმა სოლო კარიერა 1996 წელს დაიწყო. პოპვარსკვლავს წარმატება ჯორჯ მაიკლის სიმღერის Freedom ქავერმა მოუტანა. არაერთი ჰიტის ავტორი 2006 წელს ერთ დღეში 1,6 მილიონი გაყიდული ბილეთით გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. 2016 წელს რობი საქართველოსაც ესტუმრა და "დინამო არენაზე" მსმენელების წინაშე სოლო კონცერტით წარდგა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული