Thumbnail

საუდის არაბეთში Nicki Minaj-ის დაგეგმილ კონცერტს ადგილობრივების კრიტიკა მოჰყვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ნიკი მინაჟი 18 ივლისს საუდის არაბეთში, მეფე აბდულას სახელობის სტადიონზე, ფესტივალზე Jeddah World Fest გამოვა. როგორც ცნობილია, მუსიკოსი კომპოზიციებში არანორმატიულ სიტყვებს ხშირად იყენებს, სასცენო გამოსვლებში კი ე.წ. თვერქინგის ტიპის საცეკვაო მოძრაობებს მიმართავს. ამ ფონზე ულტრაკონსერვატიულ ქვეყანაში დაგეგმილი კონცერტი სოციალურ ქსელებში განხილვის საგნად იქცა.

► მოუსმინეთ: Nicki Minaj-ის დედამ, ქეროლ მარაჟმა სიმღერა What Makes You გაავრცელა

► Nicki Minaj მაილი საირუსზე: ქათმებმა დედოფლებზე არ უნდა ილაპარაკონ

► ნახეთ: Nicki Minaj - Megatron

"არ გაქვთ უფლება, მომთხოვოთ აბაიას (ტრადიციული სამოსი) ჩაცმა კონცერტზე, სადაც ნიკი მინაჟს იწვევთ მთელი თავისი ვულგარულობითა და კომპოზიციებით, რომლებშიც საკუთარ საჯდომს იქნევს და მასზე რეპავს. რა უბედურებაა?“, - მიმართავს ხელისუფლებას ერთ-ერთი არაბი ქალი.

"ვერ დავესწრები ამ კონცერტს, რადგან ჩემმა ძმამ ნებართვა არ მომცა. ნიკი, გთხოვ, ილაპარაკე ქალებზე, რომლებიც საუდის არაბეთში არსებული სისტემის გამო ვერაფერს აკეთებენ. შეწყდეს მათი მონობა", - აღნიშნავს კიდევ ერთი არაბი მომხმარებელი ტვიტერზე.

ცნობილია, რომ საფესტივალო ტერიტორიაზე აკრძალულია ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება, 16 წლამდე ადამიანები კი კონცერტზე არ დაიშვებიან. 

აღსანიშნავია, რომ მინაჟის გარდა ღონისძიებაში მონაწილეობას ლიამ პეინი და სტივ აოკი მიიღებენ.

ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებლის წარმატება დიდწილად გაერთიანებას Cash Money Records უკავშირდება. რეპერის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და მრავალ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს. მუსიკოსი გრემის 10 ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, თუმცა, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მსოფლიო მასშტაბით, მისი ნამუშევრების 20 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2016 წელს გამოცემამ Time არტისტი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული