Thumbnail

"გიჭირთ თქვენი სიზმრების გახსენება? ეს შეგრძნება, ჩვენთვისაც კარგადაა ნაცნობი - სიურრეალისტური სამყაროს სიღრმეში ხარ, სადაც შეგიძლია, ნებისმიერი რამ გააკეთო და ის იყო, ვინც გსურს. შემდეგ იღვიძებ და ზმანება ქარისა თუ კვამლის მსგავსად იფანტება. თუმცა, დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვილად ქრება? აქ, ANIMA-ში სიზმრების კამერა შევქმენით. დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ ნომერზე 07588 733 111 და თქვენს სიზმრებს დაგიბრუნებთ", - ეს ორიგინალური სარეკლამო ტექსტი ლონდონის მეტროპოლიტენში ივნისის დასაწყისში გამოჩნდა და დიდი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია.

ცნობისმოყვარეებს, რომლებიც მითითებულ ნომერზე რეკავდნენ, უცნაური ხმოვანი ჩანაწერის მოსმენა უწევდათ. ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში კი, ვირტუალური თანამოსაუბრე მეტწილად სტანდარტული, თავაზიანი ტექსტებით პასუხობდა. თუმცა, ხანდახან ერთი შეხედვით მწყობრში მყოფ ანდროიდს პარანოიის შეტევები ეწყებოდა და ხან ციფრულ ტექნოლოგიებს ლანძღავდა, ხანაც მომხმარებლისგან ვინაობის გამხელას ისტერიულად მოითხოვდა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ჯგუფ Radiohead-ის ფრონტმენის, ტომ იორკის მესამე სტუდიური ალბომის სარეკლამო კამპანიის ნაწილი, პროგრამის მიერ წამოსროლილი ფრაზები კი ნამუშევრის ლირიკიდან ამოგლეჯილი ფრაზები აღმოჩნდა.

იორკი აქამდეც ხშირად აღნიშნავდა, რომ მის შემოქმედებაზე კარლ იუნგის შეხედულებებმა მოახდინეს გავლენა. ფსიქოანალიზის ერთ-ერთი ფუძემდებლის იდეების ნაკვალევი ANIMA-ს სახელწოდებაზევე ეტყობა - ე.წ. ანიმა იუნგის მიერ ჩამოყალიბებული კონცეფციაა, რომელიც მამაკაცში ჩაბუდებულ ქალურ საწყისს აღნიშნავს. არტისტმა ჩანაწერზე მუშაობისას შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტის მიერ დამკვიდრებული კიდევ ერთი მეთოდი გამოიყენა და ალბომი საკუთარი სიზმრების ინტერპრეტაციად აქცია.

Radiohead-ის უცვლელ პროდიუსერთან, ნაიჯელ გოდრიჩთან ერთად შექმნილი ალბომი ნაწილობრივ აქამდე გამოუცემელი, ნაწილობრივ კი ახალი ტრეკებითაა დაკომპლექტებული. იორკის წინა სოლო ნამუშევრები დაუსრულებლობის განცდას ტოვებდა - თითქოს მუსიკოსი საკუთარი იდეების გორგალში იხლართებოდა. მათ მსგავსად, ANIMA-შიც ემბიენთ პოპს და ექსპერიმენტულ ელექტრონიკას ვისმენთ, თუმცა, მასში არტისტის ხედვა სრულყოფილადაა გამოკვეთილი და თითოეული დეტალი თითქმის იდეალურადაა დამუშავებული. ეს პროგრესი განსაკუთრებით სიმღერებში Traffic, The Axe და Runwayway იგრძნობა. ჩანაწერის ცენტრალური კომპოზიციის სტატუსს კი მინიმალისტური, ულამაზესი ბალადა Dawn Chorus იმსახურებს.

ალბომის მიხედვით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი მისი ახალი კუთხით დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს. აქ არა მხოლოდ კარლ იუნგის, არამედ პლატონის იდეების გამოძახილსაც ვაწყდებით. გამოქვაბულის მსგავსი სივრცე, კედლებზე მოსრიალე აჩრდილები, მკაცრად მოწესრიგებული საზოგადოება და მზის სინათლისთვის თვალის გასწორების სიმბოლო ანტიკური ფილოსოფოსის იდეებს პირდაპირ ეხმიანება. ვიდეორგოლში, რომლის რეჟისორადაც ლეგენდარული პოლ ტომას ანდერსონი მოგვევლინა, მთავარ როლს იორკის მეგობარი ქალი, დაიანა რონჩონე თამაშობს.

როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოლექტივის ფრონტმენობით ტომ იორკმა საკუთარი თავი, როგორც დამოუკიდებელი არტისტი, ძალაუნებურად ჩრდილში მოაქცია. ამისგან თავის დაღწევის პირველი მეტნაკლებად წარმატებული მცდელობა 2018 წელს კინოსურათ Suspiria-სთვის შექმნილი საუნდტრეკი იყო, ANIMA კი სინათლისკენ მტკიცედ გადადგმული პირველი ნაბიჯი და იორკის სოლო შემოქმედებაში საუკეთესო ჩანაწერი.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული