Thumbnail

popmusic-ის ყოველთვიურ რუბრიკაში ქართველი მუსიკოსების მიერ ივნისში გამოშვებულ ათ ყველაზე საინტერესო კომპოზიციას გთავაზობთ.

10. KayaKata - Fabio Cannavaro ft. TurboHikari & MC CutKill

შემოქმედებითმა გაერთიანებამ LTFR პოპულარული ჰიპ ჰოპ დუეტის, KayaKata-ს ახალი კომპოზიცია გამოაქვეყნა, რომელსაც მუსიკოსებმა ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, ფაბიო კანავაროს სახელი დაარქვეს. ჩანაწერში კოლექტივის კიდევ ერთი წევრი, გიორგი კვეზერელი, ფსევდონიმით TurboHikari და რეპერი ამიკო ნინუა, იგივე MC Cutkill მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი ნიკოლოზ საბანაძე გახლავთ.

9. Boyd Schidt & Uväll - DRAMA

ლეონ ლოლიშვილმა, ფსევდონიმით Boyd Schidt და ირაკლი ბრეგვაძემ, სასცენო სახელით Uväll, ახალი კომპოზიცია DRAMA გაავრცელეს. მუსიკოსებმა ტრეკი ლეიბლზე Airtexture გამოსცეს.

8. Melqo - უშნო

დავით მანჩხაშვილმა, სასცენო სახელით Melqo, ახალი სიმღერა "უშნო" და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. მუსიკოსის შემოქმედება ძირითადად სინთპოპსა და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს, თუმცა, ამ კომპოზიციაში ჰიპ ჰოპის გავლენაც იგრძნობა.

 7. Newa - Unfold

ანა კუბლაშვილმა, სასცენო სახელით Newa, ახალი ტრეკი Unfold გაავრცელა. კომპოზიცია შვედური ტექნო ლეიბლის, Arsenik Records-ის ახალ რელიზში ASR016 შედის, რომელიც ვინილის სახით გაყიდვაში 24 ივნისს ჩაეშვა. 

6. 4D Monster Lobsters - Secret Missions of Old Mr Rolland

ჯგუფმა Four Dimensional Monster Lobsters ახალი სიმღერა Secret Missions of Old Mr Rolland გაავრცელა. 2018 წელს შექმნილი ფსიქოდელიური სინთპოპ კოლექტივი ოთხი წევრისგან შედგება: ბექა თევდორაშვილი, კოკო ანთელავა, სანდრო ფაილოძე და თორნიკე ჭავჭანიძე. 

5. Dasavleli & Terika - 7/20 ვსუნთქავ მარადის! 

ჰიპ ჰოპ არტისტებმა, რამაზ გუნავამ, სასცენო სახელით Dasavleli და ირაკლი ქოჩიაშვილმა, ფსევდონიმით თერიკა, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახალი ტრეკი "7/20 ვსუნთქავ მარადის!" გაავრცელეს. 

4. Frankie Beatnik - Herio Boys, Herio Girls

დავით გაბუნია, პროექტით Frankie Beatnik, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და ახალი კომპოზიცია Herio Boys, Herio Girls გაავრცელა.

3. ქართა ველი - Valley of the Wind

KayaKata და TurboHikari ერთობლივი პროექტით "ქართა ველი" ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ახალი კომპოზიციით Valley of the Wind გამოეხმაურნენ.

 2. მაკა ჩიჩუა - არასდროს!

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი და ჯგუფი FreeRide საპროტესტო აქციებს გამოეხმაურნენ და კომპოზიცია "არასდროს!" გაავრცელეს.

1. ტატო რუსია - გამოდი გარეთ

ჯგუფ MokuMoku-ს წევრმა ტატო რუსიამ, ფსევდონიმით Moku T, პარლამენტთან მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ახალი კომპოზიცია "გამოდი გარეთ!" გაავრცელა. ნამუშევარში მუსიკოსი ქვეყნის მოქალაქეებს პროტესტში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული