Thumbnail

10 ანტირუსული და ანტისაბჭოთა სიმღერა

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ეს სია ცხრა სხვადასხვა ენაზე შესრულებული სიმღერებითაა დაკომპლექტებული. იმპერიული ზრახვების, გაუთავებელი აგრესიისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიის მიტაცებისადმი სიყვარულის გათვალისწინებით, რომელიც მათ ადრესატს გამოარჩევს, ასეთი მრავალფეროვნება გაკვირვებას ნამდვილად არ იწვევს. 

ნახე სრული ფლეილისტი

მაშ ასე, წარმოგიდგენთ სხვადასხვა დროს შექმნილ ათ ანტირუსულ და ანტისაბჭოთა კომპოზიციას.

10. Chiang Kai-Shek & Xiao Huahua -  Fan gong kang E ge qu ji

1950-იან წლებში დაწერილი ეს სიმღერა ჩინეთიდან რუსი ბანდიტების გაყრისა და მაო ძედუნის რეჟიმის დამხობისკენ მოგვიწოდებს. ტექსტის ავტორი ამ ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელი და შემდგომში ტაივანის ლიდერი, ჩან კაიში გახლავთ. "ანტიკომუნისტური და რუსული აგრესიის საწინააღმდეგო სიმღერა" დიდი პოპულარობით სარგებლობდა და 1975 წლამდე ტაივანში მუსიკალური სკოლების პროგრამის სავალდებულო ნაწილი იყო.

9. Reino Armio - Kremlin Uni

"კრემლში სტალინს ესიზმრება, რომ ყველა ფინელს სახელად ვასილი ჰქვია", - ასე იწყება რეინო არმიოს სიმღერის ტექსტი, რომელიც საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის ე.წ. ზამთრის ომის დროს ფინელი ჯარისკაცების არაოფიციალურ ჰიმნად იყო ქცეული. 1939 წლის 30 ნოემბერს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება სამი თვის განმავლობაში გაგრძელდა და ფინელი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგად მხარეებს შორის ზავით დასრულდა.

8. Jamala - 1944

1944 წელს სტალინის ბრძანებით ათასობით ყირიმელი თათარი ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს. მათგან ერთ-ერთის, ნაზილხანის ქმარი იმ დროისათვის სწორედ ჰიტლერის არმიის წინააღმდეგ იბრძოდა, რის გამოც ცოლისა და ხუთი შვილის დაცვა ვერ შეძლო. ამ მოვლენებიდან 72 წლის შემდეგ მისმა შვილთაშვილმა, უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამ ევროვიზიის კონკურსზე ამ მოვლენებისადმი მიძღვნილი კომპოზიციით გაიმარჯვა.

7. Unknown Author - Bij Bolszewika

მეორე მსოფლიო ომის დროს უცნობი პოლონელი პარტიზანის მიერ შეთხზულ სიმღერაში, ბოლშევიკებთან შეურიგებელი ბრძოლისკენ მოწოდებასთან ერთად, კატინის სისხლიანი ტრაგედიაცაა ასახული - 1940 წელს სტალინის ბრძანებით საბჭოთა არმიამ 22 ათასი უდანაშაულო პოლონელი დახვრიტა. გასაგები მიზეზების გამო, პოლონეთში ეს კომპოზიცია დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს და სხვადასხვა დროს მისი არაერთი ვერსია ჩაიწერა.

6. ქაქუცას შეფიცულები - შეფიცულთა სიმღერა

1924 წელს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხელმძღვანელობით მომხდარი აჯანყება საქართველოსთვის უმძიმესი შედეგებით დასრულდა. თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, შეთქმულების მონაწილეები მცირე ხანში იძულებულნი გახდნენ, ტყეებსა და მთებში გახიზნულიყვნენ. ბოლშევიკური რუსეთის რეპრესიებმა დაახლოებით 12 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს სიმღერა მეტეხის ციხეში სწორედ სიკვდილით დასჯის მომლოდინე შეფიცულებმა დაწერეს.

5. Ляпис Трубецкой - Империя Добра

აწ დაშლილი ბელარუსიული როკ კოლექტივის ამ კომპოზიციაში პუტინის რუსეთი ირონიულად "სიკეთის იმპერიადაა" მოხსენიებული. სიმღერის ტექსტში ნახსენები მშიერი დათვი, მშვიდობისმყოფელი რაკეტები, სიყვარულით ჩამოყრილი ბომბები და მართლმადიდებლური რადარები კი ჩვენთვისაც ძალზე კარგადაა ნაცნობი.

5. Karel Kryl - Bratříčku, zavírej vrátka

1968 წლის აგვისტოში საბჭოთა ჯარებმა "პრაღის გაზაფხული" სისხლში ჩაახშვეს. სწორედ ამ მოვლენების შთაგონებით ჩაწერა კარელ კრილმა სადებიუტო ალბომი, რის შემდეგაც, მცირე ხანში მოსალოდნელი დაპატიმრების თავიდან ასარიდებლად, დასავლეთ გერმანიაში გაემგზავრა. ეს ჩანაწერი, განსაკუთრებით კი ამავე სახელწოდების სიმღერა, ჩეხი ხალხისთვის რუსულ ოკუპაციასთან შეურიგებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.

3. Unknown Author - Metsavendade Laul

1940 წელს ესტონელმა, ლატვიელმა და ლიეტუველმა სამხედროებმა ანტისაბჭოთა გაერთიანება "ტყის ძმები" ჩამოაყალიბეს. ეს პარტიზანული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შეუპოვრად ებრძოდა როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე ნაცისტური გერმანიის შეიარაღებულ ძალებს. მათ რამდენიმე ჰიმნს შორის კი გამორჩეულად პოპულარული ესტონური Metsavendade Laul იყო.

2. Ida Boros - Honvagy-dal

1956 წელს საბჭოთა დიქტატურის წინააღმდეგ უნგრელი ხალხის გამოსვლებს ტერორის ტალღა მოჰყვა. დემონსტრაციების 22 ათასი მონაწილე გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, 229 - სიკვდილით დასაჯეს, 200 ათასი ადამიანი კი ქვეყნიდან გაიქცა. ამ მოვლენების შთაგონებით შეიქმნა კომპოზიცია Honvagy-dal, რომელიც პოპულარული ჩანაწერის Memories Are Made of This ინტერპრეტაციაა. იდა ბოროშის მიერ შესრულებული ვერსია სამშობლოდან დევნილების არაოფიციალურ ჰიმნად და ანტისაბჭოთა პროტესტის სიმბოლოდ იქცა.

1. FC Metalist Fans - Putin Khuylo

რუსეთის მმართველი დიქტატორის სათანადოდ და ამომწურავად დამახასიათებელი ეს სიმღერა ჩვენს ყველა მკითხველს, წესით, ერთხელ მაინც სმენია. 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინული საფეხბურთო კლუბის, ხარკოვის "მეტალისტის" გულშემატკივრებმა ის პირადად ვლადიმერ პუტინს მიუძღვნეს. მისი მელოდია კი ამერიკელი მომღერლის, პეტ ბუნის კომპოზიციიდან Speedy Gonzales არის ნასესხები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული