Thumbnail

გია ხადური: 10+1 არაპოლიტკორექტული, ანტილიბერალური და კონტროვერსიული სიმღერა

გია ხადური პროფილის ფოტო
გია ხადური

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა.

ნახე სრული ფლეილისტი

10. Saga - The Snow Fell 

Skrewdriver ნეონაცისტური პანკ როკ ბენდია, რომლის ლიდერიც "ლეგენდარული" იან სტიუარტ დონალდსონი იყო. გასული საუკუნის 80-იან წლებში სწორედ ეს ჯგუფი თამაშობდა წამყვან როლს ბრიტანულ ულტრამემარჯვენე რასისტულ-ანტისემიტურ მოძრაობაში "როკი კომუნიზმის წინააღმდეგ" (RAC). დონალდსონი 1993 წელს ავარიაში კი დაიღუპა, მაგრამ მემკვიდრეების დიდი არმია დატოვა, რომელთა შორის შვედი ნაციონალისტი ქალბატონი, ლინა საგა კაროლინა ერიქსონი საკმაო გავლენით სარგებლობს. 

ეს ტრეკი სწორედ საგას ქავერია თავისი მენტორის სიმღერაზე, რომელშიც ვერმახტის მიერ ევროპული ცივილიზაციის გადასარჩენად სტალინის რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ გმირულ ბრძოლაზეა მოთხრობილი. მათი რომანტიკული ოცნებები თოვლმა დაასამარა, ფიურერის ნათელი იდეალების ღალატის გამო კი ბერლინის თავზე საბჭოთა წითელი დროშა აფრიალდა. 

ეს როკ კომპოზიცია საგამ, ფაქტობრივად, საფორტეპიანო ბალადად გადააქცია და ისე მელოდრამატულად და სულში ჩამწვდომად ააჟღერა, რომ მთელი მსოფლიოს ნეონაცისტები ცხარე ცრემლით ატირა. ალბათ, ამიტომაც დაიმსახურა სამშობლოში "ულტრამემარჯვენე შვედი მადონას" საპატიო ტიტული.

9. JoeDanMedia - We Will Not Go Down Without a Fight

JoeDanMedia კანზასელი ჯო დენ გორმანის სოციალურ-პოლიტიკური მულტიმედიური პროექტია. მუსიკა მისი აქტივობის მხოლოდ ერთ-ერთი ასპექტია. თავის სიმღერებში ის გამუდმებით ხოტბას ასხამს კონსერვატიულ ამერიკულ ფასეულობებსა და ცხოვრების წესს. მისთვის სრულიად მიუღებელია გაუთავებელი აპელირება როგორც რასობრივ-რელიგიურ პრობლემებზე, ასევე, აშშ-ში ტოლერანტობისა და ჰუმანურობის დეფიციტზე. პირიქით, ის თვლის, რომ სწორედ  ყბადაღებული პოლიტკორექტულობა და მემარცხენე ლიბერალიზმი უქმნის საფრთხეს ყველა მონაპოვარსა თუ დემოკრატიულ ღირებულებას, რომლითაც ქვეყანა ამაყობს. ამიტომაც ვერ იტანს ობამას, დემოკრატებსა და მათ კაპიტულანტურ პოლიტიკას.

რა თქმა უნდა, გორმანი მარგინალია, იუთუბზეც კი არაერთხელ დაბლოკილი, თუმცა, როგორც ამ ტრეკის სათაურიდან ჩანს, კანზასელი ჯო ბრძოლის გარეშე არაფრის დათმობას აპირებს. მისი მუსიკა ტრადიციული ამერიკული როკია, ანუ არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ის არაფრით ჩამოუვარდება მეინსტრიმში მყოფი კოლეგების ნამუშევრებს. მათზე უკეთესიც კია, რადგან, რასაც აკეთებს, გულწრფელად აკეთებს, ყოველგვარი ანგარების გარეშე და არანაირი პოზიორობა მასში არ არის. მოკლედ, გამოთქმა "პატრიოტიზმი ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფარია" ამ კაცზე ნამდვილად არ ვრცელდება. 

8. Noh Mercy - No Caucasian Guilt

ასეთი პროვოკაციული ტექსტის დაწერა დღეს კი არა, თვით 70-იანების მიწურულსაც კი სახიფათო იყო, როდესაც ამერიკულ ანდერგრაუნდში პოლიტკორექტულობა ყველას ეკიდა: "მე არ მინდა ვიყო პოლიტკორექტული, მე არ მჭირდება კავკასიური რასის დანაშაულის განცდა, მე არ მომიკლავს არცერთი ებრაელი, არ დამიპყრია ინდიელების მიწა, არცერთი შავკანიანი არ დამიმონებია, არასდროს გამითხრია საფლავი ლათინოსებისთვის..."

ინგლისურ ენაში კავკასიური რასა ინდოევროპული, ანუ თეთრი რასის სინონიმია. შესაბამისად, სიმღერაშიც ლაპარაკი იმ დანაშაულის გრძნობაზეა, რომელიც თეთრებს "აჰკიდეს". მაგრამ ტექსტი შეგვიძლია, პირიქითაც აღვიქვათ, რიგითი ამერიკელის პოზიციიდან, რომელიც პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს ქვეყანაში უმცირესობების დისკრიმინაციის გამო. 

სამწუხაროდ, ამ ორი სან ფრანცისკოელი ფრიკი გოგოს ჩანაწერების გამოცემა თავის დროზე, 1977-79 წლებში ვერ მოხერხდა, არადა უაღრესად ორიგინალური მუსიკა აქვთ, მახვილგონივრული და მინიმალისტური. ეს ტრეკიც მხოლოდ ერთწუთიანია და მასში მარტო დასარტყამი ინსტრუმენტები და ვოკალი ჟღერს. ესმერელდა და ტონი ელექტროგიტარებს პრინციპულად უარყოფდნენ, როკ-ენ-როლური მასკულინობის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ და იმიტომ. 

7. The Boyd Rice Experience - Race Riot

მე პირადად ბოიდ რაისის ინდასტრიალ მუსიკაზე მეტად, მისი დეკლამაციური ალბომები მომწონს და ვფიქრობ, Hatesville! საუკეთესოა მათ შორის. ბოიდმა აქ თავისზე არანაკლებ კონტროვერსიული ძმაკაცები შეკრიბა, რომელთა შორის ებრაელი პუბლიცისტი, ადამ პარფრი უდავოდ გამოირჩევა. ეს ტრეკიც სწორედ მისია.

ადამი გვიხსნის, რომ რასების თანაცხოვრება ბარბექიუ წვეულებას ჰგავს, რომელზეც ყვითლები იმდენად ბევრნი არიან, რომ დანარჩენებს წალეკვით ემუქრებიან, თეთრები ხორცზე მაყუთს ტეხავენ, ამით გაბრაზებული შავები ვანდალიზმის აქტებს აწყობენ, შებერტყილი ებრაელები კი ყველა მხარეს იარაღით ამარაგებენ. საბოლოოდ, მოდის პოლიცია და ამ იარაღის კონფისკაციას ახდენს. მულატი ტელეწამყვანი ახალ ამბებში აცხადებს, რომ ახლა ყველა თავს გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობს. ეს ყველას აღიზიანებს და რაღაც დროით ურთიერთქიშპობას ავიწყებს, მაგრამ ყვითლები იმდენად ბევრნი არიან, რომ დანარჩენებს წალეკვით ემუქრებიან, თეთრები ბარბექიუზე მაყუთს ტეხავენ, ამით გაბრაზებული შავები კი ვანდალიზმის აქტებს აწყობენ. 

მთელ ამ ნარატივს ფონად ყველაზე ჰუმანისტი კომპოზიტორის, ფრიდერიკ შოპენის ლამაზი და ნაღვლიანი მეოთხე პრელუდია გასდევს. უარესი მკრეხელობა ძნელი წარმოსადგენია, თუმცა, ბოიდ რაისი ამაში ცინიზმის ნიშნებს ვერ ხედავს. აკი ამბობს კიდეც, ადამიანთა მოდგმის ბუნებრივი მასტიმულირებელი ძალა სიყვარული და საყოველთაო ჰარმონია კი არა, კონფრონტაცია, სიძულვილი და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ბრუტალური ქაოსიაო. აი, რა იცის ბავშვობიდანვე ოკულტიზმით, ტოტალიტარიზმითა და ნაცისტური ფილოსოფიით გატაცებამ.

6. The Crystals - He Hit Me (And it Felt Like a Kiss)

საშინელი სიმღერაა, წარმოუდგენლად დამთრგუნველი იმ პერიოდისთვისაც კი, როდესაც მამაკაცური სექსიზმი და ქალზე ძალადობა განსაკუთრებით არავის უკვირდა. უაღრესად წამატებული ავტორ-შემსრულებლების წყვილს, კეროლ კინგსა და ჯერი გოფინს ჰყავდათ ძიძა, ვინმე ევა, რომელიც სამსახურში ხშირად ნაცემ-ნაბეგვი ცხადდებოდა. როდესაც ჰკითხეს, რა გჭირსო, ბოიფრენდი მირტყამსო, უპასუხია. დაშორდიო, ურჩიეს დამსაქმებლებმა, მაგრამ ევამ დაამშვიდა, სიყვარულით მოსდისო. სწორედ ეს ისტორია დაედო საფუძვლად კომპოზიციას, რომელიც კეროლმა და ჯერიმ შექმნეს და პროდუსერ ფილ სპექტორს გადასცეს.

ქალებზე ძალადობის დიდმა მოტრფიალე სპექტორმა, რომელსაც დღეს მსახიობისა და ფოტომოდელის, ლანა კლარკსონის მკვლელობისთვის 19-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, სიმღერისგან ნამდვილი სადომაზოხისტური პოპ პროდუქტი შექმნა და უმანკო გოგონების ვოკალურ ტრიოს ჩააწერინა.

"მან დამარტყა და ეს კოცნის ტოლფასი იყო, მან დამარტყა და ეს სულაც არ იყო მტკივნეული, ვერ მოითმინა, როცა ვუთხარი, რომ ვიღაც ახალი მყავს, დამარტყა და მივხვდი, რომ ვუყვარვარ. ჩემზე რომ არ ზრუნავდეს, ასე არ გაცოფდებოდა, მან დამარტყა და ძალიან გამისწორდა..." - მოკლედ, კომენტარი ზედმეტია.

1962 წელს გამოცემული ეს ტრეკი დღემდე, ფაქტობრივად, ტაბუდადებულია და რადიოშიც  იშვიათად ჟღერს, თუმცა, მანიაკ ალტერნატივშიკებს მაინც არ გამოპარვიათ. ჯერ კორტნი ლავმა დააქავერა, შემდეგ Grizzly Bear-მა. რაც შეეხება ნაცემ ძიძა ევას, კინგმა და გოფინმა მას მოგვიანებით ერთი ისეთი კომპოზიცია აჩუქეს და ჩააწერინეს, რომ პოპ მუსიკის ისტორიაში სამუდამოდ მოახვედრეს. ამ სიმღერას The Locomotion ჰქვია.

5. The Cure - Killing an Arab

იმთავითვე ნათელი იყო, რომ ამ სიმღერას სათაურის გამო რთული ბედი ელოდა. ჯერ იყო და ჯგუფის სადებიუტო ალბომიდან ამოაგდეს. მომდევნო სტუდიურ ჩაწერში კი შეიტანეს, მაგრამ, სამაგიეროდ, რადიოთი მისი ტრანსლირება შეიზღუდა. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა 80-იანების შუა პერიოდში, როდესაც ამერიკაში მოქმედმა არაბულმა ორგანიზაციებმა კატეგორიულად მოითხოვეს კომპოზიციის ამოღება ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი კრებულიდან და მისი რელიზში დატოვება მხოლოდ გარეკანზე შესაბამისი ახსნა-განმარტების დამატების შემდეგ გახდა შესაძლებელი. 2001 წლის ტურნეში კი ბენდი იძულებული გახდა სიმღერის ტექსტიც შეეცვალა და სათაურიც. მას ხან Кilling an Аhab-ად მოიხსენიებდნენ, ხანაც Кilling Аnother-ად.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რობერტ სმიტი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ სიმღერა ალბერ კამიუს თხზულების, "უცხოს" გავლენით დაწერა და არა არაბების სიძულვილის გამო. მისი სჯეროდათ, მაგრამ მაინც უტრაკებდნენ, არაპოლიტკორექტულ ასოციაციებს აღძრავსო. საბოლოოდ, როგორც ჩანს, ყველა დარწმუნდა, რომ ეგზისტენციური სევდით შეპყრობილ მტირალა არტისტს ბოროტი ზრახვები არ ამოძრავებდა და სიმღერასაც თავი დაანებეს. თუმცა, ვინ იცის, აგერ სკოლებში მარკ ტვენის "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" აკრძალეს და არ არის გამორიცხული, რობერტი არაბოფობიაში მომავალში კვლავაც ამხილონ. 

4. The Stranglers - Peaches

რაში არ ადანაშაულებდნენ ამ ბენდს თავის დროზე - ფაშიზმში, ინტელექტუალურ ცინიზმსა თუ მემარჯვენე ევროცენტრიზმში, მაგრამ ბენდის მთავარი დანაშაული ქალთმოძულეობა, სექსიზმი და ფემინიზმის დაცინვა იყო. კი ამბობდნენ ბენდის წევრები, რომ სინამდვილეში თავის სიმღერებში რეალურ, შეულამაზებელ ისტორიებს ყვებოდნენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მათი ტექსტები ისე ჟღერდა, როგორც გამიზნული პროვოკაცია. სწორედ ასეთი სულისკვეთებითაა გაჟღენთილი მუსიკოსების სადებიუტო ალბომი Rattus Norvegicus, რომლის გვირგვინიცაა მასკულინურ-შოვინისტური Peaches.

კომპოზიციის მთავარი გმირი პლაჟზე შეფიქრიანებული დასეირნობს და ფუჩურებს ათვალიერებს (სწორედ ასე ითარგმნება სლენგიდან peaches), იღგზნება, ზღვაშიც ჩადის დასაშოშმინებლად, მოკლედ, ერთ ამბავშია, ყველას გაჟიმვა უნდა, მით უმეტეს, რომ გოგონებიც მზად არიან საცურაო კოსტიუმებიდან ამოხტნენ. 

სიმღერას გამოსვლისთანავე გამანადგურებელი ლიბერალურ-ფემინისტური კრიტიკა დაატყდა თავს. უხამსი ტექსტის გამო მისი ტრანსლაცია BBC-მაც აკრძალა, თუმცა, Peaches მაინც ნამდვილი ჰიტი გახდა. ის დღემდე ძალზე პოპულარულია ბრიტანეთში და ხშირად გხვდება როგორც ფილმების, ასევე, კომპიუტერული თამაშების მუსიკალურ გაფორმებებში (იხ. ვიდეო). ალბათ, იმიტომ, რომ დღეს უკვე მაჩოიზმზე პაროდიად აღიქმება. არადა თავის დროზე ამ კომპოზიციის შექება თავის რეცენზიაში მხოლოდ ერთმა ჟურნალისტმა გაბედა: "მამაკაცური სექსიზმი? შესაძლებელია, მაგრამ მეც სწორედ ასეთი აზრები მომდის პლაჟზე სეირნობისას".

3. Devo - Mongoloid 

ისე, გასაკვირია, რამდენი "უტიფრობა" შერჩათ თავის დროზე არტისტებს. შედევრებიც, ალბათ, იმიტომ გამოსდიოდათ, რომ არავინ არაფერში ზღუდავდა და მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე აგებდნენ პასუხს. თუმცა, ამერიკული როკ ჯგუფის ამ სადებიუტო სიმღერამ 1978 წელსაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 

ამ კომპოზიციის სათაურად გამოყენებული სიტყვით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ახასიათებდნენ მანამ, სანამ 1965 წელს მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის თხოვნით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ის ხმარებიდან არ ამოიღო. მუსიკოსები მღერიან კაცზე, რომლისთვისაც ერთი ქრომოსომაც კი ძალზე ბევრია, მაგრამ ის მაინც ყველაზე ბედნიერია, რადგან აზროვნება შეზღუდული და დეტერმინებული აქვს. ის მუშაობს, ხელფასიც აქვს და ბეკონსაც მიირთმევს, მეგობრებიც ჰყავს, მაგრამ მის მონღოლოიდობას მაინც ვერავინ ამჩნევს. 

"დევო", სავარაუდოდ, იმიტომ გადარჩა, რომ მუსიკოსები თავადაც მონღოლოიდების როლს თამაშობდნენ. მათი უაღრესად მახვილგონივრული, კრეატიული, ნოვატორული აზროვნება და პოსტმოდერნისტული დისკურსიც ყველაფერს აპრავებდა. ასეთ რაღაცებს არტისტები დღეს, სამწუხაროდ, ვერ ახერხებენ. პოლიტკორექტულად შეშინებული და ჩაჯმულები რომ არიან, ალბათ, იმიტომ. რას იზამ, წარმატება მსხვერპლს მოითხოვს. 

2. Frank Zappa - He’s So Gay

აი, ახლა კი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო, რათა სერიოზულ შარში არ გავება. თუმცა, ამ სიმღერის გაპრავებისთვის უკვე აპრიორი მეკუთვნის ლიბერალური ანათემა.

"ის ისეთი გეია, ძალიან, ძალიან გეია და უკიდურესად კმაყოფილია ამით. მას მოსწონს როლი, რომელსაც თამაშობს. ხვალ შენც მას დაემსგავსები, მოგვიანებით კი შეიძლება, ჩვენ ყველანი გეები გავხდეთ", - აცხადებს ზაპა და დასცინის ყველაფერ იმას, რაც სტერეოტიპულად ლგბტ თემთან ასოცირდება.

ასეთი სიმღერა ვინმეს დღეს რომ დაეწერა, ვერანაირი იუმორის გრძნობა და ავტორიტეტი ვერ უშველიდა, თუმცა, ფრენკ ზაპა არასდროს ყოფილა ჰომოფობი. ის, უბრალოდ, არ ცნობდა ტაბუირებულ თემებს, სატირა და სარკაზმი კი ყოველთვის უმძლავრესი იარაღი იყო მის ხელში. არ შეიძლება არაფრის გაფეტიშება მოდის გამო, რადგანაც ეს ავტომატურად ზღუდავს თავისუფალ აზროვნებას. შეზღუდვებს და ცუნზურას კი ზაპა საკუთარი შემოქმედებით ყოველთვის წარმატებით ებრძოდა.

1. The Residents - We Are the World 

პათეტიკური ჰუმანიზმი საბოლოო ჯამში აუცილებლად კონიუნქტურულ ჰუმანიზმად იქცევა ხოლმე, რაც ნებისმიერ კეთილ ზრახვას აყალბებს. ეს სიყალბე, თავის მხრივ, ჰუმანისტურ ფასეულობებზე სიმულანტურ აპელირებას იწვევს. ალბათ, ამიტომაც გაჩნდა ასეთი უნდობლობა პოლიტკორექტულობის მიმართ. "რეზიდენტების" მიერ საქვეყნოდ ცნობილი ჰუმანისტური ჰიმნის ასეთი უტიფარი ინტერპრეტაციაც სწორედ ამის შედეგია. 

ვფიქრობ, მათ მიზანს უკვე ფეტიშად ქცეული პოლიტკორექტულობის პროფანაცია წარმოადგენდა და ამის მისაღწევად მაიკლ ჯექსონისა და ლაიონელ რიჩის სიმღერის სახით იდეალური განტევების ვაცი იპოვეს. ცნობილი კომპოზიციების დეკონსტრუქციას ისინი ადრეც მიმართავდნენ. ეს მათი პოსტმოდერნისტული თამაშების ნაწილი იყო, ირონიული და სახალისო. ამჯერადაც ასე მოხდა. მუსიკოსებმა სიმღერას საქველმოქმედო აურა მთლიანად გამოაცალეს და მულტიმედია არტ-კარიკატურას დაამსგავსეს.

"რეზიდენტსი" რომ მეინსტრიმის ნაწილი იყოს, პროგრესული საზოგადოების მხრიდან ობსტრუქციას ვერ აცდებოდნენ, მაგრამ ისინი ხომ მათ მიერვე შექმნილ კონსპირაციულ-ალტერნატიულ სამყაროში ცხოვრობენ, სადაც სულ სხვა თამაშის წესებია, სხვებისთვის გაუგებარი, ამიტომაც ვერავინ ვერასდროს ვერაფერში ედავება. იციან, რომ წინასწარ განწირულნი არიან დამარცხებისთვის და იმიტომ.


0. Orbital & Great Theatre Orchestra - Spasticus Autisticus

1981 წელი გაერომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო წლად გამოაცხადა და ამ ღირშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით საკულტო შშმ პირს, იენ დიურის შესაბამისი სიმღერის შექმნაც სთხოვა. თავდაპირველად იენმა კატეგორიული უარი განაცხადა, მისთვის მიუღებელი იყო ასეთი ქედმაღლური თანაგრძნობის გამოვლენა, მაგრამ ისე შესცეს, რომ საბოლოოდ ადგა და ცინიზმით სავსე კომპოზიცია შექმნა, რომელშიც ისთებლიშმენტის გეგმიური ჰუმანიზმი შეუნიღბავად გაამასხარავა.

Spastic სამედიცინო ინგლისურში ცერებრალურ დამბლას ნიშნავს, Autist ისედაც გასაგებია. აი, სწორედ მე ვარ ეგეთიო, მღერის დიური და თქვენგან არანაირი შებრალება არ მჭირდებაო, ამატებს. როდის ხუმრობს იენ დიური და როდისაა სერიოზული, ყოველთვის ძნელი დასადგენი იყო. ამ შემთხვევაშიც ყველა დაიბნა, მაგრამ საბოლოოდ სიმღერა არაკორექტულ, ღვარძლიან პასკვილად შერაცხეს და მედიაში მისი ტრანსლირება დიდი ხნით აკრძალეს.

მაგრამ გავიდა 30 წელი, ეს კომპოზიცია ლონდონის 2012 წლის პარაოლიმპიური თამაშების ჰიმნად აირჩიეს და მისი გახსნის ცერემონიაზე ეტლში მჯდომი ასობით შშმ პირი "ააცეკვეს" კიდეც. ძნელი სათქმელია, როგორ შეხვდებოდა იენი ამ ფაქტს ცოცხალი რომ ყოფილიყო, თუმცა, არ არის გამორიცხული, Orbital-ის მიერ მისი სიმღერის ჰუმანისტურ-პათეტიკური კასტრაცია კლოუნადად შეერაცხა და გაბრაზებულს გამოუსწორებელი ცოდვაც კი ჩაედინა.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული