Thumbnail

რა შეიძლება იყოს მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორისთვის უკეთესი შთაგონების წყარო, ვიდრე კლასიკად ქცეული და საყოველთაოდ აღიარებული კინოფილმი. სხვადასხვა დროს საკულტო სურათების გავლენით არაერთი პოპულარული არტისტის კლიპი შეიქმნა. ჩვენს სტატიაში ათ ასეთ გამორჩეულ ვიზუალურ ნამუშევარს წარმოგიდგენთ. მათი ნუმერაცია, ტრადიციულად, პირობითია.

10. Michael Jackson - Thriller

An American Werewolf in London (1981)

მაიკლ ჯექსონმა ამ სიმღერის მიხედვით მოკლემეტრაჟიანი ფილმის შექმნა ჯონ ლენდისის სურათის, "ამერიკელი მაქცია ლონდონში" ნახვის შემდეგ გადაწყვიტა და რეჟისორადაც სწორედ ეს უკანასკნელი მოიწვია. ორი უნიჭიერესი ხელოვანის თანამშრომლობის შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ Thriller-ში საშინელებათა ჟანრის სხვა ფილმებიდან ნასესხებ ელემენტებსაც ვაწყდებით. მათ შორისაა "ცოცხალი მკვდრების ღამე", "ოპერის აჩრდილი" და სხვა. 

9. The Cranberries - Linger

Alphaville (1965)

ამ ვიდეორგოლის ყურებისას ფრანგული კინოს ახალი ტალღის მოყვარულებს, წესით, ბევრი დეტალი უნდა ეცნოთ. ირლანდიური როკ ჯგუფის, The Cranberries-ის მელანქოლიურ ბალადაზე შექმნილი კლიპი ლეგენდარული ჟან-ლიუკ გოდარის სპეციფიკურ ხელწერას ზედმიწევნით იმეორებს. ნამუშევარში განსაკუთრებით გენიალური რეჟისორის მიერ 1965 წელს გადაღებული სამეცნიერო-ფანტასტიკური სურათის, "ალფავილის" გავლენა იგრძნობა.

8. R.E.M. - Everybody Hurts

8 ½ (1963)

გამოჩენილი იტალიელი რეჟისორის, ფედერიკო ფელინის ლეგენდარული სურათის, "8 ½"-ის პირველი წუთები კინემატოგრაფის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სცენად ითვლება. ამერიკული ალტერნატიული როკ ბენდის, R.E.M.-ის კომპოზიციაზე Everybody Hurts გადაღებული ვიდეორგოლი სწორედ ამ სიურრეალისტური, სიმბოლიზმით სავსე კადრებითაა შთაგონებული.

7. Queen - Radio Ga Ga

Metropolis (1927)

ეპოქალური ბრიტანული კოლექტივის, Queen-ის კომპოზიციისთვის Radio Ga Ga შექმნილ ვიდეორგოლში კადრების ნაწილი ფრიც ლანგის საკულტო სამეცნიერო-ფანტასტიკური სურათიდან, "მეტროპოლისიდანაა" ნასესხები. გერმანელი რეჟისორის უკვდავი ნამუშევრითაა შთაგონებული კლიპის ორიგინალური სცენებიც, რომლებშიც ბენდის წევრები ფუტურისტული ქალაქის თავზე მფრინავი მანქანით მოგზაურობენ.

6. Jay-Z - The City is Mine

The Usual Suspects (1995)

სხვა ვის შეუძლია ჰიპ ჰოპ სამყაროს კაიზერ სოზედ საკუთარი თავის გამოცხადება, თუ არა იმ პიროვნებას, რომელმაც კარიერა ბრუკლინის ქუჩებში კოკაინით ვაჭრობიდან დაიწყო და წლების შემდეგ ჟანრის ისტორიაში პირველ მილიარდერ არტისტად იქცა. ჯეი ზის კომპოზიციის The City is Mine მიხედვით შექმნილი ვიდეორგოლი სწორედ ბრაიან სინგერის კრიმინალური დრამის, "ჩვეულებრივი ეჭვმიტანილების" მოტივებზეა გადაღებული.

5. Madonna - Material Girl

Gentlemen Prefer Blondes (1953)

ჰოვარდ ჰოუქსის სურათში "ჯენტლმენები ირჩევენ ქერებს" ლეგენდარული მერილინ მონროს მიერ სიმღერის Diamonds Are a Girl’s Best Friend შესრულება ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული სცენაა. პოპის დედოფალმა მადონამ სიმღერაზე Material Girl გადაღებულ ვიდეორგოლში სწორედ ეს დაუვიწყარი კადრები გააცოცხლა. საინტერესოა, რომ მუსიკოსი მის პირველ ქმარს, შონ პენს პირველად სწორედ ამ კლიპის გადასაღებ მოედანზე შეხვდა.

4. Thirty Seconds to Mars - The Kill

The Shining (1980)

დაცარიელებული სასტუმრო, საბეჭდ მანქანაზე ერთი და იმავე ფრაზის დაუსრულებლად აკრეფა, შიშისმომგვრელ დერეფნებში ხეტიალი და მამაკაცი დათვის კოსტიუმში - ამერიკული ბენდის Thirty Seconds to Mars კომპოზიციაზე The Kill გადაღებული ვიდეორგოლი სტენლი კუბრიკის შედევრით, "ნათებითაა" შთაგონებული. საბედისწერო ოთახის ნომერი კი 237-ის ნაცვლად 6277 გახლავთ - სატელეფონო კლავიატურით "მარსის" დასაწერად ღილაკებზე სწორედ ამ თანმიმდევრობით უნდა დააჭიროთ.

3. The Smashing Pumpkins - Tonight, Tonight

A Trip to the Moon (1902)

ამერიკული როკ ჯგუფის, The Smashing Pumpkins-ის ფრონტმენმა, ბილი კორგენმა კომპოზიცია Tonight, Tonight საკუთარ ძალებში რწმენის, ოცნებებისადმი სწრაფვისა და სირთულეების გადალახვის შესახებ დაწერა. ჟორჟ მელიესის საკულტო სურათის "მოგზაურობა მთვარეზე" მიხედვით შექმნილი ვიდეორგოლის ვიზუალი და შინაარსი ამ ულამაზესი სიმღერის განწყობაში იდეალურად ჩაჯდა.

2. Blur - The Universal

A Clockwork Orange (1971)

სტენლი კუბრიკის კიდევ ერთი ნამუშევარი ჩვენს სიაში. პოპულარული ბრიტპოპ კოლექტივის, Blur-ის წევრები კომპოზიციაზე The Universal გადაღებულ ვიდეორგოლში "მექანიკური ფორთოხლის" პერსონაჟების მსგავსად არიან გამოწყობილნი. აღსანიშნავია, რომ სინგლის გარეკანიც ლეგენდარული რეჟისორის კიდევ ერთი სურათის "2001: კოსმოსური ოდისეა" პირველ სცენაზე მიგვანიშნებს.

1. 2Pac & Dr. Dre - California Love

Mad Max Beyond Thunderdome (1985)

ორი ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტის ერთობლივ ნამუშევარზე გადაღებული ვიდეორგოლი პოსტაპოკალიპტური ფილმების სერიის, "შეშლილი მაქსის" მესამე ნაწილითაა შთაგონებული. აღსანიშნავია, რომ კლიპში რეპერებთან ერთად პოპულარული კომიკოსის, კრის ტაკერისა და ლეგენდარული ფანკ ბენდ Funkadelic-ის ფრონტმენის, ჯორჯ კლინტონის ხილვაცაა შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული