Thumbnail

ოქროს გლობუსის, ოსკარისა და გრემის მფლობელი ვეტერანი ჰიპ ჰოპ არტისტი ლონი რაშიდ ლინი, ფსევდონიმით Common, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ჩიკაგოელმა რეპერმა კომპოზიცია HER Love და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერში ახალგაზრდა არენბი შემსრულებელი Daniel Caesar და დეტროიტელი მომღერალი Dwele მონაწილეობენ. ამ უკანასკნელთან ქომონმა კარიერის განმავლობაში არაერთხელ ითანამშრომლა. ტრეკი რაშიდის მომავალი ალბომის პირველი სინგლია.

ქომონმა მუსიკალური მოღვაწეობა 1991 წელს დაიწყო. არტისტი, რომელიც საკუთარ თავს უიმედო რომანტიკოსს უწოდებს, ფართო საზოგადოებამ სადებიუტო ალბომით Can I Borrow A Dollar? გაიცნო. დღეისთვის ჩიკაგოელი მუსიკოსის დისკოგრაფია 11 სტუდიურ ჩანაწერსა და 2 კომპილაციურ ნამუშევარს აერთიანებს. კომერციულად ყველაზე წარმატებული პერიოდი შემსრულებელს 2000-იან წლებში ჰქონდა, როდესაც მისი ალბომები ქანიე ვესთის მიერ დაფუძნებულ ლეიბლზე G.O.O.D. Music გამოიცა. 2003 წელს ქომონმა ერიკა ბადუსთან ერთად ჩაწერილი კომპოზიციისთვის Love Of My Life გრემის ჯილდო დაიმსახურა. 2015-ში კი მისი და ჯონ ლეჯენდის ტრეკი Glory ოსკარისა და ოქროს გლობუსის დაჯილდოებებზე წლის საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული