Thumbnail

საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლის, პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილის 5 საყვარელი სიმღერა. 

5. Gorillaz - Stylo

რაღაცნაირი სიმღერაა. წესით არ უნდა მომწონდეს, მაგრამ მომწონს უკვე წლებია და მისი მოსმენა არ მბეზრდება.

4. East 17 - It’s Alright

სკოლაში რომ ვსწავლობდი, მაშინ გახდა პოპულარული MTV და მაშინ მომეწონა ეს ინგლისური ჯგუფი. თითქმის ყველა სიმღერა ვიცი ამათი. მაშინ გოგოებს უფრო Take That მოსწონდათ, ბიჭებს East 17. ეს ჯგუფი მძიმე ახალგაზრდობას, უშუქობას, კრიმინალსა და ათას უბედურებას მახსენებს, მაგრამ მხოლოდ ეს ახალგაზრდობა მქონდა, სხვა არ მქონია და იმ წარსულის ერთ-ერთი ნათელი გახსენება ამ ჯგუფის ახალი ალბომის კასეტისა და პოსტერების ყიდვა იყო.

3. ნიაზ დიასამიძე - სულის ვარდო

ნიაზის მუსიკა ძალიან მომწონს. დიდი მელომანი და მუსიკის მცოდნე არ ვარ, მაგრამ ვხვდები, რომ მის მუსიკაში ათასი სტილია არეულ-დარეული, თუმცა, თან ძალიან ქართულია. ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერა არის "სულის ვარდო", თუმცა, ბევრი რამ მომწონს მისი დაწერილ-შესრულებული.

2. გოგი ცაბაძე - ჩემო თბილის ქალაქო

მთელი ცხოვრებაა მომწონს ეს სიმღერა და ყოველთვის გულს მიჩუყებს. კომპოზიტორობა რომ შემეძლოს, ასეთ სიმღერას დავუწერდი თბილისს.

1. ჰამლეტ გონაშვილი - დაიგვიანეს

ეს ხალხური სიმღერა რამდენიმე მუსიკოსის შესრულებით მომწონს. ბოლოს სოფო ბათილაშვილის ვერსია მომეწონა, მანამდე და ყოველთვის ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით. მეტისმეტად ქართულია. როცა ვუსმენ, სხვა არაფრის კეთება შემიძლია. ამ სიმღერას უნდა ვუსმინო და თვალები დავხუჭო. მოცული და პარალიზებული ვარ ხოლმე მუსიკით და ემოციით ამ დროს. არც ხმა მაქვს და არც სმენა, მაგრამ სადმე ბუნებაში როცა ვარ, მარტო ბოლო ხმაზე ვმღერი ამ სიმღერას.

კომენტარები

ბოლოს დამატებული