Thumbnail

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო რეპერის მეხუთე სტუდიური ალბომის გარეკანზე წარწერა წინასწარ გვაფრთხილებს, რომ რიგითი ჰიპ ჰოპ ნამუშევრის მოსმენის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. მართლაც, IGOR ტაილერის წინა ჩანაწერებისგან საგრძნობლად განსხვავდება და მისი რომელიმე ერთი ჟანრის ჩარჩოებში მოქცევა შეცდომა იქნებოდა. სპეციალურად ამ პროექტისთვის არტისტმა ახალი იმიჯი მოირგო, რომელმაც მის ხაზგასმულ ვულგარულობასა და ეპატაჟურობას მიჩვეულ თაყვანისმცემლებშიც კი გაოცება გამოიწვია.

ამ ალბომამდე ტაილერი თავის რომანტიკულ განცდებზე საუბარს ან გაურბოდა, ან მათ შესახებ ცინიზმნარევი ტონით მოგვითხრობდა. IGOR-ის ნარატივი კი სწორედ ამ თემაზეა აგებული. არტისტის სექსუალური ორიენტაციაც, რომლის შესახებ მან წინა სტუდიურ ჩანაწერში Flower Boy გაკვრით მიგვანიშნა, ამ ნამუშევარში გამორჩეულ როლს თამაშობს.

მუსიკოსი საყვარელ მამაკაცთან კონფლიქტზე ხან მელანქოლიური მისამღერების, ხანაც აგრესიული ფლოუს საშუალებით გვიყვება - მის პარტნიორს გული კვლავ იმ ქალისკენ მიუწევს, რომელთანაც წარსულში ინტიმური ურთიერთობა აკავშირებდა. სწორედ ეს სასიყვარულო სამკუთხედი ხდება იმ ეჭვების, სასოწარკვეთისა და მანიაკალური ეგოიზმის საფუძველი, რომელსაც ალბომში არაერთხელ ვაწყდებით.

სტუდიური ნამუშევრის სახელწოდებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. იგორი პოპკულტურაში ცნობილი სტერეოტიპული პერსონაჟია, რომელიც ბოროტი ზრახვებით შეპყრობილ ბატონს (ხან ძლევამოსილ ვამპირს "დრაკულაში", ხანაც შეშლილ მეცნიერს "ფრანკენშტეინში") ემსახურება. სწორედ მისი სახელით მონათლა ტაილერმა თავისი ალტერ ეგოებიდან ერთ-ერთი, რომელმაც ჰიპ ჰოპის თვითგამოცხადებულ ანტიგმირს წარმატებისკენ მიმავალ ეკლიან გზაზე ერთგული ასისტენტობა გაუწია. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ არტისტმა თავის გრძნობებსა და სისუსტეებზე გულახდილად საუბარი მხოლოდ მაშინ შეძლო, როდესაც სააშკარაოზე საკუთარი შინაგანი სამყაროს ყველაზე ბნელი ნაწილი გამოიტანა.

ალბომში შესული კომპოზიციების ჟღერადობა და სტრუქტურა მის შინაარსს იდეალურად შეესაბამება და ჰიპ ჰოპის სტანდარტულ ჩარჩოებს საგრძნობლად სცდება. სინთეზატორების პირქუშ, დაჩეხილ ბგერებთან ერთად სოულის მსუბუქი, სასიამოვნო ჩანართები იდეალურ კონტრასტს ქმნის და მუსიკოსის გაორებულ ემოციებს სრული სიცხადით გვიხატავს. შეგვიძლია, თამამად განვაცხადოთ, რომ ამ დროისათვის IGOR ტაილერის, როგორც პროდიუსერის ყველაზე დიდი მიღწევაა. მან კამერუნული ფანკიდან, იაპონური სიტი პოპიდან თუ გერმანული კრაუტროკიდან აღებული სემპლები თითქმის უნაკლოდ დაამუშავა და აბსტრაქტული მონაკვეთებიდან მელოდიურ რიტმებზე უეცარი გადასვლებით უნიკალური აკუსტიკური ატმოსფერო შექმნა. აქვე უნდა აღინიშნოს მოწვეული არტისტების დამსახურებაც: კომპოზიციაში NEW MAGIC WAND ტაილერს პარტნიორობა სანტიგოლდმა გაუწია, IGOR'S THEME-ში ლილ უზი ვერტმა, ARE WE STILL FRIENDS-ში ფარელ უილიამსმა, I THINK-ში კი სოლანჟმა. 

ამერიკული "ბილბორდის" ჩარტის სათავეში მოქცევა ჰიპ ჰოპის ისტორიაში სამოცდაათმა სოლო არტისტმა მოახერხა, თუმცა, მათ შორის ტაილერი ერთადერთია, რომელმაც ამ შთამბეჭდავ შედეგს თანაპროდიუსერებისა და მოწვეული კომპოზიტორების დახმარების გარეშე მიაღწია. ამ ალბომის წყალობით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ახალი სკოლის საუკეთესო წარმომადგენლის ვინაობაზე შეიძლება, დაუსრულებლად ვიდავოთ, მაგრამ ჟანრის ყველაზე არაორდინარული, კრეატიული და საინტერესო ფიგურის წოდებას (ისევე, როგორც საყვარელ მამაკაცს) ტაილერ ოკონმა იოლად არასდროს დათმობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული