Thumbnail

15 საინტერესო ფაქტი Black Eyed Peas-ის შესახებ

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

16 ივნისს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე კონცერტს პოპულარული ამერიკული ჯგუფი Black Eyed Peas გამართავს

► მოიგე 2 ბილეთი Black Eyed Peas-ის კონცერტზე

თუ არ იცით, როგორ გაიყვანოთ საყვარელი შემსრულებლების კონცერტამდე დარჩენილი დრო, გირჩევთ, ჩვენთან ერთად გაეცნოთ 15 საინტერესო ფაქტს Black Eyed Peas-ის შესახებ. 

15. will.i.am და apl.de.ap ბავშვობიდან მეგობრობენ

ჯგუფის წევრები უილიამ ადამსი, იგივე will.i.am და ალენ ლინდო, სასცენო სახელით apl.de.ap, ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. ისინი ლოს ანჯელესის ერთ-ერთ სკოლაში სწავლისას დაახლოვდნენ და 15 წლის ასაკში ერთობლივი ჰიპ ჰოპ საღამოების გამართვაც დაიწყეს. უილიამი და ალენი დღემდე საუკეთესო მეგობრები არიან.

14. ჯგუფის წევრებს წარმატების მიღწევაში Eazy-E დაეხმარა

1992 წელს ადამსისა და ლინდოს შემოქმედებით ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ერიკ ლინ რაითი, იგივე Eazy-E დაინტერესდა და მათი კოლექტივი Atban Klann საკუთარ ლეიბლზე Ruthless Records მიიწვია. პირველი სტუდიური ჩანაწერი Merry Muthafuckin' Xmas ბენდის წევრებმა სწორედ იზი ისთან კოლაბორაციით გამოუშვეს.

13. will.i.am-ისა და apl.de.ap-ის პირველი სტუდიური ალბომი ოფიციალურად არასდროს გამოსულა

Atban Klann-ის წევრებმა სადებიუტო ალბომის Grass Roots ჩაწერა 1992 წელს დაიწყეს, ორი წლის შემდეგ კი პირველი სინგლი Puddles Of H2O გამოუშვეს, თუმცა, Ruthless Records-ის მესვეურებმა Grass Roots-ის გამოცემა ჯერ დროებით გადადეს, Eazy-E-ს გარდაცვალების შემდეგ კი საერთოდ გადაიფიქრეს. ამრიგად, will.i.am-ისა და apl.de.ap-ის პირველი სტუდიური ჩანაწერი ოფიციალურად არასდროს გამოქვეყნებულა.

12. Black Eyed Peas 1995 წელს ჩამოყალიბდა

Black Eyed Peas ადამსმა და ლინდომ, ჰაიმე გომესთან, იგივე Taboo-სთან ერთად 1995 წელს Ruthless Records-ის დატოვების შემდეგ ჩამოაყალიბეს. სამი მეგობრისგან დაკომპლექტებულ კოლექტივს თავიდან Black Eyed Pods ერქვა.

11. Black Eyed Peas-ს მცენარის სახელი ჰქვია

ჯგუფს სახელი იმ მცენარის პატივსაცემად ქვია, რომელსაც საქართველოში ძაძას უწოდებენ. სულხან-საბას განმარტებით ლექსიკონში ის მოხსენებულია, როგორც "წვრილი ლობიო". ერთწლოვანი პარკოსნისგან სამხრეთ ამერიკისა და აზიის ქვეყნებში მრავალგვარ საჭმელს ამზადებენ. will.i.am-ის თქმით, მან ჯგუფის სახელწოდება კალიფორნიული კოლექტივის, Red Hot Chili Peppers-ის გავლენით შეარჩია. მოგვიანებით მუსიკოსმა ისიც დასძინა, რომ "ძაძა სულს კვებავს".

10. Black Eyed Peas-ის ქალი კოლაბორატორები

სამი უცვლელი წევრის გარდა, Black Eyed Peas-ის შემადგენლობაში დროდადრო ქალი ვოკალისტები ჩნდებიან: კიმ ჰილი, სიერა სვანი და სტეისი ფერგიუსონი, იგივე ფერგი. ყველაზე დიდ კომერციულ წარმატებას ჯგუფმა სწორედ ამ უკანასკნელთან ერთად მიაღწია. თუმცა, მას შემდეგ რაც, 2016 წელს ფერგიმ ჯგუფი დატოვა, will.i.am-მა განაცხადა, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ამჟამად ბენდის ვოკალისტის ადგილს კონკურსის "ფილიპინების ხმა" ფინალისტი ჯესიკა რეინოსო იკავებს.

9. will.i.am პირველი მუსიკოსია, რომლის კომპოზიციაც მარსზე გაჟღერდა

will.i.am-ის კომპოზიცია Reach for the Stars პირველი სიმღერაა, რომელიც მარსიდან გადმოიცა. ჰიპ ჰოპ არტისტის ჩანაწერი წითელ პლანეტაზე NASA-ს ხომალდმა Curiosity-მ 2011 წელს წაიღო. როვერის პლანეტის ზედაპირზე დაჯდომის შემდეგ კი, ამერიკული კოსმოსური სააგენტოს თანამშრომლებსა და მუსიკოსის გულშემატკივრებს საშუალება ჰქონდათ, მარსზე გაჟღერებული ტრეკი ლაივში მოესმინათ.

8. apl.de.ap წარმოშობით ფილიპინებიდანაა

ალენ ლინდო წარმოშობით ფილიპინებიდანაა, თუმცა, ამერიკაში 14 წლიდან ცხოვრობს. ამჟამად ის ფილიპინების განათლების საპატიო ელჩია, სამშობლოში არაერთ საგანმანათლებლო პროექტს აფინანსებს და საკუთარ ქვეყანას სიმღერებსაც ხშირად უძღვნის.

7. Taboo კარიერის დასაწყისში ცხენის ფეკალიების მწმენდავად მუშაობდა

ჰაიმე გომესი კარიერის დასაწყისში დისნეილენდში ცხენის ფეკალიების მწმენდავად მუშაობდა. ამ და თავისი ცხოვრების სხვა საინტერესო დეტალებზე არტისტი ავტობიოგრაფიაში Fallin' Up: My Story წერს. ნაწარმოების წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: "Taboo, რომელსაც ერთგულ მხარდამჭერად ბებია ავრორა ჰყავდა, საკუთარ ოცნებებს თავდაუზოგავად ეჭიდებოდა. მან გადალახა ყველა დაბრკოლება და უარი თქვა დანებებაზე მაშინაც კი, როცა 18 წლის ასაკში მამა გახდა".

6. will.i.am-ს სმენის პრობლემები აქვს 

will.i.am-ს საკმაოდ გავრცელებული სმენითი დაავადება, ტინიტუსი აწუხებს. ხმამაღალმა მუსიკამ მისი ყურის აპარატის დაზიანება გამოიწვია, რის გამოც არტისტს ხშირად წუილის ხმა ესმის. "აღარც კი მახსოვს, როგორია სიჩუმე. მდგომარეობას ერთადერთი რამ, მუსიკა მიმსუბუქებს", - აღნიშნა ადამსმა გაზეთ The Sun-თან ინტერვიუში.

5. Taboo-მ სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაამარცხა

2014 წელს Taboo-ს მოულოდნლად სათესლე ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მანამ მისი ოჯახის წევრები ცდილობდნენ, გაერკვიათ, რისი გაკეთება შეეძლოთ, will.i.am-მა მეგობარი საუკეთესო ექიმებთან წაიყვანა. ოპერაციის შედეგად, გომესმა მარჯვენა სათესლე დაკარგა და ქიმიოთერაპიის კურსის გადატანაც მოუხდა, თუმცა, ამჟამად თავს მშვენივრად გრძნობს და აქტიურადაა ჩართული კიბოსთან ბრძოლის კამპანიებში. 2016 წელს არტისტმა ამ თემაზე სიმღერა The Fight ჩაწერა, რომლითაც დაავადებულებს ბრძოლისკენ მოუწოდა.

4. apl.de.ap ოფიციალურად უსინათლოა

ალენ ლინდო ოფიციალურად უსინათლოა. მას იშვიათი თანდაყოლილი დაავადება ნისტაგმი აქვს, რომელიც თვალების სპონტანურ რხევით მოძრაობასა და მხედველობის დაქვეითებას იწვევს. ამიტომ არტისტს ცეკვის თითოეული ილეთის ზედმიწევნით ზუსტად დამახსოვრება უწევს. 2012 წელს ლინდომ თვალის ოპერაცია გაიკეთა, რამაც, მუსიკოსის თქმით, მისი მდგომარეობა საგრძნობლად შეამსუბუქა.

3. will.i.am გეტოებში მცხოვრებ ბავშვებს კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და ინჟინერიას ასწავლის

ერთ-ერთ ინტერვიუში will.i.am-მა განაცხადა, რომ ძალიან მოსწონს 3D პრინტერები, თუმცა, ეშინია, რომ ერთ დღეს ვინმემ შეიძლება, ადამიანების დაბეჭდვა დაიწყოს. იმის მიუხედავად, რომ ადამსს ახალი ტექნოლოგიების ნაწილი აშფოთებს, მას სპეციალური ფონდი აქვს, რომელიც გეტოებში მცხოვრებ არასრულწლოვნებს პროგრამირებასა და ინჟინერიას ასწავლის. "მინდოდა, ჩემი სამეზობლო შემეცვალა, პატარებს დავხმარებოდი, თუმცა, ამაში მუსიკის ინდუსტრია არ გამომადგებოდა, რადგან ის ჯანსაღი აღარაა. ამიტომ გადავწყვიტე, ბავშვები წამეხალისებინა, რათა ისინი მეცნიერები გამხდარიყვნენ", - აღნიშნავს არტისტი.

2. Black Eyed Peas ასამდე ჯილდოს ფლობს 

ამ დროისთვის Black Eyed Peas-ს 7 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული და ასამდე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. კოლექტივმა ექვსჯერ გრემი, ხოლო რვაჯერ ამერიკული მუსიკის დაჯილდოება მოიგო. უკანასკნელი ჩანაწერი Masters of the Sun Vol. 1 ჯგუფმა 2018 წლის 26 ოქტომბერს გამოუშვა და კვლავ შეძლო მუსიკის კრიტიკოსთა გულების მოგება.

1. will.i.am-ის სცენარის მიხედვით მარველმა კომიქსი შექმნა

2017 წელს will.i.am-ის სცენარის მიხედვით მარველმა კომიქსი Masters of the Sun - The Zombie Chronicles გამოუშვა. გრაფიკული ნოველის სიუჟეტი ოთხმოციანი წლების კრეკის ეპიდემიის ალეგორიაა და ბრონქსული ჰიპ ჰოპ კოლექტივის ამბავს მოგვითხრობს, რომლის წევრებიც დედამიწაზე გაბატონების მსურველ უცხოპლანეტელს ებრძვიან. დამპყრობელი დილერებსა და ნარკოდამოკიდებულებს ზომბებად აქცევს, ბენდის წევრები კი მათ გათავისუფლებასა და პლანეტის გადარჩენას ცდილობენ. კომიქსის თითოეული გვერდი აუგმენტური რეალობის საშუალებით ცოცხლდება. მის გახმოვანებაზე ლეგენდარულმა სცენარისტმა და მწერალმა სტენ ლიმ, რეპერებმა სნუპ დოგმა, აის თიმ და სხვა ვარსკვლავებმა იზრუნეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ Masters of the Sun-ის ინსპირაციით შეიქმნა Black Eyed Peas-ის უკანასკნელი ალბომიც.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული