Thumbnail

10 ცნობილი კომპოზიცია, რომელსაც მისამღერი არ აქვს

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ჩანაწერის ჰიტად ქცევისთვის კარგი და დასამახსოვრებელი მისამღერი რომ აუცილებელი პირობაა, დამწყებმა მუსიკოსებმაც მშვენივრად იციან. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში პოპულარული არტისტები ფონს გასვლას მის გარეშეც ახერხებენ, შედეგად კი ძალზე შთამბეჭდავ ნამუშევრებს გვთავაზობენ. ჩვენს სიაში სწორედ 10 ასეთ გამორჩეულ კომპოზიციას წარმოგიდგენთ. მათი ნუმერაცია, ტრადიციულად, პირობითია.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Queen - Bohemian Rhapsody

ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის ამ კომპოზიციაში მისამღერის გარდა თითქმის ყველაფერია - დაწყებული გიტარის სოლოთი და აკაპელათი, დამთავრებული კოდათი და საოპერო ჩანართით. Bohemian Rhapsody-ს ასეთი უჩვეულო სტრუქტურა კი იმან განაპირობა, რომ ბენდის ფრონტმენმა, ფრედი მერკურიმ მის შესაქმნელად სხვადასხვა დროს დაწერილი სამი სიმღერა გააერთიანა.

ამბიციური ჩანაფიქრის განხორციელებას სტუდიაში სამკვირიანი მუშაობა დასჭირდა, ნაწარმოებისთვის საბოლოო სახის მისაცემად კი მუსიკოსებმა მისი ცალკეული მონაკვეთების 180-ზე მეტი სხვადასხვა ვერსია ჩაწერეს.

9. Radiohead - Paranoid Android

ბრიტანული კოლექტივის ფრონტმენმა, ტომ იორკმა გიტარაზე დაკვრა პირველად 7 წლის ასაკში, ტელევიზორში ბრაიან მეის ნახვის შემდეგ სცადა. თუმცა, Radiohead-ის წევრებზე Queen-ის გავლენა ამით არ ამოწურულა და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოდ მათ კომპოზიციაზე Paranoid Android აისახა.

Bohemian Rhapsody-ს რთული სტრუქტურის მიბაძვით, ეს ნამუშევარიც რამდენიმე განსხვავებულ ნაწილადაა დაყოფილი. მასში ტემპი რამდენჯერმე იცვლება, მისამღერი კი არ აქვს. იორკის თქმით, დეპრესიული ხასიათის ტრეკის დაწერა ლოს ანჯელესში გატარებულმა საღამომ შთააგონა, როდესაც ადგილობრივ ბარში კოკაინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი უცხო ადამიანებით აღმოჩნდა გარშემორტყმული.

8. The Beatles - Tomorrow Never Knows

კარიერის დასაწყისში ლივერპულური ოთხეულის რეპერტუარი სტანდარტული პოპ როკ ბალადებით იყო დაკომპლექტებული. მეშვიდე სტუდიურ ნამუშევარში Revolver კი მუსიკოსებმა ექსპერიმენტებს მიჰყვეს ხელი, რაც კომპოზიციების ჟღერადობასთან ერთად, მათ სტრუქტურაზეც აისახა. ამის საუკეთესო მაგალითად ინდური ნაციონალური ინსტრუმენტების მეშვეობით ჩაწერილი Tomorrow Never Knows გამოდგება, რომელსაც მისამღერი არ აქვს.

ეპოქალური კოლექტივის შემოქმედებაში ეს ტრეკი ერთგვარი გამყოფი წერტილი აღმოჩნდა. მისი შექმნისას ფირით ჩატარებული მანიპულაციები კი თამამად შეგვიძლია, სემპლინგის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ მაგალითად ჩავთვალოთ.

7. The Cure - Lullaby

ბრიტანული პოსტ პანკ ბენდის ამ კომპოზიციაში მისამღერის დანაკლისს გიტარისა და სინთეზატორის პარტიები ავსებს. Lullaby ჯგუფის მერვე სტუდიურ ალბომში Disintegration შევიდა, რომლის ჩაწერისას კოლექტივის ფრონტმენი, რობერტ სმიტი აქტიურად მოიხმარდა ჰალუცინოგენებს.

ჯგუფის თაყვანისმცემლების უმრავლესობა დღემდე შეცდომით მიიჩნევს, რომ ტექსტში გამოყენებული მეტაფორები ნარკოდამოკიდებულებაზე მიანიშნებს. თუმცა, თავად სმიტის თქმით, ბიძამისმა, რომელსაც მისი შეშინება ძალიან უყვარდა, ბავშვობაში კაციჭამია ობობაზე მოუთხრო და სწორედ ეს უსიამოვნო მოგონება იქცა წლების შემდეგ მუსიკოსის შთაგონების წყაროდ.

6. Jefferson Airplane - White Rabbit

ამერიკული ფსიქოდელიური როკ ბენდის მიერ 1967 წელს გამოცემული კომპოზიციის ტექსტში თეთრი კურდღელი იმ ცნობისმოყვარეობის სიმბოლოა, რომელმაც ლუის კეროლის ალისას ჯერ საოცრებათა, შემდეგ კი სარკის მიღმა სამყაროში ამოაყოფინა თავი, ხოლო კოლექტივის ლიდერს, გრეის სლიკს ნარკოტიკების პირველად გასინჯვისკენ უბიძგა.

ჰალუცინოგენების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გრეისმა White Rabbit მაილს დევისის ალბომის Sketches of Spain ზედიზედ რამდენჯერმე მოსმენის შემდეგ დაწერა. 
რთული მისახვედრი, ალბათ, არაა, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ მუსიკოსს 
მისამღერსა და ნამუშევრის სტანდარტულ სტრუქტურაზე ფიქრისთვის დრო ნაკლებად დარჩებოდა.

5. Led Zeppelin - Stairway to Heaven

საკულტო ინგლისური როკ ბენდის ეს კომპოზიცია არა მხოლოდ Led Zeppelin-ის, არამედ მთელი ჟანრის საიმიჯო ჩანაწერადაც იქცა. ეს გენიალური ნამუშევარი სამ ძირითად ნაწილადაა დაყოფილი. პირველი ნელი ტემპით გამოირჩევა, მეორეში დასარტყამი ინსტრუმენტების რიტმული სექცია შემოდის, მესამე კი ჰარდ როკისათვის დამახასიათებელ სტილში, ჯიმი პეიჯის ეპიკური გიტარის სოლოს თანხლებით სრულდება.

ტექსტში მხოლოდ ერთადერთი მონაკვეთი - Ooh, makes me wonder მეორდება და დღემდე იწვევს კამათს იმის შესახებ, რეფრენად უნდა ჩაითვალოს თუ მისამღერად. ჩვენ პირველ ვერსიას ვემხრობით და ამ არაჩვეულებრივ კომპოზიციას წარმოგიდგენთ. 

4. R.E.M. - Nightswimming

ამერიკული ალტერნატიული როკ ჯგუფის ამ მელანქოლიურ ბალადაში მისამღერის ადგილზე სიმებიანი ორკესტრის მიერ შესრულებულ პარტიას ვისმენთ, რომლის არანჟირებაც Led Zeppelin-ის ყოფილ ბასისტს, ჯონ პოლ ჯონსს ეკუთვნის. კომპოზიცია კოლექტივის მერვე სტუდიურ ალბომში Automatic for the People შედის, რომელიც მათ შემოქმედებაში ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერად ითვლება.

სხვათა შორის, მუსიკის კრიტიკოსთა ნაწილი შეცდომით მიიჩნევს, რომ მისამღერის გარეშე ბენდის ყველაზე პოპულარული სიმღერა Losing My Religion არის დაწერილი. არადა, ამ კომპოზიციის გამორჩეული ღირსება, სწორედ რომ დასამახსოვრებელი მისამღერია, რომლის წყალობითაც მას მილიონობით სხვა ტრეკიდან მარტივად გამოარჩევთ.

3. Pink Floyd - Money

"იმას, რასაც დევიდ გილმორი ერთი აკორდით აკეთებს, სხვა გიტარისტები მთელი კარიერის განმავლობაში ვერ ახერხებენ" - ამ ფრაზით ლეგენდარული ჯგუფის, Pink Floyd-ის წევრს მისი კოლეგები ხშირად ახასიათებენ. მათი სიტყვების ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად ამ კომპოზიციის ერთხელ მოსმენაც საკმარისია.

ჯგუფის მერვე, ეპოქალურ ალბომში Dark Side of the Moon შესულ ტრეკში მისამღერის ფუნქციას გილმორის მიერ გიტარაზე და მოწვეული მუსიკოსის, დიკ პერის მიერ საქსოფონზე შესრულებული სოლოები იმდენად ბუნებრივად ითავსებს, რომ ყურადღების გამახვილების გარეშე სიმღერის ამ ნაწილის არარსებობა თითქმის შეუმჩნეველი ხდება.

2. The Doors - The End

საკულტო როკ ჯგუფის ფრონტმენი, ჯიმ მორისონი სკანდალური ქცევებითა და კონტროვერსიული ტექსტებით იყო ცნობილი. თუმცა, ამერიკელი პოეტისა და მუსიკოსის შემოქმედებაში ოიდიპოსის შესახებ მითით შთაგონებულ ამ კომპოზიციასთან შედარებით თითქმის ყველა სხვა ნამუშევარი ფერმკრთალდება.

იმ დროისთვის შოკისმომგვრელი შინაარსის მქონე ჩანაწერი ფსიქოდელიური ინსტრუმენტალის ფონზე სანახევროდ რეჩიტატივის ფორმით წაკითხული პოემაა. იმის მიუხედავად, რომ ლირიკის ერთ-ერთი მონაკვეთი ტრეკის დასაწყისში და მიწურულს ორჯერ მეორდება, მისი მისამღერად ჩათვლა ნამდვილად უადგილო იქნებოდა.

1. The Smiths - Last Night I Dreamt Somebody Loved Me

ეს სიმღერა მანჩესტერული ინდი როკ ჯგუფისთვის დამახასიათებელი ყველა ღირსებით გამოირჩევა - კოლექტივის მიერ უნაკლოდ შესრულებული, მელანქოლიური ინსტრუმენტალის ფონზე სტივენ პატრიკ მორისი ტრადიციულად მარტოობაზე, უსიყვარულობაზე, ტკივილსა და სიცარიელეზე მღერის.

The Smiths-ის დისკოგრაფიაში ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მათ კომპოზიციას მისამღერი არ ახლავს. მართალია, მორისისა და ბენდის ყოფილ გიტარისტს, ჯონი მარს კონფლიქტები ხშირად მოსდით, მაგრამ იმაზე, რომ ეს ტრეკი კოლექტივის შემოქმედებაში საუკეთესო ნამუშევარია, უპირობოდ თანხმდებიან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული