Thumbnail

აფრიკა ბამბაატას კომპოზიცია Planet Rock 1982 წელს გამოვიდა და რიგით მესამე ჰიპ ჰოპ რელიზი გახდა, რომელიც ბილბორდის 100 საუკეთესო სიმღერის ჩარტში მოხვდა. მის შექმნაში მონაწილეობა ბამბაატას ელექტრო-ფანკ ჯგუფის, Soulsonic Force-ის წევრებმა მიიღეს. 

აფრიკა ბამბაატა, იგივე კევინ დონოვანი, პირველი თაობის ნიუ იორკელი დიჯეი იყო. მისი სეტებიც იმდენად მრავალფეროვანი იყო, რომ ფანკის ლეგენდებს, ჯორჯ კლინტონსა და ჯეიმს ბრაუნს ელექტრონული მუსიკის პიონერი Kraftwerk ენაცვლებოდა. სწორედ ამ გერმანული ჯგუფის კომპოზიცია Trans-Europe Express გახდა Planet Rock-ის შექმნის ინსპირაცია. 

"იმ დროს, Trans-Europe Express ყველგან ისმოდა - კლუბებში, ქუჩაში, სახლებში, მანქანებში. Kraftwerk-ს ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა გავლენა მოახდინა მათმა შემოქმედებამ აფროამერიკულ კულტურაზე", - იხსენებს ბამბაატა.

1981 წელს, მშობლებისგან ნასესხები ხუთი ათასი აშშ დოლარით, ნიუ იორკის კიდევ ერთმა მკვიდრმა, ტომ სილვერმენმა ლეიბლი Tommy Boy Records დააარსა. აფრიკა ბამბაატას პირველი სინგლის ჩაწერის იდეაც სწორედ მას ეკუთვნოდა.

"ვიფიქრე, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა Kraftwerk-ის რიტმებისა და ჟღერადობის ჩვენს უნიკალურ მუსიკალურ ხედვასთან შეთავსება", - ამბობს სილვერმანი ერთ-ერთ ინტერვიუში.

Planet Rock ჰიპ ჰოპისა და საცეკვაო მუსიკის რამდენიმე ჟანრის ყველაზე ცნობილ სინთეზად იქცა. ეს იყო პირველი ჰიპ ჰოპ სიმღერა, რომელიც საკულტო დრამ მანქანის, Roland TR808-ის დახმარებით შეიქმნა.

"TR808 იმ დროს ახალი გამოსული იყო და მისი გამოყენება არავინ ვიცოდით. ამიტომაც გაზეთში ნანახი განცხადებით, 20 დოლარად ხმის ინჟინერი დავიქირავეთ, რომელსაც ჩვენი იდეები ტექნიკურად უნდა განეხორციელებინა", - ჰყვება სიმღერის პროდიუსერი არტურ ბეიკერი.

Planet Rock-ის ინოვაციურმა ჟღერადობამ ჰიპ ჰოპ კულტურაში ელექტრონული მუსიკის ელემენტების გამოყენებას ჩაუყარა საფუძველი. მან უდიდესი გავლენა მოახდინა ისეთი არტისტების სტილზე, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, Run-DMC. 80-იანი წლების დეტროიტ ტექნოს საუნდის ჩამოყალიბებას უკავშირებს ამ კომპოზიციას ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდიუსერი, ხუან ატკინსი. 

"პირველად რომ მოვისმინე, მაშინვე მივხვდი, რომ ისტორიული მნიშვნელობის სიმღერა შევქმენით", - ეს სიტყვებიც ბეიკერს ეკუთვნის.

თუ Planet Rock-ამდე ჰიპ ჰოპ არტისტები ინსტრუმენტალის შესაქმნელად გრძელ მუსიკალურ ამონარიდებს იყენებდნენ, ბამბაატამ სემპლების ხანგრძლივობა მაქსიმალურად შეამოკლა. შედეგად, ბამბაატას მიერ დამუშავებულ მონაკვეთებსა და "კრაფტვერკის" ორიგინალურ ტრეკს შორის მსგავსების პოვნა თითქმის შეუძლებელი გახდა. ამის მიუხედავად, გერმანული ჯგუფის წევრებმა ჩათვალეს, რომ ისინი სიმღერის თანაავტორებად უნდა დასახელებულიყვნენ და ფინანსური მოგებაც მიეღოთ. მათ სასამართლოშიც კი უჩივლეს ბამბაატას, თუმცა უშედეგოდ. 

სინგლის დებიუტი ბრონქსში მდებარე Boys’ Club-ში შედგა.

"ხალხი გაუჩერებლად ცეკვავდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინსტრუმენტული ვერსია დავუკარი. მათ ისე მოეწონათ, რომ ზედიზედ ხუთჯერ მომიწია მისი გამეორება", - იხსენებს ბამბაატა. 

მანჰეტენზე მდებარე კლუბი The Fun House ის ადგილი იყო, სადაც Tommy Boy Records-ის არტისტები მელომანებს თავის ახალ ნამუშევრებს უზიარებდნენ. 80-იანი წლების პირველი ნახევრისთვის კლუბში, სადაც ძირითადად საშუალო კლასის თეთრკანიანი მსმენელი იკრიბებოდა, ბრონქსელი დიჯეის გამოჩენა იშვიათობა იყო. თანაც ისეთი დიჯეის, რომელიც "კრაფტვერკის" ტრეკებს აფროამერიკელი სამოქალაქო აქტივისტის, მალკოლმ იქსის მგზნებარე  გამოსვლებს უმიქსავდა. სწორედ აქ გაჟღერდა Planet Rock პირველად ფართო აუდიტორიისთვის, რამაც გარკვეულწილად განაპირობა კიდეც მისი შემდგომი კომერციული წარმატება. 

1998 წელს ინგლისურმა ელექტრონულმა ჯგუფმა Lo Fidelity Allstars სიმღერიდან აღებული სემპლი კომპოზიციაში Kool Roc Bass გამოიყენა.

2001 წელს სიმღერის რემიქსი პოლ ოკენფოლდმა ჩაწერა. ის დომენიკ სენას ფილმში Swordfish გაჟღერდა.

2006 წელს კი LL Cool J-მ სიმღერიდან აღებული სემპლი კომპოზიციაში Control Myself გამოიყენა, რომელიც პოპვარსკვლავ ჯენიფერ ლოპესთან ერთად შეასრულა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული