Thumbnail

მაისი: 7 ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტული კომპოზიცია

ნინი დანელია პროფილის ფოტო
ნინი დანელია

popmusic-ის ყოველთვიურ რუბრიკაში მაისში გავრცელებულ შვიდ ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტულ კომპოზიციას გთავაზობთ. 

7. Deena Abdelwahed - Ababab (Ital Tek Remix)

კარგი რემიქსის შექმნა ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს - კომპოზიციას საკუთარი ხელწერა ისე უნდა დაატყო, რომ მისი თავდაპირველი ღირსებები არ შელახო. ამ კონტექსტში Planet Mu-ზე გამოზრდილ Ital Tek-ს არცერთი ბგერა არ შეშლია და დინა აბდელვაჰედის ტრეკს სწორედ ის შემატა, რაც მანამდე არც კი ვიცოდით, რომ აკლდა.

6. Batu - Shiratani

როდესაც ბრისტოლის მუსიკალური სცენიდან მოდიხარ, მარტივი მესიჯების რთულად გადმოცემის ჩვევა წყევლასავით დაგყვება. Batu ყურადღებას მსმენელის სხეულისგან და გონებისგან ერთდროულად მოითხოვს, ისეთ კომპოზიციებშიც კი, რომლებიც პირდაპირ საცეკვაო მოედნებისთვისაა გამზადებული.

5. LOFT - That Hyde Trakk

That Hyde Trakk ყურადღების კონცენტრაციის უნარის შესამოწმებელი ტესტია - მანჩესტერელი აია სინკლერი კომპოზიციის თითოეულ ელემენტს ისევე სწრაფად ანგრევს, როგორც აშენებს. მუსიკალური პასაჟები კი იმდენად სწრაფად ცვლის ერთმანეთს, რომ შეუძლებელია მზად დახვდე ან დააფიქსირო, სად გაქრა ბგერა, რომელიც სულ რაღაც ორი წამის წინ გაჩნდა.

4. Uffie - No Take Me Backs

შემიძლია თავი დავდო, რომ ათი წლის წინ, როდესაც Charlie XCX მუსიკაში პირველ ნაბიჯებს დგამდა, აფის Pop The Glock-ს შეპყრობილი თინეიჯერივით უსმენდა. სწორადაც იქცეოდა, რადგან აფი ყოველთვის ხვდებოდა, რა მიმართულებით განვითარდებოდა პოპ მუსიკა, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნიდა, ეს თავად ექნა. პრინციპში, არც ახლა ჰყოფნის, თუმცა, ამ სიაში მოსახვედრად ნამდვილად საკმარისს აკეთებს.

3. Bath Consolidated - Narryer Gneiss Terrane

ავტორმა ეს კომპოზიციაა მილენიალებს მიუძღვნა. ადამიანებს, რომლებიც, მისი აზრით, წარსულსა და მომავალს შორის არიან გაჭედილნი და მუდმივად იმის შიშით იტანჯებიან, რომ შთამომავლობას ღირებულს ვერაფერს დაუტოვებენ. Narryer Gneiss Terrane დანტეს ჯოჯოხეთისთვის განწირული მილენიალის ცხოვრების საუნდტრეკია.

2. J-e-t-s - Real Truth (ft. Tkay Maidza)

Machinedrum და Jimmy Edgar - ამ ორი არტისტის სოლო შემოქმედებას ელექტრონული მუსიკის მსმენელი კარგად იცნობს, მაგრამ მათი ერთობლივი პროექტი სრულიად სხვა საუბრის თემაა. ვეიფორვეივი ჰაუს მუსიკისთვის არასდროს ყოფილა საინტერესო, მაგრამ J-e-t-s-ის წევრები ახალი ალბომით საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობენ ან შეიძლება, უბრალოდ სურთ, ამ ჟანრის მომავლის შესახებ საკუთარი წარმოდგენები გაგვიზიარონ. 

1. Aïsha Devi - I’m Not Always Where My Body Is

აიშა დევი ამ კომპოზიციის გამოცემას ივლისამდე არ აპირებს, თუმცა, ამ დრომდე მოცდა არაფრით შეიძლება. თუ I’m Not Always Where My Body Is-ში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავთ, მოგიწოდებთ, ამ რუბრიკის ქვეშ გაერთიანებული სტატიების ლინკები არასდროს გახსნათ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული