Thumbnail

მუსიკის ისტორიაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ სტუდიურ ჩანაწერში შესული ტრეკებიდან გამორჩეულად პოპულარული ის კომპოზიცია ხდება, რომელსაც იგივე სახელი ჰქვია, რაც თავად ალბომს. ჩვენს სტატიაში სწორედ 20 ასეთ ნამუშევარს შემოგთავაზებთ. მათი ნუმერაცია, ტრადიციულად, პირობითია და მხოლოდ გამოშვების თარიღს ეფუძნება.

ნახე სრული ფლეილისტი

20. John Coltrane - Blue Train

ლეიბლი: Blue Note (1958)

ავტორი: ჯონ კოლტრეინი

ჯონ კოლტრეინის დისკოგრაფიაში Blue Train ეპოქალურ ლეიბლ Blue Note-ზე გამოცემული ერთადერთი სტუდიური ალბომია. ეს სწორედ ის ჩანაწერია, რომლითაც ლეგენდარული მუსიკოსის შემოქმედებაში კლასიკური ჯაზის ეპოქა დასრულდა. მომდევნო ნამუშევრებში კოლტრეინმა, თავისი ავანგარდული ექსპერიმენტებით, მიმდინარეობის ისტორიაში ყველაზე დიდი რევოლუცია მოახდინა. ალბომში შესული ამავე სახელწოდების მქონე კომპოზიცია კი ჟანრის სტანდარტად და არტისტის შემოქმედებაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტრეკად იქცა.

19. Frank Sinatra - My Way

ლეიბლი: Reprise Records (1969)

ავტორები: კლოდ ფრანსუა, ჟაკ რივო და პოლ ანკა

გამოჩენილმა კომპოზიტორმა, პოლ ანკამ საფრანგეთში დასვენებისას კლოდ ფრანსუას სიმღერას Comme d'habitude მოჰკრა ყური. გამოცდილი მუსიკოსი მაშინვე მიხვდა, რომ ამ ჩანაწერში დიდი პოტენციალი იმალებოდა. ის სასწრაფოდ გაემგზავრა პარიზში საავტორო უფლებების შესაძენად და მცირე ხანში კომპოზიცია ახალი ტექსტით, უმნიშვნელოდ შეცვლილი მელოდიითა და სახელწოდებით My Way ლეგენდარული შემსრულებლის, ფრენკ სინატრას რეპერტუარში აღმოჩნდა.

18. The Beatles - Let It Be

ლეიბლი: Apple Records (1970)

ავტორები: ჯონ ლენონი და პოლ მაკკარტნი

ფსიქოდელიური თუ ავანგარდული ექსპერიმენტების ციკლის შემდეგ ლივერპულური ოთხეული უკანასკნელ სტუდიურ ალბომში თავის თავდაპირველ, მარტივ სტილს მიუბრუნდა. ჩანაწერში შესული, ამავე სახელწოდების საკულტო ბალადა ზედმეტ წარდგენას ნამდვილად არ საჭიროებს. მსმენელთა ნაწილი დღემდე შეცდომით მიიჩნევს, რომ სიმღერის ტექსტში ნახსენები Mother Mary ღვთისმშობელ მარიამს აღნიშნავს, სინამდვილეში კი პოლ მაკკარტნი დედას, მერი პატრისიას გულისხმობდა. მისი გარდაცვალების დროს მომავალი მუსიკოსი მხოლოდ 14 წლის იყო.

17. Black Sabbath - Paranoid

ლეიბლები: Vertigo Records & Warner Bros. (1970) 

ავტორები: ოზი ოსბორნი, ტონი აიომი, ჯიზერ ბათლერი და ბილ უორდი

მეორე სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობის დასრულების შემდეგ ჰევი მეტალის პიონერებს პროდიუსერებმა აუწყეს, რომ ნამუშევრის ქრონომეტრაჟის შესავსებად კიდევ ერთი სამწუთიანი ტრეკი სჭირდებოდათ. მუსიკოსებმა არ დაახანეს და ადგილზევე, ექსპრომტად, ჟანრის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა შექმნეს. თავდაპირველად კოლექტივს ალბომის სახელწოდებად War Pigs ჰქონდა შერჩეული, თუმცა, ლეიბლმა ეს გადაწყვეტილება არ მოიწონა და საბოლოოდ ჯგუფის წევრებმა არჩევანი სწორედ Paranoid-ზე შეაჩერეს.

16. Marvin Gaye - What's Going On

ლეიბლი: Motown Records (1971)

ავტორები: მარვინ გეი, ელ კლივლენდი და რენალდო ბენსონი

1969 წელს არენბი არტისტი რენალდო ბენსონი პოლიციის მიერ ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციის დარბევას შეესწრო. მოგვიანებით მუსიკოსმა ნანახი კომპოზიტორ ელ კლივლენდს უამბო, რომელმაც მონაყოლის შთაგონებით კომპოზიცია What's Going On დაწერა. მისი შესრულება ლეგენდარულ მარვინ გეის შესთავაზეს. სწორედ ეს სიმღერა დაედო საფუძვლად მის ამავე სახელწოდების კონცეპტუალურ ალბომს, რომელიც ვიეტნამიდან დაბრუნებული ვეტერანის თვალით დანახულ, სიძულვილითა და უსამართლობით სავსე ამერიკის შეერთებულ შტატებს აღწერს.

15. John Lennon - Imagine

ლეიბლი: Apple Records (1971)

ავტორები: ჯონ ლენონი და იოკო ონო

ამ საკულტო სიმღერის შექმნა ჯონ ლენონს მისი ცოლის, იოკო ონოს პოეზიამ შთააგონა. ტრეკის ჩაწერის პროცესს ლეგენდარული პროდიუსერი, ფილ სპექტორი ხელმძღვანელობდა. მისი ჩანაფიქრით, ამ კომპოზიციას მსმენელებზე ისეთივე ზემოქმედება უნდა მოეხდინა, როგორც ქვეყნის ეროვნულ ჰიმნს. Imagine პაციფისტური მოძრაობის სიმბოლოდ იქცა და მნიშვნელოვანწილად განაპირობა კიდეც ამავე სახელწოდების ალბომის პოპულარობა, რომელიც ლენონის სოლო კარიერაში ყველაზე წარმატებული ნამუშევარი აღმოჩნდა.

14. Funkadelic - Maggot Brain

ლეიბლი: Westbound Records (1971)

ავტორები: ედი ჰეიზელი და ჯორჯ კლინტონი

ამერიკული ფანკ კოლექტივის ამ საოცარ ქმნილებას საინტერესო ლეგენდა უკავშირდება. თქმულების თანახმად, Funkadelic-ის ფრონტმენმა, ჯორჯ კლინტონმა სტუდიაში LSD-ს ზემოქმედების ქვეშ მყოფ გიტარისტს, ედი ჰეიზელს სთხოვა, ისე დაეკრა, თითქოს დედის გარდაცვალების ამბავი შეიტყო, შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ ეს ტრაგიკული ამბავი სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. მუსიკოსის მიერ ექსპრომტად შესრულებული ემოციური სოლო პარტია ბენდის საფირმო ჩანაწერად იქცა და დღეს ჟანრის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ინსტრუმენტალის სტატუსით სარგებლობს.

13. Kraftwerk - Autobahn

ლეიბლი: Philips Records (1974)

ავტორები: ფლორიან შნაიდერი, რალფ ჰიუტერი და ემილ შულტი

ელექტრონული მუსიკის გერმანელი პიონერების შემოქმედების უდიდესი ნაწილი ადგილობრივი ურბანული და ინდუსტრიული აუდიოპეიზაჟებითაა შთაგონებული. ჯგუფის მეოთხე ალბომში Autobahn შესული, ამავე სახელწოდების ოცდასამწუთიანი შედევრი კი ჩქაროსნულ საავტომობილო ტრასაზე მოგზაურობის საუნდტრეკად იყო ჩაფიქრებული. აღსანიშნავია, რომ კოლექტივის დისკოგრაფიაში ეს ტრეკი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია, რომელსაც თან ტექსტიც ახლავს.

12. Pink Floyd - Wish You Were Here

ლეიბლები: Columbia Records & Harvest Records (1975)

ავტორები: დევიდ გილმორი და როჯერ უოტერსი

1975 წელს სტუდიას, რომელშიც Pink Floyd ახალ ჩანაწერზე მუშაობდა, ჭარბწონიანი, თმა და წარბებგაპარსული, უცნაური გამომეტყველების მქონე მამაკაცი ეწვია. მუსიკოსებმა მასში კოლექტივის ყოფილი წევრი, სიდ ბარეტი ამოიცნეს, რომელიც ჰალუცინოგენების ჭარბი მოხმარების გამო 1968 წელს ბენდიდან წავიდა და მცირე ხანში სცენიდან სამუდამოდ გაუჩინარდა. თვითიზოლაციაში გატარებულ წლებს მასზე უმძიმესი კვალი დაემჩნიათ. სიდი ერთხანს ალბომის ჩაწერის პროცესს აკვირდებოდა, შემდეგ კი დაუმშვიდობებლად წავიდა და აღარასდროს შეხვედრია ყოფილ მეგობრებს, რომლებმაც საკულტო კომპოზიცია Wish You Were Here სწორედ მას მიუძღვნეს.

11. Bruce Springsteen - Born to Run

ლეიბლი: Columbia Records (1975)

ავტორი: ბრიუს სპრინგსტინი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ბრიუს სპრინგსტინის კარიერული აღმავლობა სწორედ ამ ნამუშევრით დაიწყო. კრიტიკოსების მიერ დადებითად შეფასებული, თუმცა, კომერციულად წარუმატებელი ორი ალბომის შემდეგ, სწორედ Born to Run-ის წყალობით მოიპოვა არტისტმა დამსახურებული პოპულარობა. ამავე სახელწოდების კომპოზიციის ცოცხალი შესრულების ხილვის შემდეგ კი, ჟურნალისტმა და ბრიუსის მომავალმა პროდიუსერმა, ჯონ ლანდაუმ დაწერა: "მე როკ-ენ-როლის მომავალი ვნახე და მას ბრიუს სპრინგსტინი ჰქვია". 

10. David Bowie - Heroes

ლეიბლი: RCA Records (1977)

ავტორები: დევიდ ბოუი და ბრაიან ინო

1977 წელს დევიდ ბოუი ბერლინში ახალ ალბომზე მუშაობდა, როდესაც სტუდიის ფანჯრიდან თავისი პროდიუსერი ტონი ვისკონტი და ბექვოკალისტი ანტონია მაასი შენიშნა. ისინი ერთმანეთს ქალაქის ორად გამყოფ კედელთან ახლოს საიდუმლოდ ხვდებოდნენ (ვისკონტი იმ პერიოდში უელსელ მომღერალზე, მერი ჰოპკინზე იყო დაქორწინებული). სწორედ ამ სურათმა შთააგონა ლეგენდარულ არტისტს, დაეწერა კომპოზიცია შეყვარებულების შესახებ, რომელთაგან ერთი დასავლეთ, ხოლო მეორე აღმოსავლეთ გერმანიიდან იყო. 

9. Iggy Pop - Lust for Life (1977)

ლეიბლი: RCA Records

ავტორები: იგი პოპი და დევიდ ბოუი

ჯეიმს ნიუელ ოსტერბერგის, იგივე იგი პოპის რიგით მეორე სტუდიურ ალბომს Lust for Life მის მდიდარ დისკოგრაფიაშიც კი გამორჩეული ადგილი უჭირავს. პანკის ლეგენდისა და საკულტო ბენდის, The Stooges-ის ყოფილი ფრონტმენის ჩანაწერის პროდიუსერობა საკუთარ თავზე მისმა მეგობარმა, დევიდ ბოუიმ აიღო და ამავე სახელწოდების სიმღერის თანაავტორადაც მოგვევლინა. სხვათა შორის, ჯგუფ The Doors-ის წევრები იგის ხშირად ადანაშაულებდნენ მათი ჰიტიდან Touch Me მელოდიის მოპარვაში. იყო თუ არა ეს ბრალდება საფუძვლიანი, თავადვე შეგიძლიათ, განსაჯოთ.

8. Television - Marquee Moon

ლეიბლი: Elektra Records (1977)

ავტორი: ტომ ვერლენი

საკულტო ამერიკული პოსტ პანკ ბენდის სადებიუტო ალბომი ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთ პირველ და საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. მისი ჩაწერისას მუსიკოსებმა პანკ როკისთვის არატრადიციული, ჯაზისა და ავანგარდის ელემენტები გამოიყენეს. ჯგუფის ფრონტმენის, ტომ ვერლენის ლირიკა კი ფრანგული პოეზიით იყო შთაგონებული. Marquee Moon-ის ინოვაციურმა ჟღერადობამ უდიდესი როლი შეასრულა ალტერნატიული და ინდი როკის განვითარებაში. მასში შესული კომპოზიციებიდან კი განსაკუთრებით შთამბეჭდავი ამავე სახელწოდების მქონე ათწუთიანი სიმღერა აღმოჩნდა.

7. AC/DC - Back in Black

ლეიბლები: Atlantic Recording Corporation & Albert Productions (1980)

ავტორები: ანგუს იანგი, მალკოლმ იანგი და ბრაიან ჯონსონი

AC/DC-ის წევრებმა კომპოზიცია Back in Black ამ ავსტრალიური როკ ბენდის ვოკალისტის, ბონ სკოტის ხსოვნას მიუძღვნეს. ეს უკანასკნელი 33 წლის ასაკში, ჰეროინისა და ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით მიღებამ იმსხვერპლა. მის დაუდგრომელ ხასიათსა და ცხოვრების გიჟურ წესს სწორედ ასეთი ენერგიული სიმღერა შეეფერებოდა. ტრეკი კოლექტივის ამავე სახელწოდების მქონე სტუდიურ ალბომში შევიდა, რომელიც 50-მილიონიანი ტირაჟით გაყიდა და მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჩანაწერად იქცა.

6. Michael Jackson - Thriller

ლეიბლები: CBS Records & Epic Records (1982)

ავტორი: როდ ტემპერტონი

პოპის მეფემ თავისი მეექვსე სტუდიური ალბომით Thriller არა მხოლოდ ჟანრის ტენდენციები, არამედ მუსიკის მთელი ინდუსტრიაც სამუდამოდ შეცვალა. კულტურულ ფენომენად ქცეული ჩანაწერი 66-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და ოთხმოციანი წლების სიმბოლოდ მოგვევლინა. ცალკე აღნიშვნის ღირსია მასში შესული ამავე სახელწოდების სიმღერა, რომლის მიხედვით გადაღებულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა მუსიკალური ვიდეორგოლების ისტორიაში სავსებით ახალი ფურცელი გადაშალა. 

5. Madonna - Like a Virgin

ლეიბლები: Sire Records & Warner Bros. (1984)

ავტორები: ბილი სტეინბერგი და ტომ კელი

"ეს ალბომი პოპ მუსიკის მოჯადოებულ წრეზე ტრიალის ფენომენის საუკეთესო ილუსტრაციაა. მოზარდები მის შესაძენად ზუსტად ისევე ჩამწკრივდნენ რიგში მაღაზიების წინ, როგორც მათი ბითლომანი მშობლები სამოციანების ბოლოს", - ამ ფრაზით ჟურნალისტებმა მადონას მეორე სტუდიური ნამუშევრის გამოსვლით გამოწვეული ისტერია დაახასიათეს. ლეგენდარული მუსიკოსის, ნილ როჯერსის პროდიუსერობით ჩაწერილ ალბომში შესული ამავე სახელწოდების კომპოზიცია ღირსეულ ადგილს იკავებს ჩვენს სიაში. 

4. Prince - Purple Rain

ლეიბლი: Warner Bros. (1984)

ავტორი: პრინს ნელსონი

თვით ისეთი ლეგენდარული არტისტის კარიერაშიც კი, როგორიც პრინსი იყო, მხატვრული ფილმი Purple Rain და მისი თანმხლები ალბომი ყველაზე ამბიციური პროექტი აღმოჩნდა. 25-მილიონიანი ტირაჟით გაყიდული ჩანაწერი ყველა დროის კომერციულად ყველაზე წარმატებული საუნდტრეკების სიაში მესამე ადგილს იკავებს. აღარაფერს ვამბობთ ამ ნამუშევრისა და ამავე სახელწოდების მქონე კომპოზიციის მიერ მოპოვებულ ათობით ჯილდოზე, დაწყებული საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის მიღებული ოსკარითა და დამთავრებული წლის ვოკალური როკ პერფორმანსისთვის დამსახურებული გრემით.

3. Metallica - Master of Puppets

ლეიბლი: Elektra Records (1986)

ავტორები: ჯეიმს ჰეტფილდი, კლიფ ბარტონი, კირკ ჰემეტი და ლარს ულრიხი

Metallica-ს მესამე სტუდიური ჩანაწერი ბენდის ბასისტისთვის, 24 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილი კლიფ ბარტონისთვის უკანასკნელი ნამუშევარი აღმოჩნდა. ამავე სახელწოდების მქონე, ნარკოდამოკიდებულების თემისადმი მიძღვნილი კომპოზიცია კი კოლექტივის შემოქმედების მწვერვალად ითვლება. გასაკვირი არაა, რომ Master of Puppets მეტალის ისტორიაში პირველ ალბომად იქცა, რომელიც გამორჩეული კულტურული და ისტორიული ღირებულების გამო შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკაშია დაცული.

2. N.W.A. - Straight Outta Compton

ლეიბლები: Ruthless & Priority Records (1988)

ავტორები: ო'ში ჯექსონი (Ice Cube), ლორენცო პატერსონი (MC Ren) და ტრეისი კერი (The D.O.C.)

განგსტა რეპის კომპტონელი პიონერების სადებიუტო ალბომმა ჰიპ ჰოპის ისტორია სამუდამოდ შეცვალა. საკულტო კოლექტივმა, რომლის შემადგენლობაშიც ჟანრის მომავალი ლეგენდები: Dr. Dre, Ice Cube და Eazy-E შედიოდნენ, ანტიპოლიციური და რადიკალური შინაარსის მოწოდებებით სავსე ნამუშევრის წყალობით "პლანეტის ყველაზე საშიში ჯგუფის" სახელი დაიმკვიდრა. ჩანაწერში შესული ამავე სახელწოდების ტრეკი კი ჰიტად და სხვადასხვა დროს ასობით არტისტის შთაგონების წყაროდ იქცა.

1. Amy Winehouse - Back to Black

ლეიბლი: Island Records (2006)

ავტორები: ემი უაინჰაუსი და მარკ რონსონი

ინგლისელი არტისტის, ემი უაინჰაუსის რიგით მეორე ალბომი საყვარელ მამაკაცთან დაშორებითა და პირადი პრობლემებით გამოწვეული დეპრესიის გამოძახილია. გასული საუკუნის 60-იანი წლების პოპითა და სოულით შთაგონებულმა ჩანაწერმა კრიტიკოსების აღფრთოვანება დაიმსახურა და 12-მილიონიანი ტირაჟითაც გაიყიდა, ამავე სახელწოდების მქონე კომპოზიცია კი ემის საფირმო ნამუშევრად იქცა. სამწუხაროდ, Back to Black არტისტის შემოქმედებაში უკანასკნელი სტუდიური ნამუშევარი აღმოჩნდა. 2011 წლის 23 ივლისს მუსიკოსი ოცდაშვიდი წლის ასაკში, ალკოჰოლის ზედოზირებით გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული