Thumbnail
ფოტო: KPIX 5

ძველი სინთეზატორის შეკეთებისას ხელოსანმა შემთხვევით LSD მიიღო

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ათწლეულების განმავლობაში ამერიკაში ჰყვებოდნენ ურბანულ ლეგენდას სინთეზატორის შესახებ, რომელსაც ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდი, იგივე LSD მიასხურეს. დეტალური ინსტრუქციაც კი არსებობდა, როგორ უნდა დაესველებინა თითი მუსიკოსს, დაედო ინსტრუმენტზე და შემდეგ ჩაედო პირში, რათა დაკვრის დროს ფსიქოდელიური გამოცდილება მიეღო. 

CBS News-ის შვილობილი ტელეარხის, KPIX 5-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამყარებს მოსაზრებას, რომ ლეგენდარული სინთეზატორი შესაძლოა, მართლაც არსებობდა.

არხის ტექნიკური სამსახურის თანამშრომელი, ელიოტ კერტისი სან ფრანცისკოში მდებარე კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის ერთ-ერთ ოთახში გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან შენახული სინთეზატორის, Buchla Model 100-ის შეკეთებით იყო დაკავებული, როდესაც ერთ-ერთი მოდულის გადამრთველის ქვეშ კრისტალური ნადები შენიშნა.

კერტისმა მოდულის გაწმენდა სპეციალური სითხისა და ფრჩხილის მეშვეობით სცადა, 45 წუთის შემდეგ კი, 9 საათის განმავლობაში, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომელიც, მისივე თქმით, LSD-ს ზემოქმედებას ჰგავდა. ის ამ დროს სახლში, ცოლთან ერთად იმყოფებოდა. 

დამოუკიდებელი სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა სამმა სხვადასხვა ქიმიურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ კრისტალური ნივთიერება მართლაც LSD იყო. ექსპერტების თქმით, ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდი ბნელ და ცივ გარემოში შენახვისას თვისებებს ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს. ამ შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა.

სინთეზატორი Buchla Model 100

მოდულური ანალოგური სინთეზატორი Buchla Model 100, რომელიც 1960-იანი წლებიდან კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის ერთ-ერთ ოთახში, ბნელ და გრილ გარემოში ინახებოდა. 

Buchla Model 100-ის მოდული

კერტის ელიოტმა სინთეზატორის შეკეთებისას მისი ერთ-ერთი მოდული მოხსნა და გადამრთველის ქვეშ კრისტალური ნადები შენიშნა, რომლის მოშორებაც სპეციალური სითხისა და ფრჩხილის მეშვეობით სცადა. 

კერტის ელიოტი სინთეზატორის შეკეთებისას

ელიოტ კერტისის თქმით, სინთეზატორის გაწმენდიდან 45 წუთის შემდეგ, 9 საათის განმავლობაში, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომელიც LSD-ს ზემოქმედებას ჰგავდა. ის ამ დროს სახლში ცოლთან ერთად იმყოფებოდა. 

კერტის ელიოტი სინთეზატორის შეკეთებისას

მომხდარის შემდეგ, კერტის ელიოტმა სინთეზატორის შეკეთება ხელთათმანებით განაგრძო. მან სარემონტო სამუშაოები დაასრულა და ინსტრუმენტი კალიფორნიის უნივერსიტეტის საკლასო ოთახში დააბრუნა.   

დონ ბუკლა

ანალოგური სინთეზატორის, Buchla Model 100-ის შემქმნელი დონ ბუკლა. უცნობია, როგორ მოხვდა LSD ინსტრუმენტზე. მოარული ხმებით, ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდი მას სპეციალურად მიასხურეს, რათა მუსიკოსებს დაკვრისას ფსიქოდელიური გამოცდილება მიეღოთ.   

მოდულური ანალოგური სინთეზატორი Buchla Model 100 დონ ბუკლამ კალიფორნიის უნივერსიტეტში შექმნა. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მათგანი 1966 წელს ამერიკელ მწერალს, რომანის "გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა" ავტორ კენ კიზისა და მისი კომუნას ეკუთვნოდა. ისინი სასკოლო ავტობუსით მთელ ქვეყანაში მოგზაურობდნენ და ე.წ. მჟავის ტესტებს ატარებდნენ, რომლის დროსაც მსურველებს LSD-თი უმასპინძლდებოდნენ. 

ბუკლა ასევე ლეგენდარული ჯგუფის, Grateful Dead-ის ხმის ინჟინრის, ოუზლი სტენლის მეგობარი იყო, რომელიც 60-იანი წლების ამერიკაში ყველაზე სუფთა LSD-ს მწარმოებლად იყო ცნობილი. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული