Thumbnail

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში მუსიკის ევოლუციის პროცესი წარმოუდგენლად სწრაფად მიმდინარეობს. იქმნება უამრავი ახალი მიმართულება, რომელთა ნაწილი ძალზე უჩვეულო ჟღერადობითა თუ ვიზუალური ესთეტიკით გამოირჩევა. ჩვენს სტატიაში სწორედ 21-ე საუკუნის ათ არაორდინარულ და ნაკლებად ცნობილ ჟანრს წარმოგიდგენთ.

10. Black MIDI

მნიშვნელოვანი არტისტები: Vectorfray, RetroUniversalHT, TheSuperMarioBros2

1980-იანი წლების დასაწყისში მუსიკალური ინსტრუმენტების ციფრული ინტერფეისის, MIDI-ს შექმნამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ის ციფრულ ფორმატში ისეთი მონაცემების კოდირების საშუალებას იძლევა, როგორიცაა კლავიშის დაჭერა, ხმისა და სხვა აკუსტიკური პარამეტრების რეგულირება, ტემბრის, ტემპისა თუ ტონალობის არჩევა და სხვა. ამ ჟანრის წარმომადგენლები საკუთარი ნამუშევრების შესაქმნელად სწორედ MIDI ფაილებს იყენებენ. მათი შემოქმედება მარტივ პრინციპზეა დაფუძნებული - ჩაატიო მილიონობით ნოტი ამა თუ იმ კომპოზიციაში ისე, რომ მათი სიმრავლისგან სანოტო ჩანაწერი გაშავდეს. მიმდინარეობას საფუძველი 2002 წელს იაპონიაში ჩაეყარა და მის პირველ ნიმუშად ვიდეოთამაშისთვის The Embodiment of Scarlet Devil დაწერილი საუნდტრეკი U.N. Owen Was Her? ითვლება.

9. Kawaii Metal

მნიშვნელოვანი არტისტები: BABYMETAL, Ladybaby, DOLL$BOXX

კავაიი ამომავალი მზის ქვეყანაში აღმოცენებული ესთეტიკური ფენომენია. ეს ტერმინი ადამიანის, საგნისა თუ ანიმაციური პერსონაჟის ინფანტილურობისა და საყვარლობის დასახასიათებლად გამოიყენება. კავაიი იაპონური პოპკულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და უამრავ რამეზე ახდენს გავლენას, დაწყებული ჩაცმის სტილითა და დამთავრებული გართობის ინდუსტრიით. 2010-იანი წლების დასაწყისიდან მან განვითარების ახალი გზა, ერთი შეხედვით, სრულიად შეუფერებელ მუსიკალურ ჟანრში იპოვა. ასე დაიბადა კავაიი მეტალის სახელით ცნობილი მიმართულება, რომლის ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი ჯგუფი BABYMETAL გახლავთ. გოგონებისგან შემდგარმა კოლექტივმა იაპონური პოპისა და მძიმე რიფების შერწყმით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებსაც სტაბილურად ლიდერობს.

8. Lowercase

მნიშვნელოვანი არტისტები: Steve Roden, Richard Chartier, Taylor Dupree

ეს მიმდინარეობა ემბიენთის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და რადიკალური ქვეჟანრია, რომლის ჟღერადობაც ქაღალდის ჭმუჭვნის, კომპიუტერის პროცესორის ზუზუნის, თოვლის, ფოთლების შრიალისა და სხვა, ჩვეულებრივ ვითარებაში თითქმის შეუმჩნეველი ხმების ციფრული დამუშავებითა და ხელოვნურად გამძაფრებით მიიღება. მის შემქმნელად და მთავარ იდეოლოგად ამერიკელი აუდიოვიზუალური არტისტი სტივ როდენი ითვლება, რომლის თქმითაც, ლოუერქეისი თანამედროვე მუსიკალური ტენდენციების წინააღმდეგ გამოხატული პროტესტია. ჟანრის წარმომადგენლების სასახელოდ ისიც უნდა ითქვას, რომ სწორედ მათ ნამუშევრებში მოვისმინეთ პირველად ბევრი ისეთი ხმა, რომელიც ადრე ჩვენი ყურისთვის, ფაქტობრივად, მიუწვდომელი იყო.

7. Seapunk

მნიშვნელოვანი არტისტები: LOL Boys, Unicorn Kid, Blank Banshee

90-იანების ნოსტალგიით შთაგონებულ ამ უცნაურ ჟანრში იმ პერიოდის ჰაუსის ბითებს ბოლო ორი ათწლეულის პოპ მუსიკა და არენბი, ასევე, თანამედროვე სამხრეთული ჰიპ ჰოპი და წყნარი ოკეანის კუნძულებზე გავრცელებული პერკუსიული საკრავების ხმები ერწყმის. მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი ვიზუალური ესთეტიკა კი ზღვის ხედებს, უცნაურ გეომეტრიულ ფიგურებსა და ნეონის ნათებას აერთიანებს. 2012 წლიდან სიპანკის სუბკულტურამ მოულოდნელად საგრძნობი პოპულარობა მოიპოვა და ისეთი არტისტების საშუალებით, როგორებიც არიან აზელია ბენქსი და რიანა მეინსტრიმშიც კი შეაღწია. 

6. Wizard Rock

მნიშვნელოვანი არტისტები: Harry and the Potters, Draco and the Malfoys, The Parselmouths

ეს მუსიკალური მიმართულება საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაისახა და მისი პირველი წარმომადგენელი ჯგუფი Harry and the Potters იყო. ჟღერადობის მხრივ, ვიზარდ როკი ორიგინალობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის და პოპ როკის სტანდარტული ნიმუშია, თუმცა, ჰარი პოტერის შესახებ შექმნილი წიგნებისა თუ ფილმების ჯადოსნური სამყაროთი შთაგონებული ტექსტები და სასცენო კოსტიუმები სხვა ჟანრებისგან ნამდვილად გამოარჩევს. ვიზარდ როკერები ხშირად უკრავენ სკოლებში, ბიბლიოთეკებსა და წიგნის მაღაზიებში, 2007-13 წლებში კი მათი მონაწილეობით Wrockstock-ის სახელით ცნობილი ფესტივალიც ტარდებოდა.

5. Witch House

მნიშვნელოვანი არტისტები: Pictureplane, Ritualz, Salem

ვიჩჰაუსი ოკულტიზმზე ორიენტირებული მიმდინარეობაა, რომლის კომპოზიციებშიც საშინელებათა ფილმებიდან აღებული სემპლები, ვიზუალურ გაფორმებაში კი დასავლური ჰორორ კულტურისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა ჭარბობს. ელექტრონული მუსიკის ამ პროვოკაციული და ტრანსგრესიული ქვეჟანრის ჟღერადობა ნაწილობრივ გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების გოთიკური როკისა და ინდასტრიალის, ნაწილობრივ კი ჰაუსისა და ექსპერიმენტული ჰიპ ჰოპის სინთეზს ეფუძნება. მიმართულების სახელწოდება 2009 წელს მისმა ერთ-ერთმა პიონერმა, ამერიკელმა არტისტმა ტრევის ეგედიმ, იგივე Pictureplane-მა დაამკვიდრა.

4. Nintendocore

მნიშვნელოვანი არტისტები: The Advantage, Horse the Band, Minibosses

მეოცე საუკუნის მიწურულს იაპონური ვიდეოთამაშებისთვის (Super Mario, The Legend of Zelda, Chrono Trigger და სხვა) შექმნილმა საუნდტრეკებმა მუსიკის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს. კოჯი კონდოს, ჰიროკაძუ ტანაკასა და სხვა სახელგანთქმული კომპოზიტორების შემოქმედებამ, ათობით სხვა მიკროჟანრთან ერთად, ნინტენდოკორის ჩამოყალიბებასაც შეუწყო ხელი. ამ უცნაურ მიმდინარეობაში რვაბიტიან ელექტრონიკას ჰევი მეტალისა და ჰარდკორ პანკის რიტმები ერწყმის, მისი სახელწოდება კი, როგორც, ალბათ, უკვე მიხვდით, ლეგენდარული სათამაშო პლატფორმითაა შთაგონებული. 

3. Pirate Metal

მნიშვნელოვანი არტისტები: Alestorm, Lagerstein, Swashbuckle

ჟანრის ისტორიის პირველი ფურცელი 1987 წელს გადაიშალა, როდესაც გერმანული ჰევი მეტალ ბენდის, Running Wild-ის წევრებმა გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ ტრადიციულ სატანისტურ იმიჯზე და მის ნაცვლად მეკობრეებისთვის დამახასიათებელი სტილი მოერგოთ. უკვე ახალი საუკუნის დასაწყისში დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მათ არაერთი მიმდევარი გამოუჩნდათ და ცოტა ხანში პირატ მეტალის სახელით ცნობილი მიმართულებაც დაიბადა. ამ მიმდინარეობის წარმომადგენელთა ნამუშევრები ძირითადად საზღვაო თავგადასავლებს ეხება, მათი ჟღერადობა კი მეტალის სხვა ქვეჟანრებთან შედარებით გაცილებით მხიარული და უდარდელია.

2. Vaporwave

მნიშვნელოვანი არტისტები: Saint Pepsi, James Ferraro, Macintosh Plus

ელექტრონული მუსიკის ამ მიკროჟანრში მოღვაწე არტისტები 1980-90-იანი წლების კულტურული ესთეტიკის ნოსტალგიური და სიურრეალისტური ხედვით გამოირჩევიან. ისინი სემპლებს იმ პერიოდის ლაუნჯიდან, სმუთ ჯაზიდან, არენბიდან და, რაც მთავარია, სარეკლამო და კორპორატიული მუსიკიდან იღებენ. მათი გადამუშავების შედეგად კი, კონსუმერულ საზოგადოებასა და მასობრივ კულტურაზე ორიგინალურ სატირას ქმნიან. ვეიფორვეივი ძალზე საინტერესო ვიზუალური სტილითაც გამოირჩევა, რომელიც მეოცე საუკუნის ვებ დიზაინს, სამგანზომილებიან გრაფიკას, გლიჩ არტს, ანტიკური თუ რენესანსის ეპოქის ხელოვნების ნიმუშებს, ანიმესა და სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებს აერთიანებს. 

1. Harsh Noise Wall

მნიშვნელოვანი არტისტები: Vomir, Werewolf Jerusalem, The Rita

ჩვენი სტატიის ბოლოს წარმოდგენილი კომპოზიციის მოსმენისას შესაძლოა, იფიქროთ, რომ თქვენი სმარტფონისა თუ ლეპტოპის გამოცვლის ჟამმა საბოლოოდ დაჰკრა. თუმცა, სიტყვაზე გვენდეთ, ყველაფერი რიგზეა და არც დინამიკებს სჭირს რაიმე. ნოიზ მუსიკის ამ ექსტრემალური ქვეჟანრის ესთეტიკა მისმა მთავარმა პოპულარიზატორმა, ფრანგმა არტისტმა Vomir ასე დაახასიათა - არანაირი იდეები, არანაირი ცვლილება, არანაირი განვითარება, არანაირი გართობა და არანაირი მონანიება. ფაქტობრივად კი, ეს არის ხმაურის რამდენიმე წყარო, რომელიც ერთმანეთზეა გადადებული და სტატიკურ ჟღერადობას ქმნის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იატაკქვეშა სტატუსის მიუხედავად, საფრანგეთში ჰარშ ნოიზ ვოლის ფესტივალიც კი ტარდება, რომელშიც ჟანრის გამორჩეული წარმომადგენლები მონაწილეობენ. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული