Thumbnail

ჰიპ ჰოპ კულტურასთან უამრავი ნეგატიური სტერეოტიპია დაკავშირებული. ხშირად რეპერებს საზოგადოების ნაწილი განგსტერობასა და ნარკოტიკების პოპულარიზაციაში ადანაშაულებს, რასაც, ზოგიერთი შემსრულებლის ბიოგრაფიისა თუ შემოქმედების გათვალისწინებით, საფუძველი მართლაც აქვს. თუმცა, ცხადია, ძალზე ბევრი არტისტი არც კრიმინალია და არც ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკის მომხმარებელი. 

ჩვენს სტატიაში იმ გავლენიან მუსიკოსთა ათეულს წარმოგიდგენთ, რომლებმაც ცხოვრების ჯანსაღი წესი აირჩიეს და ამაზე ღიად საუბრობენ. 

10. Kendrick Lamar

არაერთი გრემისა და პულიცერის პრემიის მფლობელი კომპტონელი რეპერი ბავშობიდანვე ისეთ გარემოში იზრდებოდა, სადაც ნარკოტიკებს უხვად მოიხმარენ. თუმცა, თავად მათზე სერიოზულად დამოკიდებული არასდროს გამხდარა. ერთ-ერთ ინტერვიუში ქენდრიქი იხსენებს, რომ მამის სიტყვებმა - არ მინდა, მე დამემსგავსო და იგივე შეცდომები დაუშვა, შენ შეგიძლია, განსხვავებული ცხოვრება გქონდესო, მასზე დიდი გავლენა მოახდინა. 

მშობლის ბრძნულმა დარიგებამ ლამარს გადააწყვეტინა, სამყაროსთვის ფხიზელი თვალით ეყურებინა. ახლა კი რეპერი ცდილობს, ცხოვრების ჯანსაღი წესის უპირატესობაში სხვებიც დაარწმუნოს. 

9. Pharrell Williams

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი ირწმუნება, რომ ალკოჰოლი დიდი დოზით სულ ცხრაჯერ აქვს მიღებული, ნარკოტიკული საშუალებებიდან კი კანაბისის გარდა არაფერი გაუსინჯავს და მაშინაც მხოლოდ მისი შემცველი ნამცხვრების ჭამით შემოიფარგლა. 

ჰო, კიდევ, მისი და Daft Punk-ის კოლაბორაციული ტრეკის, Get Lucky-ის გამოსვლის შემდეგ ფარელი ამტკიცებდა, ფრანგმა მუსიკოსებმა სტუდიაში რაღაც აბი გადამაყლაპეს, თავიდან ენერგიის სასიამოვნო მოზღვავება ვიგრძენი, მაგრამ როცა ამერიკაში დასაბრუნებლად თვითმფრინავში ავედი, სიმღერის ჩაწერის პროცესი საერთოდ აღარ მახსოვდაო. 

8. Andre 3000

ანდრე ლორენ ბენჯამინი ალკოჰოლისა და მარიხუანის მოხმარებას ერთდროულად შეეშვა. ლეგენდარული ამერიკული ჰიპ ჰოპ დუეტის, OutKast-ის წევრმა ერთ მშვენიერ დილას თურმე სარკეში ჩაიხედა და ნანახით შეძრწუნებულმა საკუთარ თავს უთხრა, საშინლად გამოიყურები, უნდა შეჩერდე, თორემ ვერ გადარჩებიო. 

იმ დღიდან მოყოლებული ვეტერანი რეპერი ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს. აღსანიშნავია ისიც, რომ თრობის გამომწვევი საშუალებების გარდა, ანდრემ საკუთარი რაციონიდან ხორცი ამოიღო და ბევრი წლის განმავლობაში ვეგანიც იყო. 

7. Iggy Azalea

როგორც გაირკვა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი რეპერი იგი აზელია არც სვამს, არც ეწევა და, როგორც ეს ხშირად ხდება, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მეგობრების მოვლა-პატრონობაც უხდება. ერთ-ერთ ინტერვიუში მუსიკოსმა ამაყად განაცხადა, მათ მუდმივად ვკიცხავ, რას აკეთებთ, ასე მოქცევა როგორ შეიძლებაო. 

მოგვიანებით შემსრულებელმა ისიც დაამატა, სულ ვმუშაობ, კლუბებშიც კი არ დავდივარ, გართობა და სიამოვნების მიღება მიჭირსო. სავარაუდოდ, მასთან ერთად მხიარულად ვერც სხვები უნდა გრძნობდნენ თავს. 

6. Tyler, the Creator

ტაილერ გრეგორი ოკონმამ თავის პირველივე სოლო მიქსტეიპში Bastard მთელ სამყაროს გულწრფელად გამოუცხადა, ნარკოტიკებზე უარს ვამბობო. Tyler, the Creator-ის სახელით ცნობილ არტისტს მათრობელ ნივთიერებებთან არცთუ კარგი მოგონებები აკავშირებს. ერთხელ, ახალი წლის წინ, მეგობრებთან ერთად სტუდიაში კანაბისის შემცველი ნამცხვარი მიირთვა და, მისივე თქმით, ისე ცუდად იყო, რომ მთელი საღამო ცრემლად იღვრებოდა და სიკვდილს ნატრობდა. 

დღესაც, იმის მიუხედავად, რომ კალიფორნიელი არტისტი მარადჟამს თვალებჩაწითლებული ხალხის გარემოცვაში ტრიალებს, გაბოლების სურვილი მას მაინც არასდროს უჩნდება. 

5. Isaiah Rashad

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, აიზეა რაშადი ყოველდღიურად იმდენ ალკოჰოლსა და ქსანაქსს მოიხმარდა, რომ ლამის ახალდაწყებულ კარიერასთან მოუწია გამომშვიდობება. საქმე იქამდე მივიდა, რომ რეპერის გონს მოსაყვანად მისივე ლეიბლის ხელმძღვანელის ჩარევა გახდა საჭირო. 

სტუდიური ალბომის The Sun’s Tirade გამოშვებამდე რაშადი ჟურნალისტებთან გამოტყდა, მაგრად ჩავისვარე, თუმცა, ახლა უკვე ყველაფერი კარგადაა, მუსიკაც ჩავწერე და მართალია, ზოგჯერ ისევ მინდება აბების ყლაპვა, მაგრამ უარს ვამბობ, რადგან უფრო დიდი მიზნები მაქვსო.  

4. Kid Cudi

კარიერის დასაწყისში მსგავსი პრობლემები ჰქონდა ქიდ ქადისაც. ერთ-ერთ ინტერვიუში რეპერმა ალკოჰოლსა და კოკაინთან დაახლოების მიზეზი გაამხილა - მარტივად რომ ვთქვა, დიდებას ვერ გავუმკლავდი, ერთი ჩვეულებრივი ტიპი ვიყავი, რომელიც უეცრად პოპულარული გახდა, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ყოფნა კი ძალზე რთული აღმოჩნდაო. 

თუმცა, 2014 წელს ქადი, როგორც იქნა, სიახლეებს შეეგუა და ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე უარი თქვა. მე სიფხიზლე ავირჩიე და ეს ჩემი ჯანმრთელობისთვის, შვილისა და ოჯახისთვის გავაკეთეო, ამაყად აღნიშნა რეპერმა ერთ-ერთი გადაცემის ეთერში.  

2. J. Cole

2018 წელს პოპკულტურის მანკიერებებზე განრისხებულმა ჯეი ქოულმა მორიგი ალბომი KOD გამოუშვა. ჩანაწერი, რომლის სათაურიც სამნაირად იშიფრება: Kids on Drugs (წამალზე შემსხდარი ბავშვები), King Overdosed (ზედოზირებული მეფე) და Kill Our Demons (დავხოცოთ ჩვენი დემონები), არტისტმა ნარკოდამოკიდებულ ახალგაზრდა რეპერებს მიუძღვნა. 

ერთ-ერთ ინტერვიუში ქოულმა განმარტა, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომელშიც ნარკოტიკების მოხმარება ნორმალურად ითვლება და წახალისებულიც კია. ამ და სხვა პრობლემების გამო ახალგაზრდები სტრესული სიტუაციებიდან თავის დახსნას რაღაც ნივთიერებებით ცდილობენ. სანამ მე სტუდიაში ვმუშაობდი, ისინი იხოცებოდნენ და ეს ნამდვილი საშინელებააო. კაროლინელმა რეპერმა ისიც გამოაცხადა, კოლეჯში კი ვეწეოდი მარიხუანას, მაგრამ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპმა უკვე ჩაიარა, დაბოლება ჩემი საყვარელი გასართობი არასდროს ყოფილაო.

2. 50 Cent

იმის მიუხედავად, რომ კურტის ჯეიმს ჯექსონი მათრობელი სუბსტანციების მიმართ ყოველთვის კრიტიკულად იყო განწყობილი, არავისთვისაა საიდუმლო, რომ რეპერი პურის ფულს ოდესღაც სწორედ ნარკოდილერობით შოულობდა. 

ვისაც მისი შესრულებით HighAlltheTime ან Smoke მოუსმენია, ალბათ, დარწმუნებულია, არტისტი ქუინსის რომელიმე ქუჩის კუთხეში ახლაც მოწეული დგასო. თუმცა, ერთ-ერთი ინტერვიუდან ირკვევა, რომ კურტისმა ნარკოტიკები ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ბიზნესინტერესებისთვის გამოიყენა. მე არც ვეწევი და არც ვსვამ, ეგ ტრეკები კი იმიტომ ჩავწერე, რომ შევამჩნიე, სხვა შემსრულებლები ასეთ კომპოზიციებს ნახევარმილიონიანი ტირაჟით ყიდიანო, თქვა რეპერმა. 

1. Eminem

რეპის ღმერთად შერაცხულმა ემინემმა ჟურნალ Rolling Stone-თან საუბრისას აღიარა, 2008 წლამდე დღეში 90-მდე ფსიქოტროპულ და ტკივილგამაყუჩებელ აბს ვყლაპავდიო. ბოლოს არტისტმა გააცნობიერა, რომ მედიკამენტებზე დამოკიდებულება, მუზების დაფრთხობასთან ერთად, სიცოცხლისთვისაც სახიფათო გახდა და სარეაბილიტაციო ცენტრს მიმართა.

გამოჯანმრთელების პროცესს ემინემმა ორი სტუდიური ალბომი Relapse (2009) და Recovery (2010) მიუძღვნა. შარშან კი მუსიკოსმა სიფხიზლის ათწლიანი იუბილე ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტითაც აღნიშნა

კომენტარები

ბოლოს დამატებული