Thumbnail

6 კეიპოპ არტისტი, რომელსაც ანტიფანებმა ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კეიპოპ ვარსკვლავებს მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავთ. ბუნებრივია, მათ შორის ისეთი  ადამიანებიც გამოერევიან, რომლებიც არტისტებისთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ. ჩვენს სტატიაში იმ სამხრეთკორეელი მუსიკოსების შესახებ გიამბობთ, რომლებსაც ანტიფანებმა ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს.   

6. იუნჰო

2006 წელს კეიპოპ დუეტ TVXQ-ის ანტიფანმა გოგონამ პროექტის წევრ იუნჰოს ხილისგან დამზადებული სასმელი გაუგზავნა, რომელშიც წებო იყო გაზავებული. მუსიკოსმა ძლიერი ინტოქსიკაცია მიიღო და რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა, თუმცა, მას შემდეგ, რაც პოპვარსკვლავმა გაარკვია, რომ დამნაშავე თავისი დის ასაკის იყო, გადაწყვიტა, მისთვის აღარ ეჩივლა.

5. იუნ ინ ჰე

კარიერის დასაწყისში, 1999 წელს, პოპ ჯგუფ Baby V.O.X-ის წევრს, მსახიობსა და მომღერალს, იუნ ინ ჰეს ანტიფანმა სახეში ძმრისა და სოიოს ცხარე სოუსის ნარევი შეასხა. პოპვარსკვლავი სავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდგომ კი გაირკვა, რომ მას ინციდენტის შედეგად თვალის რქოვანა დაუზიანდა. 

4. ჯეი პარკი

თაყვანისმცემელთა ნაწილი პოპვარსკვლავებს საყვარელი ბენდებიდან წასვლას არ პატიობს. როდესაც 2009 წელს ჯეი პარკმა ჯგუფი 2PM დატოვა, განაწყენებულმა ფანებმა მუსიკოსის თვითმკვლელობის მოთხოვნით პეტიცია შეადგინეს, რომელსაც ხელი 3,000-მა ადამიანმა მოაწერა.

3. ქან მი იონი

ჯგუფ Baby V.O.X-ში ყოფნის დროს, ქან მი იონს ფანების მრავალრიცხოვანი არმია ჰყავდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ხმები გავრცელდა, რომ იონი ბოიბენდ H.O.T-ის ლიდერს, მუნ ჰი ჯუნს ხვდებოდა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. 1999 წელს ანტიფანმა მომღერალს კონვერტი გაუგზავნა, რომელშიც მუქარის წერილი და სამართებელი იდო.

2. იუნ ქე სანგი

როგორც ჩანს, სამხრეთკორეულ შოუბიზნესში "სასიკვდილო საჩუქრები" პოპულარობით სარგებლობს. ბოიბენდ g.o.d-ის წევრ იუნ ქე სანგს, იუნჰოს მსგავსად, ანტიფანმა მოწამლული სასმელი გაუგზავნა. საბედნიეროდ, თავად მუსიკოსს ის არ დაუგემოვნებია, სამაგიეროდ საავადმყოფოში მისი დედა მოხვდა.

1. თაბლო

კეიპოპის ვარსკვლავ თაბლოს ანტიფანებმა ხმა გაუვრცელეს, თითქოს სტენფორდის უნივერსიტეტის დიპლომი გაყალბებული ჰქონდა. ამის გამო შემსრულებელსა და მის ოჯახს ორი წლის განმავლობაში ფსიქოლოგიურად ავიწროვებდნენ. სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ ჩაწყნარდა, რაც სასწავლებელმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც დიპლომის ავთენტურობა დაადასტურა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული