Thumbnail

გია ხადური: 80-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

გია ხადური პროფილის ფოტო
გია ხადური

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა. 

ნახეთ სრული ფლეილისტი

ამ ათეულის შედგენა ურთულესი საქმე გამოდგა ჩემთვის, რადგან ის არტისტები, რომლებიც დღემდე აზრთა მპყრობელებად და მენტორებად ითვლებიან, ხშირად სულაც არ ქმნიდნენ დეკადის საუკეთესო მუსიკას. ამავდროულად, მათი ნამუშევრების გაუთვალისწინებლობაც არასწორი იქნებოდა, ამიტომაც გადავწყვიტე, როგორმე ტენდენციებიც შემეჯერებინა და უსამართლოდ დაჩაგრულებიც ამომეწია.

► 60-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

► 70-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

10. Prince - Dirty Mind (1980)

1980 წელს ათამდე კომპოზიცია მაინც არის შექმნილი, რომელიც ობიექტურად Dirty Mind-ზე უკეთესია. უფრო მეტიც, თავად პრინსსაც გაცილებით ხარისხიანი ნამუშევრები აქვს, მაგრამ მისი 80-იანების შემოქმედების თქვენთვის წარსადგენად მაინც ეს ტრეკი ავირჩიე. ეს სიმღერა მოსმენისთანავე ჩემი ფავორიტი გახდა ამ მუსიკოსის რეპერტუარიდან, ასეთად რჩება დღემდე და მე ის უფრო მომწონს, ვიდრე, მაგალითად, მთელი Purple Rain. პრინსი აქ ჯერ კიდევ სრულიად უცნობია, მანერული, ნერვული, სახელს და ავტორიტეტს დახარბებული, უზარმაზარი ენერგიითა და დრაივით დამუხტული, ეროტიზმითა და სექსით გაჟღენთილი. უკვე სახეზეა ყველა ის აკუსტიკური ატრიბუტი, რომლითაც არტისტი მომავალში პოპმუსიკის ოლიმპზე ავა. 

კომპოზიცია ბევრს შეიძლება სწორხაზოვნად მოეჩვენოს, მაგრამ დინამიზმი, პულსაცია და პრინსისეული უნიკალური მგრძნობელობა ყველაფერს აპრავებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აკუსტიკური ნაკადი რაღაც სახიფათო, მაგრამ მომნუსხველ თამაშებში გითრევს, საიდანაც თავს მარტივად ვეღარ დააღწევ. მინიმალური საშუალებებით მაქსიმალური შედეგის მიღება - აი, ეს არის ამ ტრეკის მთავარი კოზირი და ამ კუთხით "ბინძურ თამაშებს" პრინსის ვერცერთი სხვა სიმღერა ვერ შეედრება.

9. Tuxedomoon - Desire (1981)

ბევრი თვლის, რომ ამ ბენდის შემოქმედებაში ყველა ის საინტერესო და პროგრესული ელემენტია თავმოყრილი, რომელიც ნიუ ვეივმა მუსიკაში შემოიტანა და დანერგა. პოპისა თუ როკის გავლენა მათ კომპოზიციებში მინიმუმამდეა დაყვანილი. ჯგუფის ექსპერიმენტულ ნამუშევრებში აშკარად იგრძნობა მეოცე საუკუნის აკადემიური ავანგარდის, კაბარეს, ჯაზისა და ელექტრონული მუსიკის გავლენა, თუმცა, ეკლექტიკაზე საუბარი აქ სრულიად ზედმეტია.

შეიძლება ითქვას, რომ Tuxedomoon-ის ჟღერადობა უნიკალურია და ანალოგი არ აქვს. კრიტიკოსებს მათი მუსიკა დიდად არ მოსწონდათ, ან პოზიციონირებას ვერ ახერხებდნენ და ფაქტობრივად აიგნორებდნენ კიდეც. ეს ტრეკი სიმპტომურია ამ ბენდისთვის. ვფიქრობ, რომ ცოტა გაწელილია, ოდნავ მოსაწყენიც, მაგრამ კლიშეების რღვევისა და ახალი აკუსტიკური ტერიტორიების ათვისების მცდელობის თვალსაზრისით უდავოდ ორიგინალური და წარმატებული ნამუშევარი. მასში მკაფიოდ ვლინდება იმ პერიოდის მეინსთრიმს მიღმა მოღვაწე არტისტების სულისკვეთება, შექმნან ისეთი მუსიკა, როგორიც მანამდე არ არსებობდა. ამ კუთხით Desire ეპოქის ნამდვილი დოკუმენტია და ჯგუფის შემოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშიც.

8. Malcolm McLaren - Buffalo Gals (1982)

მალკოლმ მაკლარენი, ალბათ, ყველაზე წარმატებული ავანტიურისტი ვიზიონერი იყო მუსიკის ისტორიაში, რომელმაც ზუსტად იცოდა სუბკულტურული ბექგრაუნდის ფასი. ჯერ იყო და ლამის მთელი ბრიტანეთი გააპანკა, შემდეგ კი ისეთი ჰიპ ჰოპ ინიექცია გაუკეთა სამშობლოს, რომ მოვლენები შეუქცევადი გახადა.

ნიუ იორკში სამუშაო მივლინებით მყოფმა მაკლარენმა სრულიად მოულოდნელად მისთვის უცნობი, ჯერ კიდევ იატაკქვეშეთში არსებული კულტურული ფენომენი აღმოაჩინა და მასში მომავლის სასიცოცხლო ენერგია განჭვრიტა. ამ ტრეკის ჩაწერაში უამრავმა ნიუ იორკელმა რეპერმა მიიღო მონაწილეობა. ლონდონში დაბრუნებულმა მაკლარენმა ჩამოტანილ მასალას მუსიკალური თემა დაადო და პროდუქტისთვის საბოლოო სახის მისაცემად ტრევორ ჰორნს მიმართა. გამოცდილმა პროდუსერმა, რომელსაც უამრავ სახელგანთქმულ არტისტთან აქვს ნამუშევარი, თავისი საქმე შესანიშნავად შეასრულა და კომპოზიციის თანაავტორადაც მოგვევლინა. Buffalo Gals კი პირველი ჰიპ ჰოპ ტრეკი გახდა, რომელიც ბრიტანულ ჩარტებში მოხვდა. საინტერესოა, რომ მასში ყველა სემპლი და მელოდია ორიგინალურია, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩანაწერის მნიშვნელობას.

7. Talking Heads - This Must Be the Place (Naive Melody) (1983)

ამ ჯგუფს, ისევე, როგორც პრინსს, ოთხმოციანების კონტექსტში გვერდს ვერაფრით ავუვლიდი. Talking Heads უნიკალურია იმით, რომ არც წინამორბედები ჰყოლია და არც მემკვიდრეები. მათ ყველასგან დამოუკიდებლად შექმნეს მუსიკალურ-აკუსტიკური სამყარო, რომელშიც სხვებს არაფერი ესაქმებათ.

სათაური "ნაივური მელოდია" კომპოზიციის შინაარს კი ესადაგება, მაგრამ აშკარა ირონიაც სახეზეა. სინამდვილეში არანაირ გულუბრყვილობას აქ ადგილი არ აქვს. ბანალურობა უჩვეულოდ - ასე შეგვიძლია, დავახასიათოთ ეს ტრეკი. Talking Heads-ის შემოქმედებაში ყოველდღიური რუტინა თითქმის ყოველთვის გროტესკულ ფორმებს იძენს და ეს არა მხოლოდ ლირიკაში, არამედ მუსიკაშიც ვლინდება. კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს, ძნელი სათქმელია. უფრო სწორად, შეუძლებელი. სწორედ ასეთი მოუხელთებლობა ანიჭებს ამ ჯგუფის შემოქმედებას უზარმაზარ ინტრიგასა და ხიბლს. ეს სიმღერა გაცილებით სადაა, ვიდრე მუსიკოსების ადრეული ნამუშევრები, თუმცა, იმდენად მახვილგონივრულადაა არანჟირებული, რომ ეს სისადავე კოზირად იქცევა. მოკლედ, ამ ხალხზე საუბრისას შეუძლებელია, ჩიხში არ შეხვიდე. ამიტომ სანამ სისულელე არ დამცდენია, ჯობია, გავჩერდე. 

6. After Dinner - Glass Tube (1984)

ეს ჯგუფი, ფაქტობრივად, იაპონელი მომღერლის, კომპოზიტორისა და მულტიინსტრუმენტალისტის, ჰაკოს ბექ-ბენდია. მუსიკის ეგზოტიკურობის გამო, მათი სიაში ჩასმა არ მინდოდა, მაგრამ იმდენად საოცარი ტრეკია, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი.

თავის დროზე ჰაკო ელექტროაკუსტიკასა და ხმის ჩაწერის ტექნიკას სწავლობდა და შეძენილი ცოდნა ამ ნამუშევარში ფანტასტიკურად გამოიყენა. აკუსტიკური და ელექტრონული ჟღერადობის ასეთი მახვილგონივრული სინთეზი, ვფიქრობ, არც მომისმენია. როგორც ავტორს და შემსრულებელს, ამ ქალს ბადალი არ ჰყავს. მელომანის თვალსაზრისით კი, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნამდვილ განძს ფლობ, რომელიც არავის გინდა გაუზიარო. ამიტომაც ვიკავებდი თავს. ამ ტრეკის საკონცერტო ვიდეო არსებობს, მაგრამ მე მაინც სტუდიური ჩანაწერი ვარჩიე, რათა კიდევ უფრო აშკარად გამოჩნდეს ის, რომ დღევანდელი გადმოსახედიდანაც კი, ჰაკო უკვე მომავალშია.

5. Laibach - Drzava (1985)

ეს სლოვენიური ჯგუფი მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება ინდასტრიალს მივაკუთვნოთ, ან პირიქით, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სწორედ "ლაიბახია" ამ ჟანრის ჭეშმარიტი კვინტესენცია. მთავარია, რას ვგულისხმობთ ამ ტერმინის მიღმა. აპელირება ტოტალურ წნეხზე, ტვინის გამორეცხვაზე, ადამიანის სულიერ თუ ფიზიკურ დათრგუნვასა და მის გადაძლევაზე დასავლელი არტისტებისთვის ინტელექტუალური თამაშებია, სოციალისტურ იუგოსლავიაში კი ამ ყველაფრის მატერიალიზაცია ხდებოდა და ნამდვილი ბრძოლა იყო გაჩაღებული. სწორედ ამ ომის წინა ხაზზე იყო "ლაიბახი", ამიტომაც ჟღერს მათი მუსიკა ასე და შეუძლებელია, სხვაგვარად აჟღერდეს.

გარედან, დასავლური არტ ხედვით, ამ კოლექტივის შემოქმედება კიტჩია, მაგრამ იმდროინდელ სლოვენიაში მცხოვრები ადამიანის პოზიციიდან, რეალობა და მისი აკუსტიკური ხორცშესხმა. Drzava-ში ყველაფერი ზუსტია, ფუნქციონალური და სერიოზული. "ლაიბახის" ინდასტრიალიც უფრო მარშია, შესაბამისი სუბკულტურული ანტურაჟით და არა მხოლოდ მუსიკალური ექსპერიმენტი. ვინ, თუ არა ჩვენ ვიცით ეს ყველაზე კარგად. 

4. Elvis Costello - I Want You (1986)

ეს სიმღერა ამოვარდნილია რომელიმე ერთი ეპოქის კონტექსტიდან და სრულიად უცხოა ელვის კოსტელოს შემოქმედებისთვის. ის შეიძლება, ჩაწერილიყო დღეს ან 50 წლის წინ. ტექსტი სასიყვარულოა, კონტროვერსიულიც კი. გმირი მიჯნურის ბოზობას განიცდის, თუმცა, ვნება უფრო ეძალება და საკუთარ ემოციებს ვეღარ უმკლავდება.

ნამუშევრის ესთეტიკა სინგერ-სონგრაითერულია, ოღონდ არა ტრადიციული. დიდი დოზითაა წარმოდგენილი როკ-ენ-როლისთვის დამახასიათებელი სიმძაფრეც. კოსტელოს უყვარდა სერიოზულ თემებზე ირონიზება, მაგრამ აქ ამის კვალსაც კი ვერ ვხედავთ - მხოლოდ დრამა და თვითგვემა, ცოტაც და შეიძლება, ატირდეს კაცი. თუმცა, ვინ იცის, კოსტელოს ვირეშმაკობა საყოველთაოდაა ცნობილი, იქნებ იტყუება კიდეც. მაგრამ მთავარი სხვა რამეა. კერძოდ ის, რომ ამ კომპოზიციის მოსმენისას შეუძლებელია, არ გათავისუფლდე იმ ცინიზმისა და ნიჰილიზმისგან, რომელიც ყველა ადამიანში ბუდობს. ეს კი სიმღერისთვის ცოტა ნამდვილად არ არის.

3. Pop Dell'Arte - Querelle (1987)

ამ პორტუგალიური ბენდის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. მათი 1987 წლის ალბომი მაქვს მოსმენილი და ძალიან მომწონს. აქ ყველაფერია: ოთხმოციანების როკი, ექსპერიმენტები ჟღერადობასთან, საცეკვაო რიტმები, არის სემპლებიც, ალბათ, თავისივე გაკეთებული. ვოკალისტი რას მღერის, რა ენაზე, გაუგებარია, სიტყვების ნაცვლად რაღაც რბა-პა-რბა-პა.

Querelle, ერთი შეხედვით, წმინდა საკლუბო ტრეკია, რაღაცნაირი მოჰაუსო, ოღონდ ცოცხალი ინსტრუმენტებით აწყობილი. რიტმი ეგზოტიკურია, შეიძლება მოზამბიკური (პორტუგალიის კოლონია იყო ერთ დროს), არის გიტარაც და მოულოდნელი ალტ როკ პასაჟიც. ტექნიკურად ასეთივე მიდგომა ჰქონდა Happy Mondays-ს მანჩესტერში, მაგრამ აქ მკაფიოდაა გამოკვეთილი პირინეული სენსიტიურობა. ჩაწერამდე ბენდი სიმღერას ლისაბონის კლუბებში ასრულებდა და ეჭვი მაქვს, იქაური ქვიარ ტუსოვკის ჰიმნიც იყო. სწორედ ამაზეა ეს ჰედონისტური კლიპიც, რომელიც თავისი კონტროვერსიულ-პერვერსიული შინაარსის გამო, თურმე, მხოლოდ ერთხელ გაუშვიათ ტელეეთერში. 

2. Nick Cave and the Bad Seeds - The Mercy Seat (1988)

ნიკ ქეივის უდიდესი სიმღერა. ჩემი გემოვნებით, საუკეთესო მის კარიერაში. განა იმიტომ, რომ შორეულ 1988 წელს პირველი მოსმენისთანავე აგვიფეთქა თავები, არამედ იმის გამოც, რომ აქ მუსიკოსი ყველაზე მეტად მიუახლოვდა საკუთარ შემოქმედებით კრედოს. იმას, თუ რა და როგორ უნდა, როგორც არტისტსა და პიროვნებას.

დანაშაული და სასჯელი, შეწყალება და დაუმორჩილებლობა, მოკლედ, ნამდვილი ბიბლიაა ნიკ ქეივისგან. ბენდიც საოცრად ჟღერს, ყველგვარი ზედმეტი მუზიცირების გარეშე, მინიმალისტურად, მაგრამ მრავლისმეტყველად. სწორედ ასე იქმნება ის უნიკალური, კლაუსტროფობიური აკუსტიკური ატმოსფერო, რომლიდანაც გამოსავალი არ არის. ამიტომაც მეორდება ყველაფერი ჯიუტად მთელი ტრეკის მანძილზე  და ეს სრულიად შეგნებულადაა გაკეთებული. ქეივის ამ პირქუში, პათეტიკური აღსარების გარეშე ოთხმოციანებიდან ვერაფრით გამოვძვრებოდით და პრინციპში, ეს არცაა საჭირო. რისთვის, თორემ კი.

1. Cardiacs - The Duck and Roger the Horse (1989)

ჭკუანაღრძობი ბრიტანული ბენდის ეს კომპოზიცია დეკადის ბოლო წლის საუკეთესო ტრეკის პოზიციაზე შეგნებულად მოვახვედრე. იმ დროს უკვე ბევრი საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ როკ-ენ-როლი დაქუცმაცდა, მოკვდა და მისი დიადი ნარატივი დასრულდა.  "ქარდიაქსის" მუსიკა და კერძოდ, ეს ტრეკი ამ მხრივ განსაკუთრებით სიმპტომურია. აქ ჟანრისთვის დამახასიათებელი ყველა დინება თუ ექსპერიმენტია თავმოყრილი. მუსიკოსები ერთგვარ პოსტმოდერნისტულ როკ-ატრაქციონს გვთავაზობენ. პროგრესივი, პანკი, ფოლკი, მეინსთრიმი - ყველაფერი ერთადაა, ერთმანეთთან წინააღმდეგობაშიც მოდის, მაგრამ არტისტები ამ ყველაფრით ისე ჟონგლიორობენ, რომ ეს ცინიკური ეკლექტიზმი არ გაღიზიანებს, ან თუ გაღიზიანებს, ნერვებს არ გიშლის, ან თუ გიშლის, რაღაცნაირ მაზოხისტურ სიამოვნებას განიცდი, რადგანაც ექსცენტრიკულობა ყველაფერს ამართლებს.  

მუსიკის მიღმა არანაირი შინაარსი, არავითარი მესიჯი არ მოიაზრება და ალბათ, ამიტომაც ვერ იტანენ კრიტიკოსები ამ ჯგუფს. კომპოზიციის მოსმენის შემდეგ, გონებაში ფრანგი პოსტმოდერნისტი ფილოსოფოსის, ჟან ბოდრიარის ფრაზა ტივტივდება: "და რა იქნება შემდეგ? არც არაფერი, ვაკუუმი". 


0. Kosmonautentraum - Juri Gagarin (1982)

მინდა ვთქვა, რომ ეს ტრეკი ძალიან მომწონს. ლამის "სერიოზულ" ათეულშიც შევიყვანე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გავრისკე. Kosmonautentraum-ზე ბევრი არაფერი მსმენია. სამაგიეროდ ვიცი, რომ მუსიკა აქვთ ძალიან საინტერესო, თავისებური და გერმანულად ფრიკულიც. მათ ნამუშევრებში პოსტპანკიცაა, ელექტრონიკაც, ფანკიც და ბევრი საფორტეპიანო პასაჟიც. საუნდი კი ისე კუსტარულად ჟღერს, რომ გაუგებარია, სპეციალურად წერდნენ ასე, თუ ხელმომჭირნეობის გამო ვერ ახერხებდნენ "ხარისხიანი" პროდუქტის მიღებას. მოკლედ, ახალი გერმანული ტალღა ამოუწურავი ტერიტორიაა, სადაც ყოველ ნაბიჯზე შეგიძლია, სიურპრიზები აღმოაჩინო.

ეს ტრეკი ყველაზე კურიოზულია ალბომში. ირონიაა მასში ჩადებული, წუხილი, ბრაზი თუ აპათია, ვერ დავადგინე. რომანტიზებული რომ არაა გაგარინი, ფაქტია. ასეა თუ ისე, იურა ღირსეული კაცი იყო, მთელი სამყარო ხელისგულზე ატარებდა, ის კი დღენიადაგ ძმაკაცებთან არაყს სვამდა. საბჭოთა პროპაგანდის რუპორადაც ვერ ივარგა და, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ამიტომაც ემსხვერპლა კაგებეს სასახელო ტრადიციებში მოწყობილ უბედურ შემთხვევას. 

► 60-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

► 70-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული