Thumbnail

1970-იანი წლების მეორე ნახევარში არტისტების მცირე ჯგუფმა დასავლური ცივილიზაციისთვის ჩვეული საზოგადოების კონტროლის სისტემების მხილება დაისახა მიზნად. ბრიტანელმა და ამერიკელმა მუსიკოსებმა ყველა ჯურის მარგინალურ იდეასა თუ პერვერსიას თავი ერთად მოუყარეს და მთელი ეს კულტურული ექსტრემიზმი საკუთარი, აგრესიითა და ნიჰილიზმით სავსე შემოქმედების ნაწილად აქციეს. ასე წარმოიშვა ინდასტრიალის სახელით ცნობილი ჟანრი, რომელსაც რადიკალური ექსპერიმენტები და პროვოკაციული თემატიკა ახასიათებდა.

ნახე სრული ფლეილისტი 

თავდაპირველად ტერმინი "ინდასტრიალი" მხოლოდ 1976 წელს დაარსებულ Industrial Records-ში გაერთიანებული არტისტების ნამუშევრებთან მიმართებით გამოიყენებოდა, თუმცა, მოგვიანებით ის ჟანრის ზოგად სახელწოდებად იქცა. როკისა და ელექტრონული მუსიკის ყველაზე უხეშ და აგრესიულ ნაზავად მონათლული მიმდინარეობის პიონერებად Throbbing Gristle, Cabaret Voltaire, Monte Cazazza, Clock DVA, SPK და სხვები იქცნენ.

ჩვენს სიაში სწორედ 20 გამორჩეულ ინდასტრიალ კომპოზიციას წარმოგიდგენთ. მათი ნუმერაცია, ტრადიციულად, პირობითია.

20. Throbbing Gristle - Discipline

Throbbing Gristle-ის პირველივე საჯარო პერფორმანსი ისეთი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რომ ბრიტანელი პარლამენტარებიც კი გამოეხმაურნენ და აღშფოთებულებმა მუსიკოსებს "ცივილიზაციის დამანგრევლები" უწოდეს. მართლაც, ჯენეზის პი-ორიჯი, ქოზი ფანი ტუტი, პიტერ კრისტოფერსონი და კრის კარტერი, როგორც საკუთარი შემოქმედებით, ასევე ცხოვრების წესით, კონსერვატიულ იდეალებზე აღზრდილ მოქალაქეებში მხოლოდ ზიზღსა და შიშს იწვევდნენ.

1975 წელს შექმნილი ჯგუფი პირველი და ყველაზე ავტორიტეტული კოლექტივია ჟანრის ისტორიაში. მისი ლიდერი, "ინდასტრიალის ღმერთად" მონათლული ჯენეზის პი-ორიჯი კი დღეს ცოცხალი კერპია (ამ ფრაზის პირდაპირი მნიშვნელობით), რომელიც მისი მასწავლებლის, უილიამ ბეროუზის ჰალუცინაციას უფრო წააგავს, ვიდრე ძეხორციელ არსებას.

Discipline ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიციაა Throbbing Gristle-ის რეპერტუარში. ჩვენს სტატიაში შესატანად 1981 წელს სან ფრანცისკოში შესრულებული ვერსია კი მარტივი მიზეზის გამო შევარჩიეთ - ეს ვიდეო ჟანრის სლოგანის "ინდუსტრიული მუსიკა ინდუსტრიული ადამიანებისათვის" ერთ-ერთი საუკეთესო ვიზუალიზაციაა.

19. Nurse with Wound - I've Plummed This Whole Neighborhood

სტივენ სტეპლტონი ინდასტრიალის პირველი ტალღის წარმომადგენელი და ჟანრის ერთ-ერთი პიონერია. ბრიტანელმა მხატვარმა და მუსიკოსმა მოღვაწეობა ჯერ კიდევ 1975 წელს დაიწყო. მის მიერ ჩამოყალიბებული Nurse with Wound თავდაპირველად ტრიო იყო, თუმცა, მცირე ხანში სოლო პროექტად გადაკეთდა, რომელმაც დღემდე ორმოცზე მეტი ალბომი გამოუშვა.

არტისტის მუსიკალურად ძალზე მრავალფეროვან შემოქმედებაში შთაგონების ათობით წყარო იკითხება - დაწყებული კაბარეს მელოდიებითა და ემბიენთით, დამთავრებული ჯონ ქეიჯის ექსპერიმენტული ნაწარმოებებითა და კრაუტროკით. მისი თითოეული ნამუშევრის განუყოფელი დეტალი კი სიურრეალიზმითა და დადაიზმით ნაკარნახევი, აბსურდამდე მისული შავი იუმორი გახლავთ.

არტისტის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული რამდენიმე ალბომი ინდასტრიალის ისტორიისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათგან რომელიმე ერთის გამორჩევა თითქმის წარმოუდგენელია. მუსიკის კრიტიკოსები ამ უნიჭიერეს და უაღრესად არაორდინარულ ადამიანს ხშირად "ინდასტრიალის სალვადორ დალის" უწოდებენ. რთულია, ამ ფრაზის ჭეშმარიტებაში ეჭვი შევიტანოთ.

18. Coil - The First Five Minutes After Death

1980-იანი წლების დასაწყისში Throbbing Gristle-ის ლიდერმა, ჯენესის პი-ორიჯმა მისია შეწყვეტილად, ინდასტრიალის ეპოქა კი დასრულებულად გამოაცხადა. ჟანრის წამყვანი კოლექტივი დაიშალა, მის ბაზაზე კი ახალი ჯგუფი Psychic TV შეიქმნა. სწორედ მის შემადგენლობაში დაუახლოვდნენ ერთმანეთს ჯონ ბელანსი და კრის კრისტოფერსონი, რომლებმაც მცირე ხანში მუსიკის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე პირქუში ჟღერადობის მქონე პროექტი Coil ჩამოაყალიბეს.

მათი ერთ-ერთი გამორჩეულად შთამბეჭდავი ინსტრუმენტული კომპოზიცია The First Five Minutes After Death ბენდის მეორე სტუდიურ ნამუშევარში Horse Rotorvator შევიდა. ის მუსიკოსების ადრეული, ჯერ კიდევ კლასიკური ინდასტრიალის გავლენის ქვეშ მყოფი სტილის თვალსაჩინო ნიმუშია. 

ალბომი დღემდე პოსტინდასტრიალის ეტალონად ითვლება და ხშირად სახელდება დეკადის უმნიშვნელოვანეს სტუდიურ ჩანაწერებს შორის. აღსანიშნავია, რომ გარეკანზე რიჯენტის პარკში მდებარე სწორედ ის მინი სცენაა გამოსახული, რომლის ქვეშაც 1982 წელს ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მიერ მოწყობილი ტერორისტული თავდასხმებისას ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

17. SPK - Wars of Islam

რადიკალი მემარცხენეებით დაკომპლექტებულმა ავსტრალიურმა ჯგუფმა SPK სახელწოდება 1970-იანი წლების გერმანიაში მოქმედი ნეომარქსისტული მოძრაობისგან ისესხა. სოციალისტი პაციენტების კოლექტივი - სწორედ ასე იშიფრება ეს აბრევიატურა.

ბენდის წევრები ფსიქიატრიულ კლინიკაში სანიტრებად მუშაობდნენ და ხანდახან მორგებშიც იპარებოდნენ დამახინჯებული სხეულებისა თუ პათოლოგიების ფირზე აღსაბეჭდად, შემდეგ კი ფოტოსურათებს საკუთარი კონცერტების გასაფორმებლად იყენებდნენ. კოლექტივის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, ნილ ჰილმა 1984 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ერთი სიტყვით, ამ მუსიკოსებზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად უკვე საკმარისზე მეტიც იცით.

კოლექტივის ერთ-ერთი გამორჩეულად პოპულარული კომპოზიცია Wars of Islam მათ მეორე სტუდიურ ალბომში Leichenschrei შევიდა. წინასწარ გაგაფრთხილებთ, რომ ამ შოკისმომგვრელი ნაწარმოების მოსმენა და თანმხლები ვიზუალის ხილვა სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისათვის მიზანშეწონილი არ არის. თუმცა, SPK-ს უმთავრესი ამოცანა რომ სწორედ მსმენელებისთვის ფსიქიკის შერყევა იყო, ამას თავად ჯგუფის წევრებიც არასდროს მალავდნენ.

16. NON - Total War

ბოიდ რაისის მსგავს პიროვნებას, რბილად რომ ვთქვათ, ხშირად ვერ წააწყდებით. ამერიკელი მუსიკოსი, მსახიობი, ფოტოგრაფი და მწერალი საკუთარი შემოქმედებით მიზანთროპიასა და ტოტალიტარიზმს ყველაზე რადიკალური ფორმებით ქადაგებს. თუმცა, რაისის ნამუშევრების შოკისმომგვრელი ეფექტი არაფერია მათი ავტორის ქცევებთან შედარებით. 1980-იან წლებში ის სატანისტური ეკლესიის მოძღვარი თვით მისი დამაარსებლის, ანტონ ლავეის ხელდასმით გახდა. 1976 წელს შეერთებული შტატების პირველ ლედის, ბეტი ფორდს გატყავებული ცხვრის თავი უსახსოვრა, რისთვისაც გარკვეული დროით გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. პარალელურად, ბარბის თოჯინების კოლექციას აგროვებდა და საკუთარ კონცერტებზე მსმენელების პროჟექტორებით დაბრმავებას ცდილობდა.

რაისმა მუსიკალური კარიერა 1975 წელს პროექტით NON დაიწყო. მის ჩანაწერებში ინდასტრიალი, ნეოფოლკი, ნოიზი და დროუნი იმდენად უცნაურად ერწყმის ერთმანეთს, რომ რთული გასარჩევია, სად მთავრდება ერთი და იწყება მეორე. ამასთან ერთად, არტისტი ხშირად ხელნაკეთ ინსტრუმენტებსაც იყენებს. მაგალითად, გიტარას, რომელზეც ვენტილატორია დამაგრებული.

კომპოზიცია Total War მის 1997 წლის ალბომში God & Beast შედის. ეს ნამუშევარი ომის, ძალმომრეობის, ოკულტიზმისა და ტოტალური ქაოსის შესახებ შექმნილი ერთი დიდი პოემაა, რომელსაც ბოიდ რაისი აპოკალიპტური ჟღერადობის მუსიკის ფონზე დეკლამირებს.

15. Monte Cazazza - Kick that Habit Man

ჟანრის სლოგანად ქცეული ფრაზა "ინდუსტრიული მუსიკა ინდუსტრიული ადამიანებისათვის" სწორედ მონტე კაზაზას ეკუთვნის. ამ საკულტო არტისტის მიერ ჩადენილ "საგმირო საქმეთა" ჩამოთვლას ჩვენი სტატიისთვის გამოყოფილი სივრცე ნამდვილად არ ეყოფა. ამერიკელმა მუსიკოსმა ერთხელ თავშესაქცევად მეტალისგან ხუთმეტრიანი სვასტიკის სკულპტურა ააგო, დროდადრო მეგობრების თვალწინ კატების გვამებს ფორმალდეჰიდს ასხამდა და წვავდა, კალიფორნიის ხელოვნების კოლეჯში სწავლისას კამპუსის შენობის მთავარი კიბე თვითნაკეთი ცემენტის შადრევნით ჩახერგა, თავისი ერთ-ერთი პირველი კონცერტის ფლაერზე კი მაყურებლებს იესოს გიგანტური ქანდაკების ელექტროხერხით დანაწევრებასა და ნარჩენებზე კოლექტიურ სექსუალურ ძალადობას ჰპირდებოდა.

ამ ყველაფერმა მონტე კაზაზა ანდერგრაუნდის გმირად აქცია, თუმცა, მისი შემოქმედება ფართო საზოგადოებისთვის, ფაქტობრივად, უცნობი დარჩა. არტისტის მიერ კარიერის პირველ წლებში შექმნილი ჩანაწერები ან ძალზე რთულად მოიპოვება, ანაც საერთოდ დაკარგულია.

კომპოზიცია Kick that Habit Man 1980 წელს გამოშვებულ მინი ალბომში Something for Nobody შევიდა. ამ სიმღერის ტექსტი ლეგენდარულ ხელოვანს, ბრაიონ გაისინს ეკუთვნის. იმ ერთადერთ მამაკაცს, რომელსაც კაზაზასა და მისი მეგობრების კერპი, უილიამ ბეროუზი პატივისცემის ღირსად თვლიდა.

14. Z'EV - Elemental Music

"ის არ არღვევს წესებს, ის მათ ცვლის" - ასე ახასიათებდნენ კრიტიკოსები სტეფან ჯოელ ვაისერს. Z'EV-ის ფსევდონიმით ცნობილი პოეტისა და პერკუსიონისტის უნიკალურ სტილს ანალოგი თვით ინდასტრიალის მრავლისმნახველ ისტორიაშიც არ მოეძებნება.

ამერიკელი არტისტის ჩანაწერებში ინდასტრიალს აფრიკული, კარიბული და ინდონეზიური ხალხური მუსიკიდან ნასესხები ელემენტები ერწყმოდა. აღსანიშნავია, რომ ვაისერი კაბალას ფილოსოფიის ერთგული მიმდევარი იყო. სწორედ ამ იუდაისტურმა მოძღვრებამ მოახდინა უდიდესი გავლენა მის შემოქმედებაზე, რომელიც რიცხვების საკრალური მნიშვნელობითა და რიტმებში ზებუნებრივი ძალის ძიებით იყო შთაგონებული.

Z’EV-ის კონცერტები ისეთივე უნიკალურ მოვლენას წარმოადგენდა, როგორსაც მისი სტუდიური ჩანაწერები. ამაში დასარწმუნებლად შეგიძლიათ, კომპოზიციის Elemental Music ცოცხალი შესრულება იხილოთ. 2017 წელს გარდაცვლილი არტისტი ცხოვრების  ბოლომდე უძველეს სწავლებებში დამალული საიდუმლოებების ამოხსნას ცდილობდა, რაშიც მისი იარაღი პირველყოფილ მისტიკურობამდე დაყვანილი მუსიკა იყო.

13. Cabaret Voltaire - Sensoria

1973 წელს ჩამოყალიბებულმა ინგლისურმა ჯგუფმა სახელწოდება ციურიხში მდებარე კლუბისგან აიღო, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში დადაისტური მოძრაობის ცენტრს წარმოადგენდა. მუსიკოსების ადრეული სტილი სწორედ ამ ავანგარდული სახელოვნებო მიმართულებით იყო შთაგონებული.

ინდასტრიალის ეტაპი Cabaret Voltaire-ის შემოქმედებაში 1981 წლამდე გაგრძელდა. კოლექტივის შემადგენლობიდან კლავიშისტის, კრის უოტსონის წასვლის შემდეგ კი ექსპერიმენტების ხანა დაიწყო და არტისტები ისეთი მუსიკალური მიმდინარეობების პიონერებად იქცნენ, როგორიცაა: ჰაუსი, დაბ ჰაუსი, ტექნო, ეთნო-ტექნო და ემბიენთ ტექნო.

ბენდის ახალი ძიებები სრულფასოვნად მათ მეექვსე სტუდიურ ალბომში Micro-Phonies აისახა, რომელშიც ინდასტრიალს ელექტრონიკა, სინთპოპი და პოსტ პანკი ერწყმის. აღსანიშნავია, რომ ამ ნამუშევარმა თავის დროზე მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა, კომპოზიციაზე Sensoria გადაღებული ვიდეორგოლი კი MTV-ის ეთერშიც მოხვდა. ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევა გახლდათ, როდესაც ამ, ტრადიციულად ანდერგრაუნდში მყოფი ჟანრის წარმომადგენელმა მეინსტრიმში შეაღწია.

12. Einstürzende Neubauten - Sehnsucht

1970-იანი წლების მიწურულს დასავლეთ ბერლინი პოლიტიკური პროტესტის ეპიცენტრად, ხელისუფლებით უკმაყოფილო მოქალაქეების პოლიციასთან შეტაკებები კი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. "ადამიანები ბარიკადებს პირდაპირ ქუჩებში აგებდნენ და ქვისა თუ მეტალის კონსტრუქციებზე საათობით უკრავდნენ, ჩვენი მუსიკაც დაახლოებით ასეთი იყო", - ასე იხსენებს წარსულ მოვლენებს Einstürzende Neubauten-ის ფრონტმენი, ბლიქსა ბარგელდი.

1980 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივის წევრები საკუთარი კომპოზიციების შესაქმნელად გიტარებთან ერთად ელექტრობურღებს, პნევმატურ ჩაქუჩებსა და თვითნაკეთ პერსკუსიულ ინსტრუმენტებს იყენებდნენ. შედეგად მიღებულ ბრუტალურ მუსიკას კი ბლიქსას დანაწევრებული ფრაზები და სპეციფიკური ვოკალი ერთვოდა.

ჯგუფის მესამე სტუდიური ალბომი Halber Mensch მათ შემოქმედებაში გამყოფ წერტილად ითვლება. ეს ჩანაწერი გაცილებით მოწესრიგებული და მარტივად აღსაქმელი აღმოჩნდა, ვიდრე მუსიკოსების წინა ნამუშევრები, თუმცა, ტრადიციული სიხისტე და ექსპერიმენტული ჟღერადობაც არსად დაკარგულა. სწორედ მასშია შესული ჯგუფის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიცია Sehnsucht, რომლის სახელწოდებაც პირდაპირ არ ითარგმნება და ისეთ ნოსტალგიას აღნიშნავს, როდესაც თავადაც არ იცი, რის ან ვის მიმართ გრძნობ მონატრებას. 

11. Zoviet France - Mohnomishe

ჩვენს სიაში წარმოდგენილი არტისტების უდიდესი ნაწილი განსაკუთრებული პოპულარობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. თუმცა, ინგლისური ჯგუფი Zoviet France მათ ფონზეც კი გამოირჩევა. 1980 წელს ჩამოყალიბებულმა კოლექტივმა გარშემო თაყვანისმცემლების ძალზე მცირე, მაგრამ უერთგულესი გუნდი შემოიკრიბა და დღემდე იატაკქვეშა სცენის ყველაზე ღრმად ჩაკარგულ წრეში ქმნის საკუთარ ნამუშევრებს. 

ინდასტრიალის, ემბიენთისა და ექსპერიმენტალის ჟანრებში მოღვაწე მუსიკოსების სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ 40-წლიანი კარიერის განმავლობაში მათ საკუთარი შემოქმედებით მსმენელისთვის იმედი ერთხელაც არ გაუცრუებიათ.

Zoviet France-ის სტილი პოსტინდასტრიალის ერთ-ერთ ქვეჟანრს, დარქ ემბიენთს მიეკუთვნება, რომელიც ძირითადად ელექტრონული ინსტრუმენტებისა თუ ციფრული ინტერფეისების საშუალებით იქმნება. თუმცა, ჯგუფის კომპოზიციების უდიდესი ნაწილი ამ მიმდინარეობისათვის უჩვეულო, აკუსტიკური ინსტრუმენტების მეშვეობითაა ჩაწერილი. ჩვენს სიაში შესატანად 1983 წლის ალბომში Mohnomishe წარმოდგენილი უსახელო ნაწარმოები შევარჩიეთ, რომელიც კოლექტივის უნიკალური სტილის თვალსაჩინო ნიმუშია. 

10. Psychic TV - Papal Breakdance

რამდენი ისეთი არტისტის გახსენება შეგიძლიათ, რომელმაც მთელი მუსიკალური მიმდინარეობის შექმნისა და საკულტო სტატუსის მოპოვების შემდეგ, წარსულის მონაპოვარს ხაზი გადაუსვა და იგივეს გაკეთება თავიდან, უკვე სრულიად სხვა ჟანრში შეძლო?

1981 წელს ინდასტრიალის ეპოქის დასრულებულად გამოცხადებითა და პოსტინდასტრიალისათვის საფუძვლის ჩაყრით, ჯენეზის პი-ორიჯმა სწორედ ეს გააკეთა. ამ მიმდინარეობის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ კოლექტივად მის მიერ ჩამოყალიბებული Psychic TV იქცა, რომლის სტილიც კლასიკურ ინდასტრიალთან შედარებით მარტივად აღსაქმელი სტრუქტურითა და გაცილებით მსუბუქი ჟღერადობით გამოირჩეოდა.

კოლექტივმა საგრძნობი პოპულარობა და კომერციული წარმატებაც კი მოიპოვა, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჯენეზისმა და ბენდის სხვა წევრებმა ამის მისაღწევად მათთვის დამახასიათებელ რადიკალიზმსა და ეპატაჟზე თქვეს უარი. ამის დასტურად კომპოზიციაზე Papal Breakdance გადაღებული ვიდეორგოლი შეგიძლიათ, იხილოთ. სიმღერა ჯგუფის 1986 წლის სინგლში Magick Defends Itself შევიდა და თავდაპირველად საკულტო ფრანგი ხელოვანის, მარი ლოზიეს ინსტალაციის გასაფორმებლად იყო განკუთვნილი.

9. Front 242 - Headhunter

1980-იანი წლების დასაწყისში გერმანიასა და ბელგიაში EBM-ის (Electronic Body Music) სახელით ცნობილი ჟანრი წარმოიშვა. ელექტრონული მუსიკის, სინთპოპისა და პოსტ პანკის ამ არაორდინარულ ნაზავს კრიტიკოსები ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც "ინდასტრიალს საცეკვაო მოედნებისათვის".

რიტმულობით გამორჩეული მიმდინარეობის ერთ-ერთ პიონერად ლეუვენური ბენდი Front 242 იქცა. 1981 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივის შემოქმედება შემდგომში უამრავი არტისტის შთაგონების წყაროდ იქცა, მათი მეოთხე სტუდიური ალბომი Front by Front და მასში შესული კომპოზიცია Headhunter კი დღემდე ჟანრის კლასიკად ითვლება.

სიმღერის დაწერის იდეა ჯგუფის ფრონტმენს, ჟან-ლუკ დე მაიერს ადგილობრივ სადაზღვევო კომპანიაში მუშაობისას მოუვიდა. ადამიანის გამოჭერისა და შემდეგ უსულო ნივთივით გაყიდვის პროცესი, რომელიც ჩანაწერის ტექსტშია აღწერილი, მუსიკოსს სწორედ თანამშრომლების სამსახურში აყვანისა და შემდგომი ექსპლუატაციის იქაურმა მეთოდებმა შთააგონა. Headhunter სწრაფადვე გაჰიტდა და ათობით რემიქსის საფუძვლად იქცა. მისი მიხედვით შექმნილი ვიდეორგოლის რეჟისორი კი ლეგენდარული ანტონ კორბეინი გახლავთ.

8. Clock DVA - The Hacker

ენტონი ბერჯესის წიგნში "მექანიკური ფორთოხალი" ლონდონელი მოზარდები საკუთარ ჟარგონზე, ე.წ. ნადსატზე საუბრობენ. სწორედ ამ გამოგონილი ენიდან ისესხა სახელწოდება 1978 წელს ჩამოყალიბებულმა ინგლისურმა ჯგუფმა Clock DVA.

ინდასტრიალის, პოსტ პანკისა და EBM-ის ჟანრებში მოღვაწე კოლექტივის წევრები გახმაურებულ რომანში აღწერილ ახალგაზრდებს ცხოვრების წესითაც საკმაოდ წაააგავდნენ. ისინი საკუთარ კონცერტებზე განგებ ცდილობდნენ არეულობის მოწყობას და ბრიტანულ საზოგადოებაში გამეფებულ კონსერვატიულ იდეალებს ყველა შესაძლო გზით უპირისპირდებოდნენ.

ბენდის შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეულად პოპულარული კომპოზიცია The Hacker მათ მეოთხე სტუდიურ ალბომში Buried Dreams შევიდა. დისტოპიური ატმოსფეროს მქონე სიმღერის ლირიკა უცნაური ალეგორებითაა სავსე, რომლებიც ციფრულ მკვლელობებზე, ტერორისტებად ქცეულ მათემატიკოსებსა და შიშის ალგებრაზე მიანიშნებენ. საკმაოდ საინტერესო ხედვაა მომავლის ტექნოკრატიული სამყაროს შესახებ, განსაკუთრებით 1989 წელს დაწერილი ტექსტის კვალობაზე.

7. GOD - Fucked

ჭეშმარიტი ინდასტრიალის რეცეპტში ქაოსი და ბრუტალურობა ყოველთვის სასურველ ინგრედიენტებად მიიჩნევა. 1987 წელს ჩამოყალიბებული GOD-ის წევრებმა ამ ფორმულას საკმაოდ საინტერესო გამოყენება მოუძებნეს და საკუთარ შემოქმედებაში ფრი ჯაზის აბსტრაქტულობასთან ექსპერიმენტული მეტალის სიმძიმე გააერთიანეს.

ბრიტანული კოლექტივი ძირითადად სწორედ ამ ორი ჟანრის წარმომადგენელი მუსიკოსებით იყო დაკომპლექტებული, ბენდის დამაარსებლისა და იდეის ავტორის, კევინ მარტინის ინტერესები კი დაბსტეპსა და ჰიპ ჰოპსაც სწვდებოდა.

ჯგუფის სადებიუტო ალბომმა, რომელშიც ინდასტრიალს ავანგარდული ჯაზი, მეტალი, ემბიენთი და დაბი ერწყმის, ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავი ნამუშევრის სტატუსი სწორედ ამ მრავალფეროვნების ხარჯზე მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ Possession-ის ჩაწერისას კოლექტივს ანდერგრაუნდის ისეთი ლეგენდარული ფიგურები უწევდნენ პარტნიორობას, როგორებიც არიან ჯონ ზორნი და პიტერ კრაუტი. ჩვენს სიაში კი 1991 წელს ცოცხლად შესრულებული, არცთუ კორექტული სახელწოდების მქონე კომპოზიციის მოსმენა შეგიძლიათ.

6. Laibach - The Whistleblowers

ჯგუფ Laibach-ის ისტორიისა და შემოქმედების დახასიათება ძალზე მარტივად, ორი სიტყვით შეგვიძლია - სრული სიგიჟე. 1980 წელს ჯერ კიდევ იუგოსლავიის შემადგენლობაში მყოფ სლოვენიაში ჩამოყალიბებული კოლექტივის წევრები ტოტალიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ უნიფორმებს ირგებენ, საკუთარ კომპოზიციებთან ერთად კი სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ჰიმნებსა და პოპ ჰიტების ქავერებს ინდასტრიალის სტილში ხაზგასმული პომპეზურობით ასრულებენ.

დაუმატეთ ამ ყველაფერს დისიდენტის სტატუსი (მუსიკოსებს ქვეყნის დატოვება მას შემდეგ მოუწიათ, რაც სცენაზე დიქტატორი ბროზ ტიტო მამაკაცის სასქესო ორგანოსთან ერთად გამოსახეს), სტენლი კუბრიკის სურათში Full Metal Jacket ეპიზოდური როლების შესრულება.და მუდმივი კონტროვერსია. თუმცა, სიტყვაზე გვენდეთ, ამ ჯგუფის მიერ ჩადენილ უცნაურობებს შორის ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია.

2015 წელს Laibach-მა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და კონცერტი არც მეტი, არც ნაკლები, ჩრდილოეთ კორეაში გამართა. ჩვენს სტატიაში სწორედ ამ ისტორიულ ღონისძიებაზე შესრულებული კომპოზიცია The Whistleblowers შეგიძლიათ, იხილოთ. "რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ტოტალიტარულ სახელმწიფოში მივემგზავრებოდით, მაგრამ შეგიძლიათ, დამისახელოთ რომელიმე ქვეყანა, სადაც ტოტალიტარიზმი არ სუფევს?", - განუცხადა ჟურნალისტებს კოლექტივის წევრმა, ივან ნოვაკმა.

5. Merzbow - Minus Zero

წარმოიდგინეთ გაფუჭებული ძრავის, წყობიდან გამოსული ტელევიზორისა და სისხლს მოწყურებული კრაზანების გუნდის ხმა, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში ყოველგვარი რიტმისა და სტრუქტურის გარეშე გრძელდება. დაახლოებით ასე ჟღერს ნოიზი - ინდასტრიალის ქვეჟანრი, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელიც იაპონელი არტისტი აკიტა მასამი, იგივე Merzbow გახლავთ.

მან დღემდე ოთხასზე მეტი ჩანაწერი გამოსცა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მუსიკის შექმნასთან ერთად სხვა ტიპის საქმიანობებითაც აქტიურადაა დაკავებული. მაგალითად, ცხოველთა უფლებების დაცვით, სადომაზოხიზმის კვლევით, ტრადიციული ხალხური ცეკვებითა და ა.შ.

თავს ვალდებულად ვთვლით, გაგაფრთხილოთ, რომ ამ ჩანაწერის მოსმენამდე სასურველია, წინასწარ ფსიქოლოგიურად მოემზადოთ და დინამიკების ხმა დაარეგულიროთ. ნოიზი ნამდვილად არ არის განკუთვნილი ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც მუსიკა მხოლოდ სტანდარტული ფორმებითაა მისაღები. თუმცა, თუ ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარული ბრძანდებით, ეს ვიდეორგოლი სწორედ თქვენთვისაა.

4. Prurient - Untitled

"დიდი ხანი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, თუ რატომ მეზიზღებოდა ჩემ წინ მჯდომი სრულიად უცნობი ადამიანი, ან რატომ მაღიზიანებდა ისეთი წვრილმანი, რომ სახურავს კვადრატულის ნაცვლად წრიული ფორმა ჰქონდა. საბოლოოდ მივხვდი, რომ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა მჭირს. სწორედ ეს მაძლევს ძალას, საათობით ვიჯდე და დრო ათასობით ფირის მაკრატლით ჭრაში ვატარო".

ეს სიტყვები Prurient-ის ფსევდონიმით ცნობილ მუსიკოსსა და პოეტს, დომინიკ ფერნოუს ეკუთვნის. ინდასტრიალისა და ნოიზის ჟანრებში მოღვაწე არტისტის უზარმაზარ დისკოგრაფიაში სწორედ მისი შინაგანი სამყაროს ყველაზე ბნელი კუთხეებია ასახული.

ჩვენს სიაში წარმოდგენილი არტისტების უდიდესი ნაწილი საკუთარ შემოქმედებაში აგრესიისა და ქაოტურობის დეფიციტს ნამდვილად არ უჩივის, თუმცა, დომინიკის ცოცხალ გამოსვლებთან შედარებით, თითოეული მათგანი ფერმკრთალდება. მაგალითისთვის შეგიძლიათ, უსახელო კომპოზიციის შესრულების ამსახველი ეს ვიდეორგოლი იხილოთ, რომელიც სტანდარტულ მუსიკალურ პერფორმანსზე მეტად ექსპერიმენტული ჰორორის სცენას წააგავს.

3. Ministry - Thieves

1981 წელს ჩამოყალიბებულმა ამ ამერიკულმა ბენდმა ტრანსფორმაციის ძალზე უცნაური და სწრაფი გზა გაიარა. მუსიკოსების სადებიუტო ალბომი With Sympathy მელანქოლიური სინთპოპ ბალადებით იყო სავსე, მეორე სტუდიური ნამუშევრის ჩაწერამდე მცირე ხნით ადრე კი მათ საკუთარ ლეიბლთან კონტრაქტი გაწყვიტეს, სტილი მკვეთრად შეიცვალეს და Cabaret Voltaire-ისა თუ Throbbing Gristle-ის შემოქმედებით შთაგონებულნი მსმენელებს ინდასტრიალ მეტალის ერთ-ერთ პიონერებად მოევლინნენ.

გრემის ჯილდოზე ექვსგზის ნომინირებული კოლექტივი დღემდე სწორედ ამ მიმდინარეობაში მოღვაწეობს. მათი უცენზურო ტექსტები კი პოპკულტურის გაშარჟებით, შავი იუმორითა და პოლიტიკური პროტესტითაა ცნობილი.

1989 წლის ალბომში The Mind is a Terrible Thing to Taste წარმოდგენილ ამ კომპოზიციაში Ministry-ის სტილი და ესთეტიკა თითქმის იდეალურადაა ასახული - მძიმე, ადრენალინით გაჟღენთილი მელოდია და უშვერი გინებით სავსე ლირიკა, რომლის ადრესატებიც კორუმპირებული პოლიტიკოსები არიან. Thieves კოლექტივის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარია, რომელზეც უამრავი რემიქსი თუ ქავერია შექმნილი.  

2. Skinny Puppy - Dig It

კანადელები მშვიდობისმოყვარეობითა და უწყინარი ხასიათით არიან ცნობილი, თუმცა, ვანკუვერში შექმნილი Skinny Puppy, ამ მხრივ, აშკარად გამონაკლისია. ელექტროინდასტრიალის პიონერების თქმით, ბენდისთვის ამ სახელწოდების შერჩევის მიზეზი ის იყო, რომ არტისტები საკუთარ შემოქმედებაში გამხდარი, გაბოროტებული ლეკვის თვალებით დანახული სამყაროს ასახვას ცდილობდნენ.

მუსიკოსები კონცერტებზე ხელოვნურ სისხლში ამოსვრილები გამოდიოდნენ და დეკორაციების დახმარებით სცენას მცირებიუჯეტიანი საშინელებათა ფილმის გადასაღებ მოედანს ამსგავსებდნენ. 1982 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივი მათზე ფანატიკურად შეყვარებულ თაყვანისმცემლებს შორის დღემდე საკულტო სტატუსით სარგებლობს.

მეორე სტუდიური ალბომი Mind: The Perpetual Intercourse ჯგუფის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი აღმოჩნდა. სწორედ ამ, 1986 წელს გამოცემულ ჩანაწერში შევიდა კომპოზიცია Dig It, რომელიც თავის დროზე ინდასტრიალში მოღვაწე არაერთი არტისტისთვის იქცა შთაგონების წყაროდ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გავლენა ლეგენდარული Nine Inch Nails-ის ფრონტმენზე, ტრენტ რეზნორზე, რომელმაც თავისი პირველი სიმღერის შექმნა სწორედ ამ ტრეკის მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა.

1. Nine Inch Nails - March of the Pigs

1988 წელს ჩამოყალიბებული Nine Inch Nails ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ინდასტრიალის წარმომადგენლებმა მეინსტრიმის დაპყრობა მოახერხეს. ამერიკული ჯგუფის აქტივში 20 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერი, გრემის ცამეტი ნომინაცია და გამოცემა Rolling Stone-ის მიერ შედგენილ ყველა დროის ასი საუკეთესო არტისტის სიაში მიკუთვნებული საპატიო ადგილია.

თავის დროზე დევიდ ბოუიმ საკუთარ ეპოქაზე ამ კოლექტივის გავლენა იმ რევოლუციას შეადარა, რომელიც The Velvet Underground-მა 1960-იან წლებში მოახდინა. თანამედროვე გადმოსახედიდან ნათელია, რომ ლეგენდარული მუსიკოსი ამ შეფასებისას აშკარად არ შემცდარა.

ჩვენი სტატიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბენდის ძალზე მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედებიდან კლასიკურ ინდასტრიალთან ყველაზე ახლოს მდგომ ალბომში Downward Spiral შესული კომპოზიცია March of the Pigs შევარჩიეთ. 1994 წელს გამოცემულ ჩანაწერს კრიტიკოსები და მსმენელები ერთხმად აღიარებენ ჯგუფის საუკეთესო ნამუშევრად, ამ სიმღერაში კი მთელი ის ნიჰილიზმი, მიზანთროპია და აგრესია იგრძნობა, რომელმაც Nine Inch Nails მილიონობით ადამიანის ფავორიტ ბენდად აქცია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული