Thumbnail

ჯეი ზისა და ალიშა ქისის 2009 წლის სიმღერამ ნიუ იორკზე ამ ამერიკული მეგაპოლისისადმი მიძღვნილ კომპოზიციებს შორის თავი მარტივად დაიმკვიდრა და პირველ ადგილსაც დიდხანს ინარჩუნებდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ავსტრალიისა და ბევრი სხვა ქვეყნის მუსიკალურ ჩარტებში. 

 

მისი ავტორებს, ბრუკლინის მკვიდრ ანჯელა ჰანტსა და ჯანეტ სიუელ-ულეპიკს ლონდონში სტუმრობისას მშობლიური ქალაქი მოენატრათ და გადაწყვიტეს, შეექმნათ ნამუშევარი, რომელიც იქ ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს აღწერდა.

"ამდენს ვწუწუნებთ ნიუ იორკზე, მანქანებით გადატვირთულ ქუჩებზე, ხალხით სავსე ტროტუარებსა თუ მუდმივად გაუმართავ მეტროზე, მაგრამ იმ საღამოს მზად ვიყავით ყველაფერი დაგვეთმო იმისთვის, რომ სახლში აღმოვჩენილიყავით", - იხსენებდა ჰანტი. 

სიმღერა თავიდანვე ჯეი ზიზე გათვალეს, თუმცა მუსიკოსის ლეიბლმა Roc Nation ნამუშევარი დაიწუნა. ანჯელა და ჯანეტი არ დანებდნენ და საბოლოოდ კომპოზიციამ თავად რეპერამდე მიაღწია, რომელმაც Empire State of Mind იმავე საღამოს ჩაწერა. მისამღერში ქალის პარტიის შემსრულებლად მერი ჯეი ბლაიჯს ან ალიშა ქისს მოიაზრებდნენ. საბოლოოდ, ჯეი ზიმ არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა.

კომპოზიციაში ამერიკული რითმ-ენ-ბლუზ კოლექტივის, The Moments-ის 1970 წლის ჰიტიდან Love on a Two-Way Street აღებული სემპლია გამოყენებული. ტექსტში ბევრ ცნობილ ნიუ იორკელს შეხვდებით, მათ შორის რობერტ დე ნიროს და ნოტორიუს ბიაიჯის. ნახსენები არიან აგრეთვე NBA-ის ვარსკვლავები ლებრონ ჯეიმსი და დუეინ უეიდი. ასევე საკალათბურთო გუნდები "ნიუ იორკ ნიკსი" და "ნიუ ჯერსი ნეთსი", რომლის წილსაც ჯეი ზი ფლობდა. მომღერალი საკუთარ თავს ახალ სინატრასაც უწოდებს. სწორედ ფრენკ სინატრას ეკუთვნის მსოფლიოს კულტურული და ფინანსური დედაქალაქისადმი მიძღვნილი, ალბათ, ყველაზე უფრო ცნობილი სიმღერა New York, New York

2010 წელს კომპოზიციის ქავერ-ვერსია ბრუკლინურმა ჯგუფმა LCD Soundsystem თავის ცნობილ ჰიტთან New York, I Love You ერთად შეასრულა: 

2011 წელს კი კანის რიგით 64-ე კინოფესტივალზე ბრიტანელმა მსახიობმა ჯეიმი კალემმა ჟიურიში მყოფი რობერტ დე ნიროს პატივსაცემად  New York, New York-ისა და Empire State of Mind-ის გაერთიანებული ვერსია იმღერა: 

იმავე წელს სიმღერა ხორვატიაში მოღვაწე ქალთა გუნდმა Mozartine შეასრულა: 

 2012 წელს კომპოზიცია BBC Radio 1-ის სტუდიაში ედ შირანმა იმღერა: 

2013 წელს კი Empire State of Mind გრემის მფლობელმა როკ ჯგუფმა Halestorm შეასრულა:  

კომენტარები

ბოლოს დამატებული