Thumbnail

პოპულარული მუსიკოსები მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან. მათი შემოქმედებისა თუ პირადი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი ფართო განხილვის საგანი ხდება. თუმცა, თვით ლეგენდარულ არტისტებსაც კი უკავშირდებათ პასუხგაუცემელი კითხვები და შეთქმულების თეორიები. ზოგიერთი რამ ათწლეულების, ხანდახან კი საუკუნეების განმავლობაშიც საიდუმლოდ რჩება.

5. რას ამბობს კაცი ტროტუარიდან Radiohead-ის კლიპში Just?

ამ მუსიკალურ ვიდეოში "რედიოჰედი" მრავალსართულიან შენობაში განთავსებულ ერთ-ერთ ბინაში უკრავს, ქუჩაში კი უცნაური სცენა იშლება - შუახნის მამაკაცი ტროტუარზე გაუნძრევლად წევს. გამვლელები მისი მდგომარეობით ინტერესდებიან, თუმცა, ის პასუხს არავის სცემს. ცნობისმოყვარეთა ჯგუფი იზრდება. შეკითხვებს ნელ-ნელა აგრესიული ტონი ეპარება და ადამიანები უკვე დაჟინებით, თითქმის ყვირილით ითხოვენ განმარტებას.

საბოლოოდ, მამაკაცი თანხმდება, გაუმხილოს მათ უცნაური ქცევის მიზეზი: "კარგი, გეტყვით. გეტყვით, რატომ ვწევარ აქ. დაე, უფალმა შემინდოს და შეეწიოს ყველა ჩვენგანს, რადგან ვერც კი აცნობიერებთ, რისი ჩადენისკენ მიბიძგეთ". აქ სუბტიტრები, რომლებიც მთელ ვიდეოს გასდევს, წყდება და მუსიკის ფონზე მხოლოდ მამაკაცის ტუჩების მოძრაობას ვხედავთ. კადრი კვლავ ჯგუფის წევრებზე გადადის, რომლებიც შეშფოთებულები იხედებიან ფანჯრიდან, ქვემოთ კი მიწაზე უძრავად გართხმულ ასობით ადამიანს ხედავენ. 

დღემდე არავინ იცის, რას ამბობს კლიპის მთავარი პერსონაჟი უკანასკნელ სცენაში. როგორც ვიდეოს რეჟისორი, ჯეიმი თრევისი, ასევე, მუსიკოსები ამ საიდუმლოს არავის უმხელენ.

4. მოწამლეს თუ არა ბეთჰოვენი?

ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს კლასიკურ კომპოზიტორს, გენიალურ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. თუმცა, უზომო პოპულარობის მიუხედავად, ცხოვრების ბევრ დეტალთან ერთად, მისი სიკვდილიც გამოცანად რჩება. 

მართალია, კომპოზიტორის ცხედრის გაკვეთამ გარდაცვალების მიზეზად ღვიძლის დაზიანება დაასახელა, რაც ალკოჰოლის ჭარბი დოზებით მიღებას უკავშირდებოდა, მაგრამ ზოგიერთი მაესტროს სიკვდილს დღემდე ათაშანგს აბრალებს, ზოგი კი ჰეპატიტს. ერთ-ერთი თეორიის თანახმად კი, ბეთჰოვენი საკუთარმა ექიმმა მოწამლა.

ბოლო ვერსიისკენ მკვლევარებს კომპოზიტორის თმის ღერების შესწავლამ უბიძგა, რომლებიც მისმა მეგობრებმა დასაფლავებისას სამახსოვროდ შეინახეს. თუმცა, არაერთი გამოძიების მიუხედავად, ლეგენდარული მუსიკოსის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია.

3. სად გაქრა ჯიმ სალივანი?

1975 წლის 4 მარტს ფოლკ მომღერალი, ჯიმ სალივანი მანქანაში ჩაჯდა და ლოს ანჯელესიდან  ნეშვილისკენ გაემართა. ცნობილია, რომ მომდევნო დღეს ის საგზაო პოლიციამ გააჩერა, 6 მარტს კი ქალაქ სანტა როზასთან ახლოს მდებარე რანჩოსთან შენიშნეს. ამის შემდეგ მუსიკოსის კვალი იკარგება. მის "ფოლკსვაგენში" ფული, გიტარა, ტანსაცმელი, რამდენიმე ფირფიტა და დოკუმენტები იპოვეს. თავად ჯიმი კი არსად ჩანდა. 

სალივანის გაქრობასთან დაკავშირებით ბევრი ვერსია არსებობს, დაწყებული მკვლელობით და დამთავრებული გზის აბნევით. ყველაზე გიჟური თეორიის თანახმად კი, ის უცხოპლანეტელებმა მოიტაცეს - მის პირველ ალბომს ხომ U.F.O. ("ამოუცნობი მფრინავი ობიექტი") ერქვა. ამ ჩანაწერმა მოგვიანებით საკულტო სტატუსი მოიპოვა, სალივანის უცნაური საქმის შესახებ კი პასუხი დღემდე არავის აქვს. 

აღსანიშნავია, რომ ოცი წლის შემდეგ ანალოგიურ ვითარებაში უელსური როკ ჯგუფის, Manic Street Preachers-ის გიტარისტი, რიჩი ედვარდსი დაიკარგა. მის შესახებ ჩვენს სტატიაში შეგიძლიათ, წაიკითხოთ.

2. სად არის სიბელიუსის მერვე სიმფონია?

იან სიბელიუსი კლასიკური მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანი იყო. ფინელმა კომპოზიტორმა მშობლიური ფოლკლორის შთაგონებით არაერთი ბრწყინვალე ნაწარმოები შექმნა. მის შემოქმედებაში ცენტრალურ ადგილს შვიდი სიმფონია იკავებს.

წესით, კომპოზიტორს მერვეც უნდა შეექმნა, 1933 წელს მისი პრემიერაც კი დაანონსდა. თუმცა, მუსიკალური საზოგადოება სიბელიუსის ახალ ნამუშევარს თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში უშედეგოდ ელოდა. 

დღემდე უცნობი მიზეზით, 1926 წლის შემდეგ სიბელიუსს მასშტაბური ნაწარმოები აღარ შეუქმნია. ის ქალაქ იარვენპიააში, საკუთარ სახლში განმარტოვდა და საზოგადოებასთან ყოველგვარ კონტაქტს გაურბოდა. მუსიკის ისტორიაში ეს მოვლენა "იარვენპიაას მდუმარების" სახელით შევიდა. 1957 წელს გარდაცვლილი მუსიკოსის არქივში მერვე სიმფონიის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, თუმცა, მისი განდეგილობის მიზეზი დღემდე საიდუმლოდ რჩება.

1. ვინ მოკლა ნოტორიუს ბიაიჯი?

კრისტოფერ უოლესი, იგივე The Notorious B.I.G. ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჰიპ ჰოპ არტისტად ითვლება. 24 წლის ასაკში გარდაცვლილმა რეპერმა 2 სტუდიური ალბომის ჩაწერა მოასწრო, რომლებმაც კრიტიკოსთა და მსმენელთა საყოველთაო აღფრთოვანება დაიმსახურეს. სიმბოლურია, რომ მის პირველ ჩანაწერს Ready to Die ("სიკვდილისთვის მზად"), ხოლო მეორეს Life After Death ("სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ") ჰქვია. მუსიკოსი 1997 წლის 9 მარტს ლოს ანჯელესში საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. 

მკვლელობამ უამრავ შეთქმულების თეორიას დაუდო სათავე, რომელთაგან უმეტესობა ტრაგიკულ შემთხვევას კიდევ ერთი ლეგენდარული რეპერის, თუფაქ შაკურის სახელს უკავშირებს. ამ უკანასკნელს სიცოცხლის ბოლო წლებში კრისტოფერთან ურთიერთობა დაეძაბა - აღმოსავლეთისა და დასავლეთის სცენებს შორის მეტოქეობას ძველ მეგობრებსა და კოლაბორატორებს შორის ჯერ უთანხმოება, მოგვიანებით კი ურთიერთშეურაცხყოფით სავსე ტრეკები Who Shot Ya? და Hit Em’ Up მოჰყვა.

თავად თუფაქი 1996 წლის 13 სექტემბერს გარდაიცვალა. ის მანქანაში ჩაცხრილეს. ათეულობით დოკუმენტური ფილმის, გამოძიებისა თუ სხვა მცდელობების მიუხედავად, ნოტორიუს ბიაიჯის მკვლელის ვინაობა და დანაშაულის მოტივი დღემდე უცნობია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული