Thumbnail

7 მუსიკოსი, რომელიც ამავდროულად კარგი მსახიობია

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

ამ სტატიაში შვიდ ცნობილ მუსიკოსს წარმოგიდგენთ, რომლებიც ამავდროულად კარგი მსახიობები არიან.  

7. ნიკ ქეივი

ნიკ ქეივი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია. არაჩვეულებრივ სიმღერებზე რომ არაფერი ვთქვათ, შესანიშნავ სცენარებს წერს, წიგნებიც გამოუცია და არაერთ ფილმშიც მიუღია მონაწილეობა.

ავსტრალიელი არტისტის კინემატოგრაფიული დებიუტი 1987 წელს ვიმ ვენდერსის სურათში "ცა ბერლინის თავზე" შედგა. შემდეგ იყო პიტერ სემპელის "დენდი" და ჯონ ჰილქოუთის "სამოქალაქო სიკვდილის აჩრდილები". თუმცა, მისი სამსახიობო უნარები ყველაზე კარგად ფილმებში "ჯესი ჟეიმსის მკვლელობა" და "მარტორქებზე ნადირობა ბუდაპეშტში" გამოჩნდა. 2016 წელს კი ქეივი ვიმ ვენდერსის კიდევ ერთ ნამუშევარში "მშვენიერი დღეები არანხუესში" ვიხილეთ. 

6. ფლი

Red Hot Chili Peppers-ის თაყვანისმცემლები დამერწმუნებიან, რომ ამ ჯგუფის ბასისტი მაიკლ პიტერ ბალზარი, მეტსახელად Flea (რწყილი), მართლაც ამ მწერივით მოუსვენარი ბუნებით გამოირჩევა. ჰოდა, აბა, რომელი სცენა დაიტევდა მის აურაცხელ ენერგიას? ამიტომაც ადგა და კინემატოგრაფშიც მოსინჯა ბედი. 

მოსინჯა რა, დაწყებული რობერტ ზემეკისის ფილმიდან "უკან მომავალში" და დამთავრებული ძმები კოენების "დიდი ლებოვსკით", ფლიმ ორმოცამდე სურათში ითამაშა. ამ დროისთვის ბოლო როლი კი მუსიკოსმა 2018 წელს რეჟისორ ჯოელ ედგერტონის მიერ გადაღებულ "გამქრალ ბიჭში" შეასრულა. 

5. დევიდ ბოუი

ლეგენდარულ მუსიკოსს არაერთ ფილმში მიუღია მონაწილეობა და თუ დევიდ ბოუის მსახიობის ამპლუაში ჯერ არ იცნობთ, გვერწმუნეთ, მის მიერ განსახიერებული პერსონაჟებით აუცილებლად მოიხიბლებით. 

ბოუი ერთნაირი ოსტატობით თამაშობდა ბრიტანელ სამხედრო ტყვეს ("ბედნიერ შობას გისურვებთ, მისტერ ლოურენს"), მოხუც ვამპირს ("შიმშილი") და პილატე პონტოელს ("ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება"). ასე რომ, ამ არაჩვეულებრივი ადამიანის ნიჭით ტკბობა  კინომოყვარულებსაც ისევე შეგიძლიათ, როგორც მელომანებს. 

4. კორტნი ლავი

კორტნი ლავი 90-იანი წლების პოპკულტურაში ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსიული ფიგურაა. საზოგადოების ნაწილს ის ქმრის, კურტ კობეინის მკვლელად მიაჩნდა, ნაწილი კი მასა და მის ჯგუფში Hole გრანჟის მომავალს ხედავდა.

ეპატაჟის მოყვარული არტისტის ხილვა არაერთ კინოსურათშია შესაძლებელი. კორტნის დებიუტი ჯერ კიდევ 1985 წელს საკულტო პანკ ჯგუფის, Sex Pistols-ის ბასისტზე, სიდ ვიშეზსა და მის შეყვარებულ ნენსი სპანჯენზე გადაღებულ ფილმში შედგა, რომელშიც მუსიკოსმა პარტნიორობა გარი ოლდმანს გაუწია. თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი როლები ლავმა მილოშ ფორმანის ნამუშევრებში "ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ" და "ადამიანი მთვარეზე" შეასრულა.

3. ტომ უეითსი

ჯიმ ჯარმუშის "კანონგარეშე", "საიდუმლო მატარებელი" და "ყავა და სიგარეტი", ფრენსის ფორდ კოპოლას "დრაკულა", "აუტსაიდერები" და "მებრძოლი თევზი", ტერი გილიამის "დოქტორ პარნასუსის წარმოდგენარიუმი", ძმები კოენების "ბასტერ სკრაგსის ბალადა", მარტინ მაკდონაჰის "შვიდი ფსიქოპატი" - ეს იმ კინოსურათების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც შეუდარებელი ტომ უეითსი თამაშობს.

თუ ისე მოხდა, რომ რაიმე მიზეზის გამო, არც ტომის მიერ ამ ფილმებში არაჩვეულებრივად განსახიერებული როლები გინახავთ და არც მისი სიმღერები მოგისმენიათ, დროს ნუ დაკარგავთ, ის არ იცდის. 

2. ჯარედ ლეტო

ვინც იფიქრეთ, ეგ ხომ ჯერ მსახიობია და შემდეგ მუსიკოსიო, გეტყვით, რომ, წესით, ასე უნდა იყოს, მაგრამ ნახევარი სამყარო პირიქით ფიქრობს. სიმართლე გითხრათ, ამ რიგითობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ ჯარედ ლეტომ ორივე ასპარეზზე თანაბარ წარმატებას მიაღწია. 

ლეტოს როკ ჯგუფი 30 Seconds To Mars არაერთ პრესტიჟულ მუსიკალურ ჯილდოს ფლობს, თავად კი ლენონის მკვლელიდან ჯოკერამდე უამრავი პერსონაჟი განასახიერა. ფილმში "დალასის მყიდველთა კლუბი" ტრანსგენდერი ქალის როლის შესრულებისთვის თაროზე ოსკარი და ოქროს გლობუსიც უდევს. ისხედით ახლა თქვენ და იდავეთ. 

1. მარკ უოლბერგი

ოსკარისა და ოქროს გლობუსის ორ-ორი ნომინაცია, მონაწილეობა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: "განდგომილი", "ბუგის ღამეები", "კალათბურთელის დღიურები", "მაიმუნების პლანეტა", "მებრძოლი" და ბევრი სხვა - მარკ უოლბერგი კინომოყვარულებთან დამატებით წარდგენას არ საჭიროებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი სტატიის გმირი, პირველ რიგში, მართლაც მსახიობია. თუმცა, 90-იანი წლების დასაწყისში მილიონობით ადამიანმა ის სრულიად სხვა ამპლუაში, რეპერ Marky Mark-ის სახელით გაიცნო.

1991 წელს ჰიპ ჰოპ კოლექტივმა Marky Mark and the Funky Bunch სადებიუტო ალბომი Music for the People გამოუშვა, რომლის მთავარი სინგლი Good Vibrations ბილბორდის ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა. ნამუშევარში წარმოდგენილი კიდევ ერთი კომპოზიცია Wildside ჰიტ-აღლუმის მე-10 პოზიციაზე მოხვდა. სტუდიურმა ჩანაწერმა კი პლატინის სტატუსი მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული