Thumbnail

7 მუსიკოსი, რომელსაც საკუთარი სიმღერის ტექსტი დაავიწყდა

ანკა მებონია პროფილის ფოტო
ანკა მებონია

სცენაზე გამოსვლისას საკუთარი სიმღერის ტექსტის დავიწყება ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო რამეა, რაც შეიძლება, მუსიკოსს შეემთხვეს. ჩვენს სტატიაში სწორედ 7 ასეთ გახმაურებულ შემთხვევას წარმოგიდგენთ. 

7. პეტი ლაბელი

პეტი ლაბელი გამოცემა Rolling Stone-მა ყველა დროის 100 უდიდეს მომღერალს შორის დაასახელა. ის ერთდროულად არის არენბის, დისკოს, ფანკისა და სოულის ლეგენდა, თუმცა, სტატუსმა და გამოცდილებამ მუსიკოსი უსიამოვნებისგან მაინც ვერ დაიცვა.

1996 წელს ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიაზე პეტის საშობაო სიმღერის ტექსტი დაავიწყდა. ამასთანავე აღმოჩნდა, რომ დარბაზში მყოფ სუფლიორსაც ბარათებზე არასწორი სიტყვები ეწერა. ამ ყველაფერთან ერთად კი, სცენაზე ბექ ვოკალისტებიც არ გამოცხადდნენ და მუსიკოსს მარტოს მოუხდა კომპოზიციის შესრულება.  

პეტი ლაბელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ღირსეულად გაართვა თავი სირთულეებს, თუმცა, მთელი გამოსვლის განმავლობაში მრისხანებისგან თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. 

6. ადელი

2016 წელს პორტუგალიაში ჩატარებულ ერთ-ერთ კონცერტზე ადელი მშვიდად და დამაჯერებლად ასრულებდა საკუთარ ჰიტს Million Years Ago, თუმცა, მოულოდნელად მუსიკოსს სიმღერის ტექსტი დაავიწყდა.

შემსრულებელი იმდენად დაიბნა, რომ უცენზურო შეძახილიც კი წამოსცდა, თუმცა, მალევე მსმენელებს ბოდიში მოუხადა და საკუთარ შეცდომაზე მათთან ერთად იცინა. 

ამ მომენტში ინგლისელი მომღერალი იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ სიტყვების დავიწყების გამო არა მარტო არავინ უსაყვედურა, არამედ მთელმა დარბაზმა აპლოდისმენტებითაც კი შეამკო. 

5. Jay-Z

რეპერებს მომღერლებთან შედარებით გაცილებით მეტი სიტყვა აქვთ დასამახსოვრებელი, რაც თავისთავად მათ მიერ შეცდომის დაშვების შანსებს ზრდის.

2013 წელს მანჩესტერში გამართულ კონცერტზე ჯეი ზი უმრავი მსმენელის წინაშე წარდგა. რეპერს კომპოზიციის No Church in the Wild ორი მესამედი უკვე შესრულებული ჰქონდა, როდესაც მოულოდნელად სიტყვები დაავიწყდა. საბედნიეროდ, არტისტმა მოახერხა მისამღერის დაწყებამდე დრო გაეყვანა, თუმცა, ვიდეოშიც იგრძნობა დაძაბულობა, რომელიც ამ ინციდენტმა შექმნა. 

პრინციპში, როგორ შეიძლება ჯეი ზის გამტყუნება? მის თავში ხომ 13 სოლო და 5 კოლაბორაციული ალბომი და რამდენიმე ასეული კომპოზიციის ტექსტია. 

4. დემი ლოვატო

ლექსიკონებსა თუ გუგლის საძიებო სისტემაში ნაპოვნი ვერცერთი განმარტება ვერ აგიხსნით სიტყვა "ირონიის" მნიშვნელობას ამ ვიდეოზე უკეთ. 

2009 წელს, ტექსასის შტატის ქალაქ დალასში გამართულ კონცერტზე პოპვარსკვლავ დემი ლოვატოს სწორედ იმ სიმღერის სიტყვები დაავიწყდა, რომლის სახელწოდებაცაა Don’t Forget  - "არ დაგავიწყდეს".

აღსანიშნავია, რომ მომღერალმა თავისი სადებიუტო ალბომის წამყვანი კომპოზიციის ტექსტის გასახსენებლად დახმარება დარბაზში მყოფ აუდიტორიასაც სთხოვა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

3. ტომ იორკი

Radiohead და თავად ტომ იორკიც ისეთ ზებუნებრივ საბურველში არიან გახვეულები, რომ ცოტა დაუჯერებელი კი არის ის, რაც ამ ვიდეოში ხდება.

2012 წელს სენტ ლუისში გამართულ კონცერტზე, კომპოზიციის Karma Police შესრულებისას, ტომ იორკს ტექსტი დაავიწყდა, თუმცა, ჯგუფის ფანები წამითაც არ შეყოვნებულან და მუსიკოსს სიმღერაში მიეხმარნენ.

მოულოდნელად წარმოქმნილ პრობლემასთან წარმატებით გამკლავების შემდეგ, ტომმა კომპოზიციის ტექსტში ფრაზა This is what you get when you mess with us (აი, რას იღებ, როცა ჩვენთან საქმეს იჭერ) შეცვალა და This is what you get when you forget the words (აი, რას იღებ, როცა სიტყვები გავიწყდება) იმღერა, რაც, ალბათ, დაგვეთანხმებით, მშვენიერი ხუმრობაა. 

2. ძმები გალაჰერები

გეგონათ, Oasis-ის სიმღერების ტექსტის დავიწყების გამო პასუხისმგებლობას რომელიმე ერთ გალაჰერს დავაკისრებდით? სულაც არა. 

დავიწყოთ ნოელით, რომელიც კომპოზიციას D'yer Wanna be a Spaceman შუაში წყვეტს, იგინება და ამბობს, რომ ყველაფერი აურია. 

შემდეგ კი ლიამიც იბნევა და ეს სწორედ იმ სიმღერის შესრულებისას ხდება, რომლის ტექსტსაც შუაღამისას გაღვიძებულებიც კი უშეცდომოდ გავიმეორებთ. დიახ, თქვენ სწორად მიხვდით, საუბარი Wonderwall-ზეა. 

1. ელვის პრესლი 

მართალია, ელვისს სიმღერის ტექსტი არ დავიწყებია, მაგრამ ის, რაც 1969 წელს ლას ვეგასში მისი გამოსვლისას მოხდა, ჩვენს სტატიაში მოთხრობილ ისტორიებს არაფრით ჩამოუვარდება. კომპოზიციის Are You Lonesome Tonight შესრულებისას როკ-ენ-როლის მეფეს მოულოდნელად სიცილი აუტყდა. 

ელვისის მხიარულების მიზეზი მასთან ერთად სცენაზე მყოფი მომღერლის, სისი ჰიუსტონის (ლეგენდარული უიტნი ჰიუსტონის დედის) მიერ გამოცემული უცნაური ხმა იყო. ამან ლეგენდარული მუსიკოსი იმდენად გაახალისა, რომ კომპოზიციის დასრულებამდე ვერაფრით დამშვიდდა. 

უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევას ელვისის დიდებისთვის ნამდვილად არაფერი დაუკლია და მეტიც, მის ბიოგრაფიაში ღირსეული ადგილი აქვს მიკუთვნებული. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული