Thumbnail

10 კომპოზიცია, რომლის სათაურში ცნობილი მუსიკოსების სახელებია ნახსენები

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

მუსიკის სამყაროში იშვიათი მოვლენის სახით გვხვდება არტისტების მიერ საკუთარი კომპოზიციების სხვა მუსიკოსის სახელითა თუ ფსევდონიმით დასათაურება. ჩვენს სიაში სწორედ ათ ასეთ ნამუშევარს წარმოგიდგენთ.

ნახე სრული ფლეილისტი

10. David Bowie - Song for Bob Dylan

რობერტ ალან ციმერმანის პიროვნებითა და შემოქმედებით არაერთი ნაწარმოებია შთაგონებული, თუმცა, გენიალური დევიდ ბოუის ეს კომპოზიცია მათ შორის უდავოდ გამოირჩევა. ჩანაწერის სათაური კი (ისევე, როგორც თავად სიმღერის იდეა) ბობ დილანის ტრეკით Song to Woody არის შთაგონებული, რომელიც მუსიკოსმა ლეგენდარულ ფოლკ შემსრულებელს, ვუდი გატრის მიუძღვნა.

ტექსტში ბოუი დილანის ხმას აღწერს, როგორც "წებოს და ქვიშას". ეს შედარება ჯოის ქეროლ ოთზის ცნობილ ფრაზას ეხმიანება, რომლითაც ამერიკელმა მწერალმა ბობის ვოკალის პირველად მოსმენით მიღებული შთაბეჭდილებები გადმოსცა: "ზუმფარის ქაღალდს რომ სიმღერა შეეძლოს, დაახლოებით ასეთი იქნებოდა - დრამატული და მუხტით სავსე".

9. MGMT - Brian Eno

საკულტო როკ ჯგუფის, Roxy Music-ის წევრი, ემბიენთის პიონერი, ათობით ექსპერიმენტისა და ინოვაციის ავტორი, მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თეორეტიკოსი, ბრწყინვალე გონება დევიდ ბოუის, Talking Heads-ისა და U2-ს საუკეთესო ნამუშევრებს მიღმა, ოპერაციული სისტემა Windows-ის აუდიოგაფორმების ავტორი - ბრაიან ინო უდიდესი მნიშვნელობის ფიგურაა თანამედროვე მუსიკის ისტორიაში. 

ენდრიუ ვანვინგარდენისა და ბენ გოლდვოსერის მიერ 2002 წელს ჩამოყალიბებული ფსიქოდელიური როკ კოლექტივის,  MGMT-ის ეს კომპოზიცია სწორედ ლეგენდარულ ბრიტანელ არტისტს ეძღვნება. "ჩვენ მას ყოველთვის ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩებით, ის ხომ ბრაიან ინოა", - მღერიან მუსიკოსები. 

8. Nas - U.B.R. (Unauthorized Biography of Rakim)

თუ თავს ჰიპ ჰოპის მსმენელად თვლით და ამ კომპოზიციის სათაურში ნახსენები პიროვნების ან თავად ჩანაწერის ავტორის სახელი არ გეცნობათ, დროა, საკუთარ ცხოვრებაში რაღაც-რაღაცები გადააფასოთ.

უილიამ მაიკლ გრიფინ უმცროსი, იგივე რაკიმი სამართლიანადაა მიჩნეული ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს არტისტად. საკულტო დუეტის Eric B. & Rakim წევრმა უზარმაზარი ავტორიტეტი მოიპოვა თავისი საოცარი ფლოუსა და არაჩვეულებრივი ლირიკის ხარჯზე და დღემდე არა მხოლოდ დამწყები რეპერების, არამედ ისეთი ლეგენდარული მუსიკოსების კერპად ითვლება, როგორიც ნასირ ჯონსია.

7. Weezer - Buddy Holly

ბადი ჰოლი იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა როკ-ენ-როლის ისტორიაში, რომ ავიაკატასტროფაში მისი ტრაგიკულად დაღუპვის თარიღი ცნობილია, როგორც "დღე, როდესაც მუსიკა გარდაიცვალა".

ამერიკული ჯგუფის, Weezer-ის ეს სიმღერა სწორედ ბადის პერსონითაა შთაგონებული. კლიპში ბენდის წევრები 50-იანების სტილის ტანსაცმელში არიან გამოწყობილნი და ამავე ეპოქის დიზაინით გაფორმებულ ბარში მღერიან. 1995 წელს ვიდეო ოპერაციული სისტემა Windows 95-ის ბონუს დისკზე მოხვდა, რამაც მისი პოპულარობა ერთიორად გაზარდა. აღსანიშნავია, რომ კლიპის ავტორი საყოველთაოდ ცნობილი სპაიკ ჯონსია, რომელიც ჰოლივუდში მოღვაწეობის გარდა, მუსიკალური ვიდეოების რეჟისურითაცაა განთქმული.

6. The Fall - I Am Damo Suzuki

ლეგენდარული გერმანული კრაუტროკ კოლექტივის, Can-ის ამერიკელ ვოკალისტს ფსიქიკური აშლილობა ეწყება. მალკოლმ მუნი გამუდმებით იმეორებს: "ზევით, ქვევით, ზევით, ქვევით". ის სამშობლოში ბრუნდება, დანარჩენ მუსიკოსებს კი კონცერტისათვის, რომელზეც ყველა ბილეთი გაყიდულია, ფრონტმენი აღარ ჰყავთ. სწორედ ამ დროს ქუჩაში იაპონელ ახალგაზრდას ამჩნევენ, რომელიც გამვლელებისგან ფულს კარატეს ილეთების თანხლებით შესრულებული უცნაური სიმღერებით აგროვებს. 

ჩვენი მონათხრობი დევიდ ლინჩის რომელიმე ფილმის სცენარს მოგაგონებდათ, რეალური ამბავი რომ არ იყოს. სწორედ ასე გახდა დამო სუძუკი Can-ის ვოკალისტი და წლების განმავლობაში ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეულად ქარიზმატული და ემოციური შემსრულებლის სახელიც დაიმკვიდრა. ინგლისური პოსტ პანკ ჯგუფის, The Fall-ის ეს სიმღერა სწორედ მას ეძღვნება.

5. Robbie Williams ft. Pet Shop Boys - She’s Madonna

"შენც იცი, მართლა მიყვარხარ, მაგრამ ის მადონაა", - განუცხადა რეჟისორმა გაი რიჩიმ თავის აწ უკვე ყოფილ მეგობარ გოგონას, ტანია შტრეკერს და საცხოვრებლად პოპმუსიკის დედოფალთან გადაბარგდა. მოგვიანებით, ტანიამ რობი უილიამსთან გააბა ურთიერთობა და ზემოხსენებული ისტორიით ამ კომპოზიციის დაწერაც შთააგონა. ცოტა არ იყოს უხერხული ბექგრაუნდის მიუხედავად, თავად მადონა ჩანაწერის გამოსვლას საკმაოდ პოზიტიურად შეხვდა.

რობის სიმღერის შესრულებისას პარტნიორობა ცნობილმა ბრიტანულმა სინთპოპ დუეტმა, Pet Shop Boys-მა გაუწია, ტრეკის ინსტრუმენტალი კი ლეგენდარული გერმანული კოლექტივის, Kraftwerk-ის კომპოზიციით Tour de France არის შთაგონებული.

4. Chuck Berry - Roll Over Beethoven

ამ სიმღერით როკ-ენ-როლის პიონერმა, ჩაკ ბერიმ ლეგენდარული გერმანელი კომპოზიტორის სულს ახალი ჟანრის დაბადება აცნობა და ისიც მოურიდებლად განუცხადა, რომ ამიერიდან სამყაროს სწორედ ის განაგებდა, ლუდვიგი კი ვერაფერს შეცვლიდა, თუნდაც საფლავში გადატრიალებულიყო.

სიმღერის შექმნა ჩაკ ბერის დამ, ლუსიმ შთააგონა, რომელიც ფორტეპიანოზე ბეთჰოვენის სონატების გაუთავებელი დაკვრით მუსიკოსს თავს აბეზრებდა. კომპოზიცია Roll Over Beethoven ჟანრის ერთ-ერთ საფლაგმანო ტრეკად იქცა და სხვადასხვა დროს ის ისეთმა ჯგუფებმა გადაამღერეს, როგორებიც არიან: The Beatles, Electric Light Orchestra, The Rolling Stones და სხვა.

3. Pink Floyd - Vera

ვერა ლინი მეორე მსოფლიო ომის დროს გახდა პოპულარული სიმღერით We’ll Meet Again - "ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს", რომელიც ბრძოლის ველზე მყოფ ჯარისკაცებს ეძღვნებოდა და მათ სახლში მშვიდობით დაბრუნების იმედს უსახავდა. ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Pink Floyd-ის როკ ოპერაში The Wall მთავარი პერსონაჟის, ფინქის მამას ომში კლავენ. კომპოზიციაში Vera ფინქი სწორედ ვერა ლინს უხმობს და ეკითხება, სად გაქრა მისი დაპირებები. 

აღსანიშნავია, რომ სიმღერა ჯგუფის ბასისტისა და ვოკალისტის, როჯერ უოტერსის პირადი ტრაგედიითაა შთაგონებული. მამამისი მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა, როცა მუსიკოსი სულ რაღაც 5 თვის იყო.

2. Led Zeppelin - Hats off to (Roy) Harper

ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის ეს კომპოზიცია ფოლკ შემსრულებელ როი ჰარპერს ეძღვნება. მუსიკოსთან ჯგუფის გიტარისტი, ჯიმი პეიჯი მეგობრობდა და უკრავდა კიდეც მის 1971 წლის ალბომში Stromrock ფლავიუს მერკურიუსის ფსევდონიმით. თავად როი კი 70-იანებში Led Zeppelin-ის რამდენიმე კონცერტზე გამოვიდა შოუს გამხსნელი პერფორმანსით. ჰარპერი ბიჭების მიერ ახლად დაარსებულ ხმის ჩამწერ კომპანიასთანაც აპირებდა კონტრაქტის გაფორმებას, თუმცა, მათ EMI-იმ დაასწრო.

როგორც თავად როი ჰარპერი იხსენებს, ალბომში Led Zeppelin III ამ კომპოზიციის ხილვა მისთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა და ჯიმი პეიჯისა და ჯგუფის სხვა წევრების მხრიდან ასეთი დაფასებით ძალზე კმაყოფილი დარჩა. 

1. Miles Davis - John McLaughlin

როდესაც კომპოზიციას შენს სახელს თვით მაილს დევისი არქმევს, ამით ყველაფერი ნათქვამია. ჯონ მაკლაფლინმა ორმოცდათხუთმეტწლიანი კარიერის განმავლობაში გიტარაზე დაკვრის ვირტუოზული ტექნიკითა და ისეთ ჯგუფებში მოღვაწეობით გაითქვა სახელი, როგორებიცაა Mahavishnu Orchestra და Shakti. სხვა გამოჩენილი არტისტების (პაკო დე ლუსია, ჯეფ ბეკი, კარლოს სანტანა) გარდა, საკულტო ალბომის Bitches Brew ჩაწერისას, ჯონმა მაილს დევისთანაც ითანამშრომლა.

ამ უკანასკნელს სტუდიაში მაკლაფლინის გარდა არაერთი ლეგენდარული მუსიკოსი ჰყავდა მოწვეული, დაწყებული ჩიკ კორეათი და დამთავრებული ჯო ზავინულით. თუმცა, კომპოზიციისთვის მისი სახელის დარქმევის პატივი მხოლოდ ახალგაზრდა გიტარისტს ერგო. მოგვიანებით, მაესტროს პატივსაცემად ჯონმა კომპოზიცია Miles Beyond დაწერა და 2018 წელს გრემიც მიიღო საუკეთესო იმპროვიზებული ჯაზ სოლოს კატეგორიაში.

კომენტარები

ბოლოს დამატებული