Thumbnail

7 გემრიელი კერძი, რომელსაც მუსიკოსის სახელი ჰქვია

ანკა მებონია პროფილის ფოტო
ანკა მებონია

თუ გემრიელ საჭმელსა და კარგ მუსიკას აფასებთ, ეს სტატია აუცილებლად დაგაინტერესებთ. გთავაზობთ კერძებს, რომლებსაც სახელი ცნობილი მომღერლებისა თუ კომპოზიტორების პატივსაცემად უწოდეს.  

კარუზოს სოუსი

სალსა კარუზო ნაღების, ხახვის, ყველის, ლორის, თხილისა და სოკოსგან დამზადებული საკმაზია, რომელსაც პასტას ასხამენ ხოლმე. ამ უგემრიელეს სოუსს სახელი ცნობილი ნეაპოლელი ტენორის, ენრიკო კარუზოს პატივსაცემად უწოდეს.   

მერი გარდენის მსხლის დესერტი

მერი გარდენი მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საოპერო მომღერალი იყო. მისმა საოცარმა სოპრანომ ცნობილი ფრანგი შეფ-მზარეული ესკოფიერი ისე მოხიბლა, რომ არტისტის სახელობის ორიგინალური დესერტიც კი შექმნა. 

ტურნედო როსინი

"სევილიელი დალაქის" ავტორის, ჯოაკინო როსინის სახელი ფრანგმა კულინარმა, მარი-ანტუა კარემმა გარნირით გაფორმებულ არომატულ სტეიკს უწოდა. ტურნედო როსინი კარაქში შემწვარი საქონლის რბილი ხორცითა და ფუაგრათი კეთდება. კერძს განსაკუთრებულ გემოს შავი ტრიუფელები და მადეირას ღვინის სოუსი სძენს. 

პაგანინის რავიოლი

ცნობილი გენუელი მევიოლინე და კომპოზიტორი, ნიკოლო პაგანინი იტალიურ სამზარეულოში პომიდვრის გამოყენების ერთ-ერთი პირველი ადეპტი იყო. მანვე მოიგონა რავიოლი ხორცის რაგუთი გენუურად, რომლის ხელნაწერი რეცეპტიც ამჟამად ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება.   

ბერლიოზის თოხლო კვერცხი

ფრანგი კომპოზიტორის, ჰექტორ ბერლიოზის სახელი თოხლოდ მოხარშულ და ტრიუფელებით შეზავებულ კვერცხს ჰქვია. კერძს განსაკუთრებულ გემოს კარტოფილი დიუშესი და მადეირას ღვინის სოუსი ანიჭებს.  

ბიზეს ნამცხვარი

ის, რასაც ჩვენთან ხშირად ბეზეს ეძახიან, სინამდვილეში ბიზეს ნამცხვარია. დიახ, ოპერა "კარმენის" ავტორ, ფრანგ კომპოზიტორ ჟორჟ ბიზეზეა საუბარი.   

მოცარტკუგელი

მოცარტკუგელი 1890 წელს ზალცბურგელმა კონდიტერმა, პოლ ფიურსტმა შექმნა. ტკბილეული მარციპანისა და ნუგის გამოყენებით მზადდება. საინტერესოა, რომ ფიურსტის საკონდიტრო დღესაც არსებობს და მისი შთამომავლები გემრიელ ბურთულებს ორიგინალური რეცეპტის მიხედვით, ხელით ამზადებენ.   
გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული