Thumbnail

აპრილი: 7 ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტული კომპოზიცია

ნინი დანელია პროფილის ფოტო
ნინი დანელია

popmusic-ის ყოველთვიურ რუბრიკაში აპრილში გამოცემულ შვიდ ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტულ კომპოზიციას გთავაზობთ. 

7. Tzusing & Hodge - Electrolytes   

თუ მოგწონთ, როდესაც არტისტები სათქმელს ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, თავიანთი ნამუშევრების დასაწყისშივე ამბობენ, ჩართეთ Electrolytes და 15 წამი დაელოდეთ. ჰოჯი, რომელიც ძილის დროსაც კი არ ივიწყებს (და არც ჩვენ გვავიწყებს), რომ ბრისტოლიდანაა, ამ კომპოზიციაში ცუზინგის დირექტივებს მიჰყვება და ძალიან სწორადაც იქცევა. სწორედ ამიტომ არის ეს ტრეკი ასეთი უკონფლიქტო საკუთარ თავთან და ამდენად აგრესიული მსმენელის მიმართ.

6. Logos - Zoned In ft. Mumdance

არ მინდა, მიგანიშნოთ, ყველაფერი მნიშვნელოვანი აქ 50-ე წამიდან იწყება-მეთქი, მაგრამ ლოგოსისა და მამდენსის თითოეულ ერთობლივ ნამუშევარში მარტივი ფორმულასავით არის ის, რომ კომპოზიციის კონკრეტულ მონაკვეთში რაღაც ძალზე "ბრიტანული" უნდა მოხდეს. სიხშირეებს შორის დამალული ნიშნების ამოსაკითხად კი მხოლოდ კარგი ყურსასმენი დაგჭირდებათ. 

5. Asuna & Jan Jelinek - Blinking Of Countless Lines 

როდესაც საქმე სიხშირეებსა და მათში დამალულ მინიშნებებს ეხება, იან იელინეკიც იქვე ჩნდება. ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ლეგენდა ამჯერად იაპონელ არტისტ ასუნასთან ერთად შექმნილი კომპოზიციით დაგვიბრუნდა. 7-წუთიანი აუდიოვიბრაცია ერთგვარი ტესტია, რომელიც უნებისყოფო (ან მოუთმენელ) მსმენელს ფილტრავს, სხვებისთვის კი კომპოზიცია 14 წუთს გრძელდება.

4. Coucou Chloe - Gecko    

ამ კომპოზიციაზე საუბრისას, შეგვიძლია, განვიხილოთ ის, თუ რამდენად სწრაფად მიიწევს ლონდონში მოღვაწე პროდიუსერი გზაზე, რომლის ბოლოშიც რომელიღაც ჰიპ ჰოპ ვარსკვლავთან კოლაბორაცია იცდის, ან რამდენჯერ გვხვდება ძაღლის წკმუტუნის ხმა მისი მოსმენისას, მაგრამ არაფერი იქნება უფრო ზუსტი, ვიდრე ერთი მარტივი კომენტარი იუთუბზე: "კუკუ ქლო არის ის, რაც ბილი ეილიშს საკუთარი თავი ჰგონია".

3. Plaid - Maru

როდესაც 1990-იანი წლების დასაწყისის ინტელექტუალური ელექტრონული მუსიკის შესახებ ვსაუბრობთ, რომლის წარმომადგენლებიც Aphex Twin, Boards Of Canada , Squarepusher და Autechre არიან, ზოგჯერ გვავიწყდება ის წვლილი, რომელიც ახალი მუსიკალური პარადიგმის შექმნაში Plaid-ის სახელის უკან დამალულმა ორმა ბრიტანელმა არტისტმა ითამაშა. დაახლოებით 20 წლის შემდეგ, კომპოზიციით Maru, ისინი კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ მათთვის დრო არცერთი წამით არ გასულა. 

2. Flying Lotus - Fire Is Coming ft. David Lynch

როდესაც სტივენ ელისონი და დევიდ ლინჩი ერთმანეთს შეხვდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა, ალბათ, თქვა: "მოდი, ცეცხლში გავიაროთ". შემდეგ კი უცებ პატარა ტომის ისტორია გაჩნდა, რომელიც სამზარეულოს კედელზე ჩამოკიდებული ყვითელი ტელეფონისკენ გარბის, რათა გაიგოს, ვინ არის ყურმილს მიღმა. ფანჯრიდან კი უკვე მოჩანს კაცი, რომელიც სულ რამდენიმე წამში ისტერიულ კივილს დაიწყებს: "ცეცხლი მოდის, ცეცხლი მოდის, ცეცხლი მოდის". მოკლედ, ამ ორი ადამიანის ერთ ოთახში ყოფნა ნამდვილად არ შეიძლება.

1. KAZU - Salty

Blonde Redhead-ის კაზუ ის იშვიათი არტისტია, რომელიც შეიძლება, სტუდიაში ლეგენდარულ რუიტი საკამოტოსთან, Atoms For Peace-ის პერკუსიონისტ მაურო რეფოსკოსთან და Son Lux-ის დრამერ იან ჩანგთან ერთად იჯდეს, მაგრამ საკუთარი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელი მუსიკალური ატმოსფერო ხელუხლებლად შეინარჩუნოს. თუ არ გჯერათ, მოუსმინეთ და თავადვე დარწმუნდებით. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული