Thumbnail

10 გამორჩეული კომპოზიცია ეროტიკული და პორნო ფილმებიდან

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ მუსიკოსები, რომელთა ნამუშევრებიც ეროტიკული და პორნო ფილმებიდან გვამახსოვრდება, ორმაგ დაფასებას იმსახურებენ. ჩვენს დღევანდელ სიაში სწორედ სრულწლოვნებისთვის განკუთვნილი კინოსურათების ათ გამორჩეულ საუნდტრეკს შემოგთავაზებთ.

ნახე სრული ფლეილისტი

10. Bjorn & Benny - She is My Kind of Girl

The Seduction of Inga (1968)

1968 წელს ჯოზეფ სარნო დაბალბიუჯეტური ეროტიკული ფილმისთვის The Seduction of Inga შესაფერის საუნდტრეკს ეძებდა. რეჟისორმა ცნობილ შვედ პროდიუსერს, სტიგ ანდერსონს მიაკითხა, რომელმაც მას თავისი ახალგაზრდა პროტეჟეების, ბენი ანდერსონისა და ბიორნ ელვეოსის კანდიდატურები შესთავაზა. სურათმა განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია და ჟანრის მოყვარულებს შორის საკულტო სტატუსს დასჯერდა. თუმცა, ბენისა და ბიორნის მიერ შექმნილმა კომპოზიციამ She is My Kind of Girl უეცრად პოპულარობა მოიპოვა და სტიგი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ მათში დიდი პოტენციალი იმალებოდა.

1972 წელს მისი თაოსნობით ბიჭებმა ანი ფრიდ-ლინშტადთან და ანიეტა ფელშუგთან ერთად  პოპ კოლექტივი ჩამოაყალიბეს, რომელსაც წევრთა სახელების პირველი ასოების შეერთებით ABBA დაარქვეს და ჩარტები გაცილებით უწყინარ თემებზე დაწერილი ჰიტებით დაიპყრეს.

9. Pierre Bachelet - Emmanuelle 

Emmanuelle (1974)

1974 წელს გამოსული "ემანუელი" ეროტიკული კინოს კლასიკად და უთვალავი სიქველის, რიმეიქისა თუ პაროდიის საფუძვლად იქცა. რეჟისორ ჟიუსტ ჟაკენის სურათი, რომელშიც დიპლომატ ქმართან შესახვედრად ტაილანდში ჩასული ლამაზმანის სექსუალური თავგადასავლებია აღწერილი, ჟანრის ჩარჩოებს გასცდა და პოპკულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ფრანგი კომპოზიტორისა და შემსრულებლის, პიერ ბაშლეს მიერ შექმნილი კომპოზიცია Emmanuelle კი, ალბათ, ერთადერთი შემთხვევაა მუსიკის ისტორიაში, როდესაც სპეციალურად ეროტიკული ფილმისთვის დაწერილი ნამუშევარი მსოფლიო ჰიტად იქცა.

8. ? - La La La

Deep Throat (1972)

რეჟისორ ჯერარდ დამიანოს მიერ 1972 წელს გადაღებული Deep Throat ერთ-ერთი პირველი პორნოფილმია, რომელიც სრულფასოვანი, გამართული სიუჟეტითა და გადაღების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამ ღირსებების გარდა, ნიუ იორკული მაფიის მიერ დაფინანსებულ სურათს ძალზე შთამბეჭდავი მუსიკალური გაფორმებაც ამშვენებს.  

ფილმის საუნდტრეკების ალბომს განსაკუთრებულ ინტრიგას ის ფაქტი სძენს, რომ კომპოზიციების ავტორთა ვინაობა დღემდე საიდუმლოდ რჩება და ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ ვოკალისტების სახელებია ცნობილი. ფირფიტის შემორჩენილი ეგზემპლარები კი კოლექციონერების დიდ ინტერესს იმსახურებს და თითოეულის ღირებულება ასეულობით დოლარს აღწევს.

7. Mike Rozakis - Flower Power 

She Knew No Other Way (1973)

მაიკ როზაკისმა გასული საუკუნის 60-იან წლებში ბერძნულ პოპ ჯგუფებში The Charms და The Juniors მოღვაწეობით ადგილობრივ სცენაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა. თუმცა, მისი სახელი სამშობლოს საზღვრებს გარეთ სამუდამოდ უცნობი დარჩებოდა, რომ არა 1973 წელს გამოსული ეროტიკული ფილმი She Knew No Other Way და მისი თანმხლები საუნდტრეკების ალბომი.

ფანკის ვეტერანი მსმენელების წრეში ეს ჩანაწერი დღემდე ნამდვილ რარიტეტად და ჟანრის ევროპული სკოლის გამორჩეულ ნიმუშად ითვლება. თუმცა, როზაკისის საოცარი ნამუშევარი ამ მიმდინარეობის ფარგლებს აშკარად სცდება და მასში ჯაზის, ავანგარდისა თუ ფსიქოდელიის ელემენტებსაც უხვად აღმოაჩენთ.

6. Patrick Cowley - Deep Inside You

Muscle Up (1984)

პატრიკ ქაული დისკოს ერთ-ერთი პიონერი და საკუთარი თაობის გამორჩეულად ნიჭიერი არტისტი იყო, რომლის შემოქმედებაც მოგვიანებით ისეთი ლეგენდარული ჯგუფების შთაგონების წყაროდ იქცა, როგორებიცაა Pet Shop Boys და New Order. კომერციული წარმატების მიღწევამდე და სილვესტერისა თუ დონა სამერის მსგავს ვარსკვლავებთან თანამშრომლობამდე, 1979 წელს ქაულიმ კონტრაქტი გააფორმა კინოკომპანია Fox Studio-სთან, რომელიც გეი პორნოზე სპეციალიზდებოდა.

ლოს ანჯელესური სტუდიის ორ სურათში Muscle Up და Afternooners სწორედ მისი, ელექტრონიკითა და ემბიენთით შთაგონებული კომპოზიციები ჟღერს. სამწუხაროდ, პატრიკის ამომავალი ვარსკვლავი უდროოდ ჩაესვენა. სინთეზატორების ჯადოქრად მონათლული მუსიკოსი 32 წლის ასაკში შიდსით გარდაიცვალა. ზემოხსენებული ფილმების საუნდტრეკების ალბომებიც ოფიციალურად მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა.

5. Alain Goraguer - Disco Symphonie en Rut Majeur 

La Rabatteuse (1978)

ალენ გორაგეს სახელი მელომანებს საკულტო ანიმაციური სურათისთვის "ველური პლანეტა" შექმნილი მუსიკის წყალობით ეცნობათ. ამ ფილმის საუნდტრეკების ალბომი მოგვიანებით ათობით ჰიპ ჰოპ პროდიუსერისა და ელექტრონული არტისტის შთაგონების წყაროდ იქცა. 

ჩვენს სიაში კი ფრანგი ჯაზ-პიანისტის მიერ 1978 წელს გამოსული ეროტიკული სურათისთვის La Rabatteuse დაწერილ კომპოზიციას Disco Symphonie en Rut Majeur წარმოგიდგენთ. ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, გორაგე მსგავს საქმიანობას არც თაკილობდა და არც ერთჯერად სამუშაოდ თვლიდა. შესაბამისად, მისი ფანკითა და ელექტრონიკით გაჯერებული, უზადო მუსიკა მთელი თავისი დიდებულებით კიდევ რამდენიმე პორნოფილმში ჟღერს. 

4. Klaus Schulze - P.T.O.

Body Love (1977)

ელექტრონული მუსიკის გერმანელი პიონერი დღემდე საკულტო სტატუსით სარგებლობს. ლეგენდარული ჯგუფების Ash Ra Tempel და Tangerine Dream ყოფილი წევრისა და სამოცზე მეტი ალბომის ავტორის გავლენა სცდება მხოლოდ ერთი ჟანრის ფარგლებს. მისი ნამუშევრები არაერთხელ გამხდარა ჰიპ ჰოპ პროდიუსერებისა თუ როკ არტისტების შთაგონების წყარო. რიხარდ ვაგნერის ხსოვნისადმი მიძღვნილ, გულისგანმგმირავ კომპოზიციებთან თუ ეპიკურ სიმფონიებთან ერთად, მუსიკოსის შემოქმედებაში ღირსეულ ადგილს, არც მეტი, არც ნაკლები, პორნოგრაფიული ფილმისთვის შექმნილი საუნდტრეკიც იკავებს. 

1977 წელს გადაღებული Body Love ერთი რიგითი, არაფრით გამორჩეული სურათია, რომლის სახელიც ისტორიას მხოლოდ შულცეს მიერ შექმნილი, ბრწყინვალე მუსიკალური გაფორმების წყალობით შემორჩა.

3. Anna Ammirati - Monella

Monella (1998)

წარმოუდგენელია, ეროტიკულ კინემატოგრაფზე საუბრისას, ტინტო ბრასის სახელი ერთხელ მაინც არ ახსენო. იტალიელი რეჟისორი ამ ჟანრის ისტორიაში ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორიც პაბლო პიკასო ფერწერაში ან მუჰამედ ალი კრივში. 1998 წელს გადაღებული Monella კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარია მის შემოქმედებაში.

სურათი ძალზე შთამბეჭდავი მუსიკალური გაფორმებით გამოირჩევა. განსაკუთრებით დასამასახსოვრებელია მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობის, ანა ამირატის მიერ ნამღერი Monella. საინტერესოა, რომ ცნობილ კომპოზიტორთან, პინო დონაჯიოსთან ერთად ამ კომპოზიციის თანაავტორი თავად ტინტო ბრასიც გახლავთ - ვერაფერს იტყვი, ჭეშმარიტად მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია.

2. Funkadelic - Maggot Brain

Love (2015)

გასპარ ნოეს ფილმები შთამბეჭდავი ვიზუალისა და კონტროვერსიული სიუჟეტების გარდა, იდეალურად შერჩეული საუნდტრეკებითაცაა ცნობილი. ამ მხრივ გამონაკლისი არც ფრანგი რეჟისორის მიერ 2015 წელს გადაღებული ეროტიკული დრამა Love აღმოჩნდა, რომლის ერთ-ერთ სცენაში საკულტო ამერიკული კოლექტივის, Funkadelic-ის ეს ლეგენდარული კომპოზიცია ჟღერს. 

თქმულების თანახმად, 1970 წელს ჯგუფის ფრონტმენმა, ჯორჯ კლინტონმა LSD-ს ზემოქმედების ქვეშ მყოფ გიტარისტს, ედი ჰეიზელს სთხოვა, ისე დაეკრა, თითქოს დედის გარდაცვალების ამბავი შეიტყო, შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ ეს ტრაგიკული ამბავი სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. სწორედ ასე შეიქმნა Maggot Brain ჰეიზელის მიერ შესრულებული პარტიით, რომელიც მუსიკის ისტორიაში გიტარის ერთ-ერთ საუკეთესო სოლოდ ითვლება. 

1. Bryan Ferry - Slave to Love

9 ½ Weeks (1986)

"ცხრანახევარი კვირა" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეროტიკული კინოსურათია. კიმ ბესინგერისა და მიკი რურკის მონაწილეობით გადაღებული რომანტიკული დრამის ეკრანებზე გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. კრიტიკოსების მიერ თითქმის ერთსულოვნად დაწუნებული ფილმი მაყურებლებმა გულთბილად მიიღეს. აი, მის თანმხლებ საუნდტრეკების ალბომს კი აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არ გამოუწვევია. 

ჩვენს სიაში შესატანად  Eurythmics-ის, ჯო კოკერისა თუ ჟან-მიშელ ჟარის შესანიშნავ კომპოზიციებს შორის ძალზე ფართო არჩევანი გვქონდა. თუმცა, როდესაც საქმე სიყვარულსა და სექსს ეხება, გლემ როკის ნომერ პირველ დონ ჟუანს, ბრაიან ფერის რთულად თუ შეედრება ვინმე. ლეგენდარული ჯგუფის, Roxy Music-ის ფრონტმენმა ხომ საკუთარი შემოქმედების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ თემებზე ააგო. მისი ჰიტი Slave to Love კი ფილმის ატმოსფეროს იდეალურად მოერგო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული