Thumbnail

რა შეიძლება იყოს კარგი არტისტის ალბომზე უკეთესი? ორი კარგი არტისტის ერთობლივი ალბომი. ჩვენს სიაში სწორედ ათ ასეთ გამორჩეულ ნამუშევარს წარმოგიდგენთ. მისი შედგენისას შევეცადეთ, ყურადღება სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე მუსიკოსებზე გაგვემახვილებინა. სწორედ ამიტომ, წინ მრავალფეროვანი და საინტერესო მოგზაურობა გელით.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Jay-Z & Kanye West - Watch the Throne

ქანიე ვესთმა თავის დროზე ჰიპ ჰოპს განვითარების სავსებით ახალი გზა უჩვენა, ჯეი ზიმ კი ბრუკლინის ქუჩებში კოკაინით ვაჭრობიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტობამდე გზა გამოიარა. რთული მისახვედრი არაა, რამდენად დიდ ინტერესს გამოიწვევდა მათი ერთობლივი პროექტი, რომელმაც მსმენელთა იმედები სრულად გაამართლა.

Watch the Throne მუსიკალურად ქანიეს წინა, საკულტო ნამუშევრის My Beautiful Dark Twisted Fantasy ხაზს აგრძელებს, ლირიკულ ნაწილში კი ის და ჯეი ზი თავიანთ შთამბეჭდავ შესაძლებლობებს სრულყოფილად ავლენენ. აღარაფერს ვამბობთ მოწვეული მუსიკოსების ვარსკვლავურ სიაზე, რომლებმაც რეპერებს ამ ჩანაწერში გვერდი დაუმშვენეს - დაწყებული ბიონსეთი და ჯასთინ ვერნონით, დამთავრებული ფრენკ ოუშენითა და ქიდ ქადით.

მოუსმინეთ ალბომს

9. B.B. King & Eric Clapton - Riding with the King

ამ კოლაბორაციული ალბომის ჩაწერა ერიკ კლეპტონის იდეა იყო. ტრეკლისტიც მან შეარჩია, აკომპანემენტის გასაწევად საკუთარი ბენდის წევრები მოიწვია და პროდიუსერადაც თავად მოგვევლინა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩანაწერის პირველი წუთებიდანვე ნათელი ხდება, რომ წამყვანი როლი სწორედ ბი ბი კინგმა მოირგო. როდესაც საქმე ბლუზს ეხება, ჟანრის სიმბოლოდ ქცეულ გიტარისტს მეფის გვირგვინს თვით კლეპტონივით მასშტაბური ფიგურაც კი ვერ ეცილება. თუმცა, ერიკმა უფროს კოლეგას ღირსეული პარტნიორობა გაუწია და მას დამსახურება ნამდვილად არ უნდა დავუკარგოთ. Riding with the King-მა საყოველთაო აღფრთოვანება დაიმსახურა და საუკეთესო ტრადიციული ბლუზ ჩანაწერის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა.

მოუსმინეთ ალბომს

8. Pete Namlook & Richie Hawtin - From Within 

პიტ ნამლუკი ელექტრონული მუსიკის მსმენელებს შორის დიდი პოპულარობით არასდროს სარგებლობდა, თუმცა, საკუთარი შემოქმედებით არაერთი სახელოვანი კოლეგის, მათ შორის კლაუს შულცეს, გეირ იენსენის, ბილ ლასველისა და სხვათა აღფრთოვანებას ხშირად იწვევდა.

51 წლის ასაკში გარდაცვლილი არტისტის დისკოგრაფია უამრავ კოლაბორაციულ ალბომს მოიცავს, რომელთგან ჩვენს სიაში შესატანად დეტროიტ ტექნოს ფუძემდებელთან, ლეგენდარულ რიჩი ჰოტინთან ერთად შექმნილი სამნაწილიანი სერია From Within შევარჩიეთ. ეს ჩანაწერი ემბიენთის, მინიმალიზმისა და ტექნოს საოცრად ეფექტური სინთეზია, რომელიც ამ მიმდინარეობების თაყვანისმცემლებს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.

მოუსმინეთ ალბომს

7. Stan Getz & Joao Gilberto - Getz / Gilberto

60-იანი წლების დასაწყისში ჩარტებში როკის აღზევების შედეგად ჯაზი კრიზისის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს ჟანრს მხსნელად ბრაზილიაში ჩასახული მუსიკალური მიმდინარეობა ბოსა ნოვა მოევლინა.

ფილადელფიელი საქსოფონისტის, სტენ გეტცისა და ბაიელი გიტარისტის, ჟოაუ ჟილბერტუს მიერ 1964 წელს გამოშვებულმა ერთობლივმა ალბომმა კრიტიკოსების აღფრთოვანებასთან ერთად გრემის სამი ჯილდო დაიმსახურა. ცალკე გამოყოფის ღირსია წლის ჩანაწერად დასახელებული კომპოზიცია The Girl from Ipanema. ამ ულამაზეს ტრეკში ვოკალისტობა ჟოაუს ცოლმა, ასტრუდ ჟილბერტუმ იკისრა, რომელსაც მანამდე პროფესიულ დონეზე სიმღერის გამოცდილება არ ჰქონდა. საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელი მცირე ხანში ქმარს დაშორდა და ურთიერთობა სწორედ სტენთან გააბა.

მოუსმინეთ ალბომს

6. Brian Eno & David Byrne - My Life in the Bush of Ghosts

დევიდ ბირნისა და ბრაიან ინოს სახელების ერთად ხილვისას, რაღაც საოცარის მოლოდინი გიჩნდება. როკ ჯგუფ Talking Heads-ის ფრონტმენისა და ემბიენთის პიონერის პირველი ერთობლივი ალბომი ამ იმედებს სრულად ამართლებს.

My Life In the Bush of Ghosts ნიგერიელი მწერლის, ამოს ტუტუოლას ამავე სახელწოდების წიგნითაა შთაგონებული. მისი ჟღერადობის ზუსტი დახასიათება კი, უბრალოდ, შეუძლებელია. აქ ერთდროულად ექსპერიმენტულ ავანგარდს, ემბიენთს, ფანკსა და ელექტრონიკას წააწყდებით, რასაც სხვადასხვა წყაროდან ნასესხები უცნაური ხმები ემატება. ირანული, ქართული, ინდური თუ ჩრდილოაფრიკული ფოლკლორის გავლენით შექმნილი ალბომი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი სტუდიური ნამუშევარი აღმოჩნდა, რომლის ჩასაწერადაც სემპლინგის ტექნიკა იქნა გამოყენებული.

მოუსმინეთ ალბომს

5. Rowland S. Howard & Lydia Lunch - Shotgun Wedding

როლანდ სტიუარტ ჰოვარდმა ავსტრალიურ როკ ჯგუფებში The Birthday Party და Crime and the City Solution მოღვაწეობასთან ერთად, წარმატებული სოლო კარიერითაც გაითქვა სახელი. საკულტო მუსიკოსმა გარდაცვალებამდე არაერთ შესანიშნავ არტისტთან ითანამშრომლა. თუმცა, მის კოლაბორაციულ ნამუშევრებს შორის გამორჩეულად შთამბეჭდავი ნიუ იორკელ მუსიკოსთან, პოეტთან, მსახიობთან და პროვოკაციების დიდოსტატთან, ნოუ ვეივის თვითაღიარებულ დედოფალთან, ლიდია ლანჩთან ერთად ჩაწერილი Shotgun Wedding აღმოჩნდა.

პოსტ პანკის, ბლუზისა და ფსიქოდელიის უჩვეულო ნაზავით სავსე ალბომი განსაკუთრებული პოპულარობით ნამდვილად არ სარგებლობს, თუმცა, ეს ფაქტი მის ბრწყინვალებას ოდნავადაც ვერ ახუნებს.

მოუსმინეთ ალბომს

4. Ella Fitzgerald & Louis Armstrong - Ella and Louis

ამ არტისტებს წარდგენა ნაკლებად ესაჭიროებათ. ლეგენდარულმა ვოკალისტმა და ვირტუოზმა მესაყვირემ სხვადასხვა დროს სამი ერთობლივი ალბომი ჩაწერეს. მათგან რომელიმეს ცალკე გამოყოფა და საუკეთესოდ დასახელება მარტივი ამოცანა ნამდვილად არ არის, თუმცა, ელა ფიცჯერალდისა და ლუი არმსტრონგის ფენომენალური შესაძლებლობები ყველაზე კარგად მათ სადებიუტო კოლაბორაციულ ნამუშევარში გამოჩნდა.

თერთმეტი მელანქოლიური, უნაკლოდ შესრულებული ბალადით დაკომპლექტებული Ella and Louis ვოკალური ჯაზის მწვერვალად იქცა და კრიტიკოსების მხრიდან ერთსულოვანი აღიარება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსებს აკომპანემენტი ჟანრის ისეთმა ლეგენდებმა გაუწიეს, როგორებიც იყვნენ პიანისტი ოსკარ პიტერსონი და დრამერი ბადი რიჩი.

მოუსმინეთ ალბომს

3. Freddie Mercury & Montserrat Caballe - Barcelona

როდესაც კატალონიურ ქალაქ ბარსელონას 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა ხვდა წილად, ორგანიზატორებმა ჩათვალეს, რომ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას სათანადო მუსიკალური გაფორმება დასჭირდებოდა და ლეგენდარული ბრიტანული როკ ჯგუფის, Queen-ის ფრონტმენს, ფრედი მერკურის მიაკითხეს.

ფენომენალური ვოკალური მონაცემებით დაჯილდოებულ არტისტს ალბომის ჩაწერაში პარტნიორობა გამოჩენილმა სოპრანომ, მონსერატ კაბალიემ გაუწია, შედეგი კი იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რამდენადაც მათი დონის შემსრულებლების კოლაბორაციისგან იყო მოსალოდნელი. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე სწორედ Barcelona შესრულდა, თუმცა, სამწუხაროდ, ფრედის გარეშე - მუსიკოსი შვიდი თვით ადრე შიდსით გარდაიცვალა.

მოუსმინეთ ალბომს

2. Duke Ellington & John Coltrane - Duke Ellington & John Coltrane

ჯაზის ორი ლეგენდის, დიუკ ელინგტონისა და ჯონ კოლტრეინის მიერ 1963 წელს ჩაწერილი ერთობლივი ალბომის განსაკუთრებულობა ავტორებს შორის როგორც ასაკობრივმა, ასევე სტილისტურმა განსხვავებებმა განაპირობა. ელინგტონი ჯაზის კლასიკური ფორმების უბერებელი დიდოსტატი იყო, კოლტრეინი კი ინოვატორი და ჟანრის ისტორიაში ყველაზე დიდი რევოლუციის სულისჩამდგმელი.

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს ჩანაწერი სულაც არაა მამათა და შვილთა ბრძოლის შედეგი, გენიალური არტისტები ხომ ერთმანეთის შემოქმედების მიმართ უზომო პატივისცემით იყვნენ განმსჭვალულნი. მათი კოლაბორაციული ნამუშევარი კი მიმდინარეობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი აღმოჩნდა.

მოუსმინეთ ალბომს

1. The Velvet Underground & Nico - The Velvet Underground & Nico

საკულტო ნიუ იორკული როკ კოლექტივი "ველვეტ ანდერგრაუნდი“ და გერმანელი არტისტი ნიკო ერთმანეთს ენდი უორჰოლმა გააცნო. თუმცა, მისი დამსახურება მხოლოდ ამით არ ამოწურულა - პოპ არტის პიონერი მათი ერთობლივი სადებიუტო ალბომის პროდიუსერადაც მოგვევლინა და მისი ლეგენდარული გარეკანიც შექმნა. 

მართალია, 1967 წელს გამოსულ კოლაბორაციულ ჩანაწერს თავის დროზე კომერციული წარმატება არ მოჰყოლია, მაგრამ დღეს ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ალბომად და უამრავი არტისტის შთაგონების წყაროდ ითვლება. თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი ბრაიან ინოს თქმით, "თითოეულმა ადამიანმა, ვინც თავის დროზე ეს ფირფიტა  შეიძინა, მისი მოსმენის შემდეგ დაკვრა დაიწყო და საკუთარი ბენდი შექმნა".

მოუსმინეთ ალბომს

კომენტარები

ბოლოს დამატებული