Thumbnail

თანამედროვე სამყაროში მუსიკოსების ექსცენტრიკული მაკიაჟი, უცნაური ჩაცმულობა და სპეცეფექტებით გაჯერებული შოუები, წესით, აღარავის უნდა უკვირდეს. თუმცა, ქვემოთ ჩამოთვლილი ჯგუფები და შემსრულებლები საკუთარი გარეგნობით, პერფორმანსებით, ვიდეოკლიპებითა თუ ქცევით მაინც ახერხებენ მსმენელთა დაფრთხობას. 

10. Kiss

გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბებული ამერიკული როკ კოლექტივის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ზღვარგადასული თეატრალურობაა. ჯგუფის ყველა წევრი სცენაზე გრიმით გამოდის, ვოკალისტი და ბასისტი, "დემონის" სახელით ცნობილი ჯინ სიმონსი კი უკვე მრავალი წელია, კონცერტებზე პირიდან ცეცხლის ფრქვევითა და სისხლის ფურთხებითაა დაკავებული.

9. Slipknot

კიდევ ერთი ამერიკული ჯგუფი, რომელიც თავისი უნიკალური სასცენო იმიჯითაა ცნობილი. 1995 წელს შექმნილი ნიუ მეტალ კოლექტივის ცხრავე წევრი კონცერტებზე, ფოტოსესიებსა თუ ინტერვიუების დროს სპეციალურ კომბინიზონებში იმოსება და საშიში ნიღბების უკან მალავს სახეს. ბენდის განცხადებით, ეს იმისთვის კეთდება, რომ საზოგადოების ყურადღება არა მუსიკოსებზე, არამედ მათ შემოქმედებაზე იყოს კონცენტრირებული. 

8. Rammstein

ეს გერმანული ინდასტრიალ მეტალ კოლექტივი კონტროვერსიული პერფორმანსებითა და ვიდეოკლიპებით არის ცნობილი. ჯგუფის წევრები სცენაზე უხამსი ქცევის გამო გისოსებს მიღმაც კი აღმოჩენილან. ვოკალისტი ტილ ლინდემანი კი კონცერტებზე ცეცხლოვანი სპეცეფექტების გამოყენებისას იმდენჯერ დაიწვა, რომ ბოლოს იძულებული გახდა, პიროტექნიკოსის ლიცენზია აეღო.

7. Aphex Twin

რიჩარდ დევიდ ჯეიმსი თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მისტიკური წარმომადგენელია. მის სახელს უამრავი ლეგენდა და უცნაური ისტორია უკავშირდება. განსაკუთრებით "საშიში" კი მის კომპოზიციებზე გადაღებული ვიდეოებია, რომელთაგან ერთ-ერთს სახელწოდებით Come to Daddy ჩვენს სტატიაში წარმოგიდგენთ.

6. Slayer

ამ ამერიკული ტრეშ მეტალ ბენდის წევრებს ხშირად ადანაშაულებენ ნაცისტების მიმართ სიმპატიებში, რასიზმსა თუ სატანისტობაში. მართალია, მუსიკოსები ბრალდებებს უარყოფენ, მაგრამ მათი შემოქმედება მაინც შოკისმომგვრელია. მაგალითისთვის ალბომის Christ Illusion გარეკანი და მასში შესული სიმღერა Jihad გამოდგება, რომელიც 11 სექტემბრის ტრაგედიის შესახებ ტერორისტის პერსპექტივიდან გვიყვება. 

5. Marilyn Manson

მერილინ მენსონისთვის საშიში იმიჯი ერთგვარი მარკეტინგული იარაღია, თუმცა, მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მისი სიმღერები სრულიად უწყინარია, ყველა არ ეთანხმება. 1999 წელს მუსიკოსს კოლუმბინის სკოლაში მომხდარ ხოცვა-ჭლეტაზეც კი დააკისრეს პასუხისმგებლობა, რადგან თავდამსხმელები მისი ფანები იყვნენ. მართალია, მენსონს კანონთან პრობლემები არ შექმნია, მაგრაამ ამ შემთხვევის გამო მისი კარიერა სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. 

4. Gorgoroth

ამ ნორვეგიული ბლექ მეტალ კოლექტივისთვის აუდიტორიის შეშინება ყოველთვის პრიორიტეტული ამოცანა იყო. ქალაქ კრაკოვში ჩატარებული ერთ-ერთი კონცერტის დროს ბენდმა სცენის გასაფორმებლად შიშველი ჯვარცმული ადამიანები, პენტაგრამები, სარზე აგებული ცხვრის თავები და 80 ლიტრამდე სისხლი გამოიყენა. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის ბრალდებით პოლონელმა სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, თუმცა, მუსიკოსები დაკავებას გადაურჩნენ.

3. Stalaggh / Gulaggh

ამ ჯგუფის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. მუსიკოსები ანონიმურობას ინარჩუნებენ, არავის აძლევენ ფოტოს გადაღების უფლებას, ჟურნალისტებს კი მათ შესახებ სტატიების გასაფორმებლად ერთ-ერთი ვოკალისტის მიერ თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე დახატულ სურათს სთავაზობენ. ჰოლანდიელი და ბელგიელი არტისტებისგან შემდგარ კოლექტივს თავდაპირველად Stalaggh ეწოდებოდა. შემდეგ სტალინური ბანაკების სახელი Gulaggh დაირქვეს და ალბომი Vorkuta გამოუშვეს, რომლის შესაქმნელადაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მყოფი 30 ბავშვის და ძალადობის მსხვერპლი ქალების ტირილისა და ყვირილის ხმები გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ ბავშვების ჩასაწერად ნებართვის მიღებას ერთი წელი დასჭირდა.

2. Black Sabbath

ლეგენდარული Black Sabbath მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ჯგუფი იყო, რომელმაც მსმენელზე შთაბეჭდილების მოსახდენად ოკულტიზმსა და შავ მაგიას მიმართა. კოლექტივის ჩანაფიქრით, მათი შემოქმედება საშინელებათა ფილმების მუსიკალური ეკვივალენტი უნდა გამხდარიყო. ბენდის ვოკალისტს, ჰევი მეტალის ბნელ პრინც ოზი ოსბორნს კი ისეთი ისტორია უკავშირდება, როგორიცაა კონცერტის დროს ერთ-ერთი მსმენელის მიერ მისთვის ნასროლი მკვდარი ღამურისთვის თავის მოჭმა, რის შემდეგაც მუსიკოსს ცოფის საწინააღმდეგო აცრების გაკეთება მოუწია.

1. Mayhem

ამ ნორვეგიული ბლექ მეტალ ჯგუფის ისტორია თავისუფლად შეიძლება, საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი ყოფილიყო. კოლექტივის ვოკალისტი სახელად Dead კონცერტებზე ღორისა და ცხვრის თავებით ჩნდებოდა და დანითა თუ მინით სხეულზე ღრმა ჭრილობებს იყენებდა. ერთი პერიოდი ბენდის წევრები საცხოვრებლად ტყეში განთავსებულ სახლში გადავიდნენ, სადაც დედმა თავი მოიკლა - ვენები გადაისერა, შემდეგ კი თავში ტყვია დაიხალა. ჯგუფის გიტარისტმა, იერონიმუსმა მის სისხლიან სხეულს ფოტოები გადაუღო, რომელთაგან ერთ-ერთი მუსიკოსებმა საკუთარი ალბომის ყდისთვის გამოიყენეს. იმასაც ამბობდნენ, რომ მან გარდაცვლილი მუსიკოსის ტვინი შეჭამა, თავის ქალის ფრაგმენტები კი პატივისცემის ნიშნად სხვა ბლექ მეტალ არტისტებს გაუგზავნა.

თუმცა, ამით ყველაფერი არ დასრულებულა, 1993 წელს იერონიმუსი ჯგუფის იმდროინდელმა ბასისტმა და პროექტ Burzum-ის დამაარსებელმა, ვარგ ვიკერნესმა მოკლა. სასამართლო ექსპერტებმა მის ცხედარზე დანით მიყენებული 23 ჭრილობა დათვალეს. ამ და სხვა ჩადენილი დანაშაულებისთვის, რომელთა შორის იყო სამი ეკლესიის გადაწვა, მეოთხეში ხანძრის გაჩენის მცდელობა და 150 კგ ასაფეთქებელი ნივთიერების მოპარვა და შენახვა, ვარგს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ვიდეოში კი შეგიძლიათ, ნახოთ, როგორ შეხვდა მუსიკოსი სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებას.

კომენტარები

ბოლოს დამატებული