Thumbnail

დანაშაული ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს და შესაბამისად, არც მუსიკოსების კრიმინალური ისტორიები იქნებოდა განსაკუთრებით საკვირველი, რომ არა ამ კანონდარღვევათა ჩადენის მოტივები და გარემოებები. მარტო ჯგუფის Coheed and Cambria ბასისტის, მაიკ ტოდის ამბავი რად ღირს, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს აფთიაქში შეისეირნა, გამყიდველს ტელეფონის ეკრანზე აკრეფილი ტექსტი აჩვენა - "ოქსიკოდონს თუ არ მომცემ, ბომბს ავაფეთქებ", ტკივილგამაყუჩებლის ექვსი შეკვრა ჯიბეში კმაყოფილი სახით ჩაილაგა და ტაქსით კონცერტზე დასაკრავად გაეშურა. 

ჩვენს დღევანდელ სტატიაში სწორედ მუსიკოსების მიერ ჩადენილ შვიდ უცნაურ დანაშაულზე მოგითხრობთ. 

7. ბარი უაითი

ორი გრემის მფლობელმა სოულისა და რიტმ-ენ-ბლუზის ვარსკვლავმა, ბარი უაითმა 17 წლის ასაკში "კადილაკის" 30 ათასი დოლარის ღირებულების საბურავები მოიპარა, რის გამოც 4 თვით გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. სწორედ ციხეში მოისმინა ბარიმ ელვის პრესლის კომპოზიცია Now or Never, რის შემდეგაც გადაწყვიტა, მომღერალი გამხდარიყო. 

6. ჯონი კეში

1965 წელს ლოს პადრეს ეროვნულ პარკში მყოფი ჯონი კეშის მანქანას, მისივე გაუფრთხილებლობით, ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ორ კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტყის მასივი დაიწვა, რასაც, თავის მხრივ, 49 საბრალო კონდორი შეეწირა. კეში არ დაუჭერიათ, თუმცა, მუსიკოსს ჯარიმის სახით 82 ათასი დოლარის გადახდა მოუწია. 

5. ოზი ოსბორნი

1982 წელს სან ანტონიოში ჩატარებული კონცერტის შემდეგ ოზი ოსბორნმა ცოლის კაბა ჩაიცვა, ქუჩაში გავიდა და ალამოს ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისთვის მიძღვნილ მემორიალს მიაფსა. მუსიკოსის მიერ ადგილის მონიშვნის მცდელობა ადგილობრივებმა მტრულად აღიქვეს. ოზი პოლიციელებმა დააკავეს და ქალაქში ჩასვლა 10 წლით აუკრძალეს.  

4. Sex Pistols

1977 წელს, დიდი ბრიტანეთის დედოფლის დაბადების დღეზე, ლეგენდარულმა პანკ კოლექტივმა გემი Queen Elizabeth დაიქირავა და მდინარე ტემზაზე, ვესტმინსტერის სასახლესთან ახლოს, კონცერტის ჩატარება სცადა. თუმცა, ცოტა ხანში ადგილზე პოლიცია გამოჩნდა და მუსიკოსები დააკავა, რამაც ჯგუფიც და მათი ახლად გამოსული სინგლიც God Save The Queen საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოაქცია.

3. ჯიმ მორისონი

The Doors-ის ფრონტმენი 1969 წელს მაიამიში ჩატარებულ კონცერტზე საჯარო სივრცეში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის, უცენზურო ლექსიკის გამოყენების, მაყურებლებისთვის გენიტალიების დემონსტრირებისა და ჯგუფის გიტარისტ რობი კრიგერთან ორალური სექსის იმიტაციის გამო დააკავეს. მუსიკოსს 500 დოლარი ჯარიმა და ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, ჯიმი განაჩენის ძალაში შესვლამდე გარდაიცვალა.

2. ჩაკ ბერი

1990 წელს როკ-ენ-როლის მამას რამდენიმე ქალმა მისივე კუთვნილი რესტორნის საპირფარეშოში ფარული გადაღების გამო უჩივლა. ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მუსიკოსი შეთქმულების მსხვერპლი გახდა, თუმცა, ბერის სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ვიდეოკასეტები ამოიღო, რომლებიც მის ბრალეულობას ადასტურებდა. საბოლოოდ სასამართლომ ჩაკს ექვსთვიანი პირობითი პატიმრობა და 5 ათასი დოლარის ქველმოქმედებაში დახარჯვა მიუსაჯა.  

1. ბოი ჯორჯი

2008 წელს The Culture Club-ის ფრონტმენმა სურათების გადასაღებად სახლში ნორვეგიელი მოდელი აუდენ კარლსენი დაპატიჟა. თუმცა, ფოტოსესიის ნაცვლად, მუსიკოსმა სტუმარს ბორკილები დაადო და კედელს მიაჯაჭვა. შემდეგ მათრახი მოიმარჯვა და განუცხადა, ახლა იმას მიიღებ, რასაც იმსახურებო. საბედნიეროდ, კარლსენმა თავის გათავისუფლება და გაქცევა მოახერხა, სასამართლომ კი ბოი ჯორჯს სასჯელის სახით 15 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული