Thumbnail

მუსიკის ინდუსტრია ორიგინალური იდეებით ყოველთვის გამოირჩეოდა. ალბომის ექსტრავაგანტული ყდები, არაორდინარული ინსტრუმენტები თუ გამაოგნებელი მარკეტინგული სვლები არტისტებსა და მათ პროდიუსერებს ყურადღების მისაპყრობად არაერთხელ გამოუყენებიათ. 

დღევანდელ სტატიაში კი იმ ათ უჩვეულო ადგილს წარმოგიდგენთ, სადაც მუსიკოსებს კონცერტები გაუმართავთ. 

10. Metallica (ანტარქტიდა)

2013 წლის 8 დეკემბერს "მეტალიკა" მუსიკის ისტორიაში პირველი ჯგუფი გახდა, რომელმაც ერთი კალენდარული წლის განმავლობაში კონცერტი დედამიწის ყველა კონტინენტზე ჩაატარა. Freeze ‘Em All - სწორედ ასე ეწოდება კოლექტივის მიერ ანტარქტიდაზე, კარლინის სამეცნიერო სადგურის ტერიტორიაზე 120 მსმენელისთვის გამართული ლაივის ჩანაწერს.

9. The Defiled (აისბერგი)

ბრიტანულ ინდასტრიალ მეტალ ბენდს The Defiled თაყვანისმცემელთა წინაშე ყველა კონტინენტზე არ დაუკრავს, თუმცა, მათ მიერ 2014 წელს გრენლანდიის ზღვაში მოდრეიფე აისბერგზე ჩატარებული კონცერტის კადრები ნამდვილად ძალზე შთამბეჭდავია.

8. Arcade Fire (სკოლის სასადილო)

2007 წლის 19 იანვარს კანადის დედაქალაქ ოტავაში მდებარე კენტერბერის სკოლა, რომელშიც ოდესღაც Arcade Fire-ის წევრი რიჩარდ პერი დადიოდა, მოულოდნელად მსოფლიოში ყველაზე მაგარ სასწავლებლად იქცა. შესვენებისას მოსწავლეებს სასადილოში გრემის მფლობელი ბენდი დახვდათ. 

7. Pink Floyd (პომპეის ამფითეატრი)

1971 წელს ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Pink Floyd კონცერტი ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლში ჩამარხული ანტიკური ქალაქის, პომპეის ამფითეატრში ჩაატარა. ამ არაჩვეულებრივ ლაივს დიდი აუდიტორია არ ჰყავდა. მას გადამღები ჯგუფი და ტექნიკური პერსონალის წევრები ესწრებოდნენ. 

6. ჯონი კეში (სან კვენტინის ციხე) 

ამერიკელი მომღერლის, ჯონი კეშის ეს ლაივი 1968 წელს სან კვენტინის საპყრობილეშია გადაღებული. სიმღერის დაწყებამდე მუსიკოსი ბადრაგს ჭიქა წყალს სთხოვს, შემდეგ კი ციხის კედლებს დალპობასა და ჩამოშლას უსურვებს. გასაკვირი არაა, რომ მის ამ ნატვრას პატიმრები ოვაციებით ხვდებიან.

5. Einstürzende Neubauten (ნაცისტური სააღლუმო კომპლექსი)

ლეგენდარულმა გერმანულმა ინდასტრიალ კოლექტივმა 1986 წელს კონცერტი სწორედ იქ გამართა, სადაც გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის გასამხედროებული შენაერთები ადოლფ ჰიტლერის წინაშე საზეიმო მუსიკის ფონზე მარშირებდნენ. 

4. The Cramps (ფსიქიატრიული კლინიკა)

"მე მითხრეს, რომ თქვენ შეშლილები ხართ, თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ", - ასე მიმართა Lux Interior-ის ფსევდონიმით ცნობილმა მუსიკოსმა პაციენტებს. დანარჩენი კი ერთი უცნაური, გიჟური კონცერტის ისტორიაა, რომელიც 1978 წლის 13 ივნისს ამერიკულმა პანკ ჯგუფმა The Cramps კალიფორნიის შტატის ქალაქ ნაპაში მდებარე ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩაატარა.

3. კიმ უაილდი (თვითმფრინავი)

ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა გამართული კონცერტის რეკორდი პოპ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას, კიმ უაილდს ეკუთვნის. ოთხმოციანების ვარსკვლავმა 2013 წელს "ბოინგ 767"-ის ბორტზე მყოფი 128 მგზავრის წინაშე 13 ათასი მეტრის სიმაღლეზე იმღერა. 

2. ქეთი მელუა (ნავთობის პლატფორმა)

2006 წლის 2 ოქტომბერს ზღვის დონიდან 303 მეტრის სიღრმეზე გამართული კონცერტით გინესის რეკორდსმენი ქეთი მელუა გახდა. ქართული წარმოშობის ბრიტანელი მუსიკოსი მსმენელთა წინაშე ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე ნორვეგიულ ნავთობის პლატფორმაზე წარდგა. 

1. The Beatles (სახურავი)

სახურავზე სხვადასხვა დროს არაერთ ცნობილ მუსიკოსსა თუ ჯგუფს დაუკრავს, თუმცა, ვერაფერი შეედრება ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის უკანასკნელ კონცერტს, რომელიც 1969 წლის 30 იანვარს ლონდონში, სევილ როუს 3 ნომერში მდებარე შენობის თავზე გაიმართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული