Thumbnail

7 მუსიკოსი, რომელიც ცხოველთა უფლებებს იცავს

ანკა მებონია პროფილის ფოტო
ანკა მებონია

ჩვენს დღევანდელ სტატიაში შვიდ ცნობილ მუსიკოსს წარმოგიდგენთ, რომელიც ცხოველთა უფლებებს იცავს და აქტიურად იბრძვის ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. 

7. სია

2017 წელს ავსტრალიელმა პოპვარსკვლავმა სიამ ქანიე ვესთს საჯაროდ უსაყვედურა ტანსაცმლის ახალ ხაზში ცხოველების ბეწვის გამოყენების გამო. მუსიკოსმა ასევე ქანიეს ცოლი, კიმ კარდაშიანიც გააკრიტიკა. საკუთარი სიტყვების გასამყარებლად კი ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტებს ეს შემზარავი ვიდეოც დაურთო. 

6. მობი

ამერიკელი მუსიკოსი ცხოველთა უფლებების ცნობილი დამცველია. მის სიმღერებსა და მათზე გადაღებულ ვიდეოკლიპებში ეს თემა მუდმივად აქტუალურია. მობის 1996 წლის ალბომსაც Animal Rights - "ცხოველთა უფლებები" ჰქვია. არტისტის ტვიტერიდან კი ვიგებთ, რომ ის ჯერ კიდევ 1987 წლიდან ვეგანია. 

5. პოლ მაკკარტნი

ლეგენდარული პოლ მაკკარტნი ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, PETA-ს აქტივისტია. სწორედ მას ეკუთვნის ფრაზა: "სასაკლაოებს მინის კედლები რომ ჰქონდეთ, ყველა ადამიანი ვეგეტარიანელი იქნებოდა". ამ ვიდეოში კი The Beatles-ის ყოფილი წევრისა და მისი მეგობრების, დევიდ გილმორის (Pink Floyd) და იან პეისის (Deep Purple) მიერ PETA-ს 1999 წლის ღონისძიებაზე სიმღერის Try Not to Cry შესრულებაა ასახული. 

4. ფინქი

ამერიკელი პოპვარსკვლავი ფინქი გულმხურვალედ იბრძვის ცხოველების დასაცავად და ავტორიტეტებსაც არ უშინდება. მან თამამად გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი, როდესაც ამ უკანასკნელმა მელიებზე ინადირა. "თუ ერთი წამით მაინც უშვებ იმას, რომ ცხოველები მეორეხარისხოვანი არსებები არიან და მათი მოკვლით გართობა შეიძლება, ესე იგი, განათლება გჭირდება", - მიმართა მას მუსიკოსმა. 2015 წელს კი ფინქი იმ ცნობილ ადამიანებს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ურჩევნიათ, იყვნენ შიშვლები, ვიდრე ცხოველის ბეწვით შეიმოსონ.

3. კეშა

პოპულარული ამერიკელი შემსრულებელი კეშა ორგანიზაცია Humane Society International-ის ელჩია ცხოველთა უფლებების დაცვის საკითხებში და მისთვის ეს მხოლოდ საპატიო წოდება არ არის. 2013 წელს გავრცელებულ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მოუწოდებს მუსიკოსი მოქალაქეებს შეერთებული შტატების კონგრესში დასამტკიცებლად წარმოდგენილი ცხოველთა დაცვისკენ მიმართული კანონების მხარდაჭერისკენ.

2. ბრაიან მეი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის გიტარისტი ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის Save Me დამფუძნებელია, რომელიც ქვეყანაში მელიებზე ნადირობასა და მაჩვების ჭერას აპროტესტებს. ის ასევე პარლამენტის მიერ სპეციალური რეგულაციის მიღებას უჭერს მხარს, რომლითაც ყველა გარეულ ძუძუმწოვარზე ნადირობა უნდა აიკრძალოს. 

1. მორისი

ამ სიიდან ყველაზე რადიკალური მაინც The Smiths-ის ყოფილი ფრონტმენი სტივენ პატრიკ მორისია. ის ჯერ კიდევ ამ ინდი როკ კოლექტივში მოღვაწეობისას აცხადებდა, რომ ხორცი - ეს მკვლელობაა. Meat Is Murder - სწორედ ასე ჰქვია ჯგუფის მეორე სტუდიურ ალბომს. მასვე ეკუთვნის სიტყვები: "ცხოველებისთვის ერთადერთი იდეალური სამყარო არის სამყარო ადამიანების გარეშე". სიმღერა The Bullfighter Dies კი მუსიკოსმა კორიდას მიუძღვნა, ხარებთან ბრძოლას ბარბაროსული სანახაობა უწოდა და მისი აკრძალვა მოითხოვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული