Thumbnail

მუსიკის ისტორიას არაერთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც პოპულარული არტისტები თავიანთ მსმენელთან, ღონისძიების ორგანიზატორებთან ან თუნდაც საკუთარი ჯგუფის წევრებთან ხელჩართულ ჩხუბში ჩართულან. ჩვენს სტატიაში სწორედ კონცერტების დროს მომხდარი ათი ყველაზე შთამბეჭდავი და ხმაურიანი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ მოგითხრობთ. 

10. კურტ კობეინი

ქაოსი და არეულობა ლეგენდარული გრანჟ კოლექტივის, Nirvana-ს გამოსვლების განუყოფელი ნაწილი იყო. გამონაკლისი არც 1991 წელს დალასში გამართული კონცერტი გახდა. კომპოზიციის Love Buzz შესრულებისას, ჯგუფის ფრონტმენი კურტ კობეინი მსმენელებით სავსე დარბაზში გადახტა და სცენაზე მდგარ მონიტორს ფეხი რამდენჯერმე მოარტყა. ძვირადღირებული აპარატურის დაზიანების თავიდან ასაცილებლად დაცვის წევრმა, ტერნერ ვან ბლერკამმა მუსიკოსის დაშოშმინება სცადა, თუმცა, საპასუხოდ თავში კურტის გიტარა მოხვდა. სანამ ბენდის სხვა წევრები სიტუაციას განმუხტავდნენ, დასისხლიანებულმა ტერნერმა კურტს სახეში მუშტი უთავაზა და პანჩურიც ამოარტყა. ინციდენტი ამით არ ამოწურულა. კონცერტის დასრულების შემდეგ, დაცვის გაბრაზებული თანამშრომელი მუსიკოსებს კიდევ ერთხელ ეჩხუბა და მათი კუთვნილი ავტომანქანის მინებიც ჩაამსხვრია.

9. ეისეფ როქი

ნიუ იორკელი რეპერის, ეისეფ როქის კონცერტები დაძაბული ატმოსფეროთი გამოირჩევა. 2012 წელს ტექსასში მომხდარი ინციდენტიც ამის დასტურია. პერფორმანსის დაწყებიდან 15 წუთში ჰიპ ჰოპ გაერთიანება ASAP Mob-ის ერთ-ერთ წევრს დარბაზიდან ნასროლი ლუდის ქილა მოხვდა. ეისეფი დიდხანს ცდილობდა მდგომარეობის განმუხტვას და ყველას დამშვიდებისაკენ მოუწოდებდა. თუმცა, აგრესიული მაყურებლები მანამ არ დაშოშმინდნენ, სანამ მოთმინებადაკარგული მუსიკოსები სცენიდან არ გადახტნენ და მუშტებით არ ეცნენ. რამდენიმეწუთიანი ცემა-ტყეპის შემდეგ, ადგილზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ და საღამო საბოლოოდ ჩაიშალა.

8. ექსლ როუზი

იმ მრავალრიცხოვან კონფლიქტებს შორის, რომლებშიც Guns N' Roses-ის ფრონტმენს, ექსლ როუზს მიუღია მონაწილეობა, რივერპორტის ინციდენტი ცალკე გამოყოფას იმსახურებს. სენტ ლუისში გამართულ კონცერტზე მუსიკოსმა შენიშნა, რომ ერთ-ერთი მსმენელი სურათებს უღებდა. მან დაცვას ამ პიროვნების დარბაზიდან გაძევებისკენ მოუწოდა, თუმცა, როუზის მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა. მაშინ ექსლმა ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო, ხალხში გადახტა და ფოტოგრაფს ფიზიკურად გაუსწორდა. გაშველების შემდეგ, უსაფრთხოების სამსახურით უკმაყოფილო შემსრულებელმა სცენა დემონსტრაციულად დატოვა. კონცერტის ჩაშლით განრისხებულმა მაყურებლებმა კი ქალაქის ქუჩებში არეულობა მოაწყვეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

7. ლეინ სტეილი

კიდევ ერთი ცნობილი გრანჟ ბენდის, Alice in Chains-ის ფრონტმენი ჩვენს სიაში. კოლექტივის მიერ 1993 წელს შვედეთში გამართულ კონცერტზე დამსწრე ერთ-ერთმა პირმა სტეილის მთელი გამოსვლის განმავლობაში ნაცისტული შეძახილებითა და ჟესტებით დაამახსოვრა თავი. ბოლოს მუსიკოსმა ის თავისთან იხმო, სცენაზე ასულს კი სახეში მუშტი უთავაზა და დარბაზში გადააგდო. მარტოხელა ფაშისტის გამოქომაგებით აუდიტორიიდან თავი არავის შეუწუხებია და ინციდენტიც იქვე ამოიწურა.

6. ტეკაში სიქსნაინი

თითქმის დაუჯერებელია, მაგრამ ისტორიას ფერადთმიანი რეპერის თავს გადამხდარი ისეთი ინციდენტიც ახსოვს, რომელიც თავად მის მიერ არ იყო გამოწვეული. 2018 წელს მოსკოვში ჩატარებულ კონცერტზე ტეკაშის ერთ-ერთი მსმენელი ეცა, რაც ამ უკანასკნელისთვის მთლად კარგად ვერ დასრულდა. არტისტი დაცვასა და თანმხლებ პირებთან ერთად მას წიხლებით შესდგა (ამ ფრაზის პირდაპირი მნიშვნელობით) და სასტიკად სცემა. მოგვიანებით, სიქსნაინმა ინსტაგრამზე განთავსებულ ვიდეოში განაცხადა, რომ პროვოკატორმა საკადრისი პასუხი მიიღო და ის საკუთარ საქციელს არ ნანობდა.

5. იენ ბრაუნი

ბრიტანული როკ ჯგუფის, The Stone Roses-ის ვოკალისტი იენ ბრაუნი 2005 წელს სან ფრანცისკოში გამოსვლისას აპარატურის ხარისხით იმდენად უკმაყოფილო დარჩა, რომ მესამე კომპოზიციის შესრულების შემდეგ კონცერტი შეწყვიტა. ამან ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ისე გააღიზიანა, რომ ის ბრაუნს მუშტებით ეცა. არტისტს საკუთარი ბენდის წევრები გამოექომაგნენ და ჩხუბისთავს უმოწყალოდ გაუსწორდნენ. დაძაბულობის განმუხტვის შემდეგ, მუსიკოსებმა პერფორმანსი ბოლომდე მიიყვანეს. იენი პოლიციამ იმავე საღამოს სასტუმროს ნომერში დააკავა, თუმცა, შემსრულებელი მალევე გაათავისუფლეს. 

4. ჰენრი როლინსი

ჰენრი როლინსთან დაპირისპირებას მხოლოდ თავზეხელაღებული ადამიანი თუ გაბედავდა. საკულტო ამერიკული ჰარდკორ ბენდის, Black Flag-ის ვოკალისტმა სისტემის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლასთან ერთად, ათლეტური აღნაგობითა და შთამბეჭდავი ფიზიკური ძალითაც გაითქვა სახელი. ერთ-ერთი კონცერტის დროს, წინა რიგებში მყოფი მსმენელი როლინსს ხუმრობით მანამ ურტყამდა, სანამ მუსიკოსისგან საპასუხო მუშტი არ მიიღო. საბედნიეროდ, აბეზარი თაყვანისმცემელი სერიოზული დაზიანებების გარეშე გადარჩა. თუმცა, ამ ფაქტზე გაცილებით საინტერესო ისაა, რომ ინციდენტის განმავლობაში არც მას და არც ჰენრის სახიდან ღიმილი არ მოშორებიათ - ასეთ სცენას მხოლოდ პანკ კონცერტზე თუ შეხვდებით.

3. სნუპ დოგი

2005 წელს სიეტლში გამართულ კონცერტზე ვინმე რიჩარდ მონროს მოეჩვენა, რომ სნუპ დოგმა თავისთან იხმო. გახარებულმა მსმენელმა საკუთარ კერპთან მიახლოება სცადა, თუმცა, მას დაცვა და სცენაზე მყოფი სხვა რეპერები ეცნენ და გემრიელად მიბეგვეს. გაუგებრობის მსხვერპლად ქცეულმა მონრომ ლეგენდარულ ჰიპ ჰოპ არტისტს უჩივლა და ზარალის ასანაზღაურებლად 22 მილიონი დოლარი მოსთხოვა. ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ სნუპი არეულობას დროულად გაერიდა და ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია. ამიტომაც სასამართლომ რიჩარდისთვის 449,400 დოლარის გადახდა ლეიბლ Doggystyle Records-სა და დუეტ Dogg Pound-ის წევრებს დააკისრა.

2. სიდ ვიშეზი

სან ანტონიოში მდებარე კლუბი Randy's Rodeo ქანთრი მუსიკის მოყვარულებისთვის გართობის უცვლელ ადგილს წარმოადგენდა. 1978 წლის იანვარში დაწესებულების მესვეურებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ მათი კლიენტები პანკების ხილვით აღფრთოვანდებოდნენ და დასაკრავად ლეგენდარული Sex Pistols მიიწვიეს. კონცერტი ზუსტად ისე წარიმართა, როგორც მოსალოდნელი იყო. ბენდის ფრონტმენი ჯონი როტენი აუდიტორიას უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, საპასუხოდ კი არანაკლებ ომახიან გინებასა და ლუდის ქილების წვიმას იღებდა. საღამოს კულმინაცია მაშინ დადგა, როდესაც ერთ-ერთი მსმენელი სიდ ვიშეზს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. ბასისტმა ინსტრუმენტი მოიმარჯვა და მას ისეთი ძალით ჩასცხო, რომ დარტყმის ხმა სრული ქაოსის ამსახველ ვიდეოშიც კი საკმაოდ გარკვევით ისმის.

1. The Brian Jonestown Massacre

ჯგუფის The Brian Jonestown Massacre ფრონტმენი, ენტონ ნიუკამბი ისეთი არტისტების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც საოცარ ნიჭთან ერთად, არაფრისგან კონფლიქტის შექმნის უნარითაც გამოირჩევიან. 1996 წელს ის და მისი ბენდი ლოს ანჯელესში დასაკრავად ლეიბლ Elektra Records-ის წარმომადგენლებმა მიიწვიეს, რომლებიც მუსიკოსებისთვის საკმაოდ სარფიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებდნენ. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ცოტა ხანში გვარიანად ნასვამი ენტონის გამაღიზიანებელი ქცევების გამო სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ კოლექტივის წევრები ერთმანეთს მუშტებით დაერივნენ და მათი გამოსვლა ჩაიშალა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული